Accessibility links

logo-print

“ალ ყაიდის” მეომრები თავიანთ პირობს აყენებენ


იცით, რომ ამერიკის ავიაციის მიერ ავღანეთის აღმოსავლეთში მდებარე მთიანი მასივის და მღვიმეებით დაქსელილი თორა ბორის არეალის დაბომბვას იქ გამაგრებული რაზმების მოლაპარაკება მოჰყვა თალიბანის მოწინააღმდეგე შენაერთების მეთაურებთან.

“ალ ყაიდას”, რომელსაც მეთაურობს ოსამა ბინ ლადენი (სავარაუდოდ, ისიც მთებს აფარებს თავს) ულტიმატუმი წაუყენეს, რომ იარაღი უნდა დაეყარა, თორემ დაბობვა განახლდებოდა. “ალ ყაიდამ” იარაღი არ დაყარა, არ დანებდა მტერს და შესაბამისმა რეაქციამ არ დააყოვნა: შეერთებული შტატების B 52-ის ტიპის ბომბდამშენებმა რაკეტები დაუშინეს თორა ბორას, ისეთი ინტენსიურობით, რომ, თვითმხილველთა თანახმად, აფეთქების ხმა 40კილომეტრით დაშორებულ ჯალალაბადშიც ისმოდა.

დაბომბვის მიუხედავად, “ალ ყაიდა” განაგრძობს მოლაპარაკებას ადგილობრივი პუშტუნების თემის შეირაღებული რაზმის მეთაურებთან. ბინ ლადენის მომხრეებმა (მათი რიცხვი ათასამდე უნდა იყოს) თავიანთი პირობები წამოაყენეს. პირველი ის არის, რომ დანებების შემთხვევაში, მათ სურთ ჩაბარდნენ მხოლოდ გაეროს. ამასთან, მათ იარაღის დაყრის მომენტში, მოწმედ, თავიანთი ქვეყნების დიპლომატების იქ ყოფნა სურთ.

დანებების მსურველთა მიზანი გასაგებია. თალიბების ჯარის ნაწილი ყუნდუზის დაცემის შემდეგ ასევე მოითხოვდა გაეროსთვის ჩაბარებას. მალევე, ტყვეები, რამდენიმე ასეული კაცი, ჩახოცეს, მათი ამბოხის შემდეგ. კრიტიკაც კი გაისმა ამ, მართალია, ტერორისტების, მაგრამ მაინც ტყვეების მიმართ მოწყობილი აქციის თაობაზე, მაგრამ ამ ამბავმა უკანა პლანზე გადაინაცვლა თალიბების და “ალ ყაიდის” მიერ ყანდაარის დატოვების შემდეგ და ახლა, თორა ბორის რეგიონში გამაგრებული “ალ ყაიდის” ჯარის განადგურების ოპერაციის გამო.

“ალ ყაიდის”, და არა მხოლოდ მისი, არამედ ტერორიზმის ყოველგვარი წარმონაქმნის განადგურება რომ ვაშინგტონის ახლანდელი პოლიტიკის მიზანია, კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში ჯორჯ ბუშის მრჩეველმა, კონდოლიზა რაისმა:

[რაისის ხმა] “უნდა გვახსოვდეს, რომ “ალ ყაიდა” ერთი კაცი არ არის. “ალ ყაიდა” ხელმძღვანელები არიან, მეთაურები, რომლებიც უნდა განადგურდნენ ისე, რომ სხვაგან აღმოცენება ვეღარ შეძლონ”.

რაისმა ამერიკელებს და მსოფლიოსაც კიდევ ერთხელ შეახსენა: [რაისის ხმა] “ეს ომი ჯერ არ დამთავრებულა, ჩვენ ხანგრძლივი ბრძოლისთვის უნდა გავმაგრდეთ, რადგან ტერორიზმი უნდა ამოვძირკვოთ არა მხოლოდ ავღანეთში, არამედ ყველგან, სადაც მისი ჩანასახი არსებობს.”

მთებში გამაგრებული მეომრებისა და მათი მოწინააღმდეგე ჯარის მეთაურების მოლაპარაკების ფაქტი პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კენტონ კითმაც დაადასტურა, მაგრამ თქვა, რომ დანენება უპირობო უნდა იყოს. მისივე თქმით, “ალ ყაიდა” დანებების პირობებს თავს ვერ მოგვახვევსო.

აქედანაც ჩანს, რომ შეერთებული შტატებისა და ადგილობრივი, თუნდაც თალიბების მოწინააღმდეგე ძალების თვალთახედვა ერთმანეთს არ ემთხვევა. კაცმა ეს შეიძლება “ჩრდილოეთის ალიანსის” წარმომადგენლის, შინაგან საქმეთა მინისტრის, ყანუნის ნათქვამშიც დაინახოს: [ყანუნის ხმა] “მივესალმებით საერთაშორისო სამშვიდობო ჯარის განთავსებას, მაგრამ იმედია, რომ ასეთი ჯარი დიდი ხნით არ დარჩება ავღანეთში. რადგან უშიშროების აქაურ ძალებს შესწევთ უნარი, დაიცვან წესრიგი ქაბულსა და რაიონულ ცენტრებში”.

ბოლოს, აღსანიშნავია, რომ ავღანეთის დროებითი მთავრობის მომავალი ხელმძღვანელი ჰამიდ კარზაი ოთხშაბათს ქაბულში თავისი კაბინეტის მომავალ წევრებსა და “ალიანსის” სხვა ლიდერებს შეხვდა.
XS
SM
MD
LG