Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თერთმეტი სექტემბრის ტერაქტების მსხვერპლთა გახსენება


ანდრო ეული სამი თვე შესრულდა ნიუიორკსა და ვაშინგტონში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმებიდან, რაც სამგლოვიარო ცერემონიალით აღინიშნა არა მარტო შეერთებულ შტატებში, არამედ მსოფლიოს კიდევ ოთხმოც სახელმწიფოშიც.

ცერემონიალზე თეთრ სახლში პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ ამერიკელებს ყოველთვის ემახსოვრებათ 11 სექტემბერი, რომელმაც მათ საკუთარი მოვალეობა შეახსენა და მიიყვანა მტკიცე გადაწყვეტილებამდე ”ბოლო მოუღონ ამ უდიდეს ბოროტებას”.

”ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება, სად ვიყავით 11 სექტემბერს და რა განვიცადეთ მაშინ. გვემახსოვრება დაღუპულები და ჩვენი ვალიც მათ წინაშე. გვემახსოვრება რა დავკარგეთ და რა შევიძინეთ”-განაცხადა ჯორჯ ბუშმა. მისივე თქმით, ამერიკელები არ დაივიწყებენ დაღუპულებს და იმოქმედებენ კიდევაც.

და ამ კონტექსტში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტული კამპანიის წარმატება მოიხსენია: [ჯორჯ ბუშის ხმა] ”ისევე, როგორც ყოველთვის, ჩვენმა მტრებმა ამჯერადაც შეცდომა დაუშვეს. მათ ნახეს თავისუფლება და იფიქრეს, რომ ამაშია ჩვენი სისუსტე. და დღეს ისინი დამარცხებულები არიან”.

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი ასეთივე სამგლოვიარო ცერემონიალზე გამოვიდა სიტყვით იმ ადგილზე, სადაც ტერორისტების მიერ გატაცებული თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დაეჯახა 11 სექტემბერს, რამაც შენობაში მყოფი 184 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ნიუ იორკში სამგლოვიარო მიტინგი მანჰეტენის იმ მოედანზე გაიმართა, სადაც ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის ორი ასათსართულიანი ცათამბრჯენი ნანგრევებად იქცა ტერორისტული თავდასხმის შედეგად. სამგლოვიარო ცერემონიალზე დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად ლოცვა აღავლინეს კათოლიკე მღვდელმა, ებრაელმა რაბინმა და მუსულმანმა იმამმა. მიტინგზე დამსწრე მეხანძრეებმა, პოლიციის ოფიცრებმა და მშენებელმა მუშებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

ასეთივე მიტინგები მსოფლიოს კიდევ 80 სახელმწიფოშიც გაიმართა. ლონდონში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ტონი ბლერი, და იქ სტუმრად მყოფი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ბლერის რეზიდენციის წინ გამართულ სამგლოვიარო ცერემონიალს დაესწრნენ.

ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში, დიპლომატები ამერიკის ელჩის, ტომ შიფერის, რეზიდენციაში შეიკრიბნენ და სიცოცხლის სიმბოლო – მუხის ხე – დარგეს.

კოპენჰაგენში, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პერ სტიგ მოლერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ამერიკის გვერდით იქნება ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ომში.
XS
SM
MD
LG