Accessibility links

logo-print

რატომ ტოვებენ საქართველოს უცხოელები?


სოზარ სუბელიანი კორუფცია და სრული დაუცველობა: ეს არის უმთავრესი მიზეზები, რომელთა გამოც ინვესტორები, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები და, უბრალოდ, უცხოელი მოქალაქეები ჩვენს ქვეყანას ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ.

ინვესტორებმა საქართველოს დატოვება ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყეს, რადგან, მათი აზრით, აქ ლეგალური ბიზნესის წარმოება შეუძლებელია. წელს მათ ჰუმანიტარული ორგანიზაციებიც შეუერთდნენ. ყველაზე ხმაურიანი გამოდგა საქართველოდან წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის წასვლა, რასაც მის მიერ დაფინანსებული პროგრამების შეჩერებაც მოჰყვა. ორგანიზაციის 80-წლიან ისტორიაში ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა წითელმა ჯვარმა ამგვარი დემარში გააკეთა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის უკმაყოფილების მიზეზი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში გამეფებული კორუფცია და მისი პრეზიდენტის, ნოდარ ცქიტიშვილის მოღვაწეობაა. მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 27 სექტემბერს ცქიტიშვილი მეოთხედ აირჩიეს საზოგადოების პრეზიდენტად, საქართველოს წითელი ჯვარი გაიხლიჩა ორ ნაწილად, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთობებს, ერთი მხრივ, სასამართლოში არკვევენ, მეორე მხრივ კი, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ახალ-ახალ არჩევნებს ატარებენ.

ცქიტიშვილისადმი ოპოზიციურად განწყობილმა ნაწილმა 9 ნოემბრის არჩევნებზე პრეზიდიუმი და ვიცე-პრეზიდენტი აირჩია, პრეზიდენტის არჩევისგან კი, დელეგატების სიმცირის გამო, თავი შეიკავა. ახლად არჩეული ვიცეპრეზიდენტის, ვასილ ბარნოვის თქმით, დელეგატების სიმცირე ხელოვნური დაბრკოლებებით იყო გამოწვეული:

[ვასილ ბარნოვის ხმა] “მე მინდა იცოდეს ყველამ, რომ 9 რიცხვში, როდესაც მოდიოდნენ დელეგატები, ქალაქის ყველა შემოსასვლელი იყო გადაკეტილი პოლიციის მიერ. ვისი განკარგულებით ხდებოდა ეს, არ ვიცით, მაგრამ ამასაც დავადგენთ. ჩვენ გვყავს მოწმეები, როგორ აჩერებდნენ ავტობუსებს, მიკროავტობუსებს, სადაც იჯდნენ დელეგატები, რომლებიც უნდა მობრძანებულიყვნენ ყრილობაზე. აი, ასეთი მეთოდები უნდოდათ მათ, რომ არ შემდგარიყო ქვორუმი”.

საზოგადოების პრეზიდიუმის წევრის, გურამ საღარაძის თქმით, საერთაშორისო ფედერაცია წერილით იტყობინება, რომ მომავალ წელს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარება ჩვენს მეზობლებზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე გადანაწილდა:

[გურამ საღარაძის ხმა] “გეუბნება, რომ ის გარკვეული თანხები კავკასიის რეგიონში გადავუნაწილეთ სომხეთს და აზერბაიჯანს და თქვენ არაფერი გერგოთ ამ კონფლიქტური სიტუაციის გამო. და რამდენად პარადოქსია, როცა გეუბნება, რომ ავღანეთი საომარ მდგომარეობაშია, უმძიმეს მდგომარეობაში და წითელ ჯვარს თავისი მისია იქ არ შეუწყვეტია. აქვე არის კამბოჯა; იყო ურთულესი მდგომარეობა, მაგრამ არც იქ შეუწყვეტიათ, იმიტომ, რომ ისეთი ნეგატიური და მძიმე სიტუაცია, როგორიც აქ არის, არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა და ასეთი პრეცედენტიც არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა”.

ლაპარაკია 5 მილიონი შვეიცარიული ფრანკის ჰუმანიტარულ დახმარებაზე, რომელიც საქართველოს 2002 წელს უნდა მიეღო, ფედერაციის 2003 წლის ბიუჯეტში კი, პრეზიდიუმის წევრის, მანანა ჩქარეულის თქმით, საქართველო საერთოდ ვერ მოხვდა:

[მანანა ჩქარეულის ხმა] “2002 და 2003 წელს საქართველოს უწერია ნოლი, დიდი ნოლი. შეიძლება კონფლიქტური უთანხმოების გამო საქართველომ და ამ გაჭირვებულმა ხალხმა ტვირთი დაკარგოს? და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?”

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ამჟამად 38 ათასამდე მარტოხელა და 12 ათასი უმწეო ადამიანია, რომელთა არსებობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჰუმანიტარულ დახმარებაზე. ბარნოვი იმედოვნებს, რომ 14 დეკემბერს ახალი არჩევნები ჩატარდება, რის შემდეგაც, მისი თქმით, შეიძლება ჰუმანიტარული დახმარებაც განახლდეს:

[ვასილ ბარნოვის ხმა] “ჩვენ 14-ში, პარასკევს გვაქვს ყრილობა დანიშნული და იმედი გვაქვს, რომ იქ იქნება ყველა დელეგატი და ყველა გამოხატავს თავის აზრს. საერთაშორისო ფედერაციამ ჩვენი ტვირთი გადაანაწილა სომხეთსა და აზერბაიჯანზე და 20 რიცხვს ელოდებიან საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაერკვეს ის ხალხიც. დაიბნენ უკვე. უნდა დალაგდეს სიტუაცია, არ შეიძლება ასე გაგრძელდეს. ჩვენ გვაქვს წერილები ამერიკის მთავრობის, ამერიკიდან რამდენიმე სერიოზული ორგანიზაციის, სადღაც 15 მილიონი დოლარის დახმარებას გვპირდებიან ამ წელიწადს, თუ დალაგდება სიტუაცია”.
XS
SM
MD
LG