Accessibility links

logo-print

ინტერესთა კონფლიქტი უმაღლეს ხელისუფლებაში


თამარ ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტში ახალი სკანდალი მწიფდება გენერალური პროკურორის ირგვლივ. ფრაქცია "ახალი მემარჯვენეები" ერთი თვის წინათ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დამტკიცებული ნუგზარ გაბრიჩიძის გადაყენებას მოითხოვენ

რომელმაც თავის პირველ მოადგილედ პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე დანიშნა.

საქართველოში გენერალური პროკურორის თანამდებობის ირგვლივ სკანდალები უკვე ცუდი ტრადიციის ხასიათს იღებს. წელიწადნახევრის წინათ მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა ჯამლეტ ბაბილაშვილმა პარლამენტში წამოწყებულ იმპიჩმენტის პროცესს თანამდებობიდან საკუთარი ნებით წასვლა არჩია-შეგახსენებთ, პარლამენტართა ერთი ჯგუფი ჯამლეტ ბაბილაშვილს კანონის დარღვევით გამოცდაგაუვლელი პროკურორების თანამდებობაზე დანიშვნაში დებდა ბრალს. არანაკლები სკანდალით წავიდა თანამდებობიდან ბაბილაშვილის ადგილზე პარლამენტის მიერ ერთხმად დამტკიცებული გია მეფარიშვილი-ნოემბრის აქციების ფონზე პარლამენტმა ისე აიძულა გია მეფარიშვილი, განეცხადებინა თანამდებობიდან წასვლის შესახებ, რომ მისი მოსმენაც არ მოინდომა.
გია მეფარიშვილის გადაგომის შემდეგ, პრეზიდენტმა პარლამენტს ამ თანამდებობაზე ყოფილი იუსტიციის მინისტრისა და ყოფილი პარლამენტარის როლანდ გილიგაშვილის კანდიდატურა შესთავაზა, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგ არჩევანი შეცვალა-როლანდ გილიგაშვილი ისევ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი გახდა, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კი ნუგზარ გაბრიჩიძის კანდიდატურა წარმოადგინა. პარლამენტის გადაწყვეტილება საკმაოდ ერთსულოვანი გახლდათ-ნუგზარ გაბირიჩიძეს არ გაჭირვებია მხარდაჭერის მოპოვება. უფრო მეტიც, ეს მხარდაჭერა იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ სხდომის წამყვანს გიგი წერეთელს ასეთი რამ ათქმევინა:

[გიგი წერეთელი - ხმა] "ბატონო ნუგზარ, დამშვიდდით. მე მგონი, მხარდაჭერა იქნება, ოღონდ თქვენ ასე არ ინერვიულოთ. ეს რა ვნახე, კაცო..."

დღეს კი ახალი მემარჯვენეები პოლიტიკურ გარიგებაზე ალაპარაკდნენ-დავით გამყრელიძის განცხადებით, ნუგზარ გაბრიჩიძის დანიშვნა გენერალურ პროკურორად გარიგების შედეგია, რომ შემდგომ მას თავის პირველ მოადგილედ სამხედრო პროკურორი, პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე ბადრი ბიწაძე დაენიშნა.

თავის მხრივ, ბადრი ბიწაძე არ თვლის დაწინაურებად სამხედრო პროკურორის თანამდებობიდან გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ გადასვლას და მიანიშნებს, რომ დავით გამყრელიძის განცხადებები პროზაული მიზეზით არის გამოწვეული - თურმე სამხედრო პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხების სადაზღვევო კომპანია "ალდაგისთვის" გადაცემის კანონიერებას იკვლევს. "ალდაგის" აქციების მფლობელი კი, მოგეხსენებათ, დავით გამყრელიძეა.

მთელ ამ ისტორიაში ყველაზე სამწუხარო ის გახლავთ, რომ, ერთის მხრივ,ბადრი ბიწაძის დანიშვნით კანონი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ არ დარღვეულა. მეორე მხრივ კი, ახალი მემარჯვენეები მართლები არიან-თუნდაც პროფესიული თვალსაზრისით, ძნელი გასაგებია, რა დამსახურებებისთვის დააწინაურეს ყოფილი სამხედრო პროკურორი, თუ მან თუნდაც "ალდაგთან" დაკავშირებული საქმე ბოლომდე არ მიიყვანა.
XS
SM
MD
LG