Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნდა დატოვოს თუ არა კოდორის ხეობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძალებმა


საქართველოს არმიის 350-კაციანი შემადგენლობა კოდორის ხეობის მოსახლეობას მას შემდეგ იცავს, რაც კოდორმა აფხაზეთიდან და რუსეთიდან შემოფრენილი სამხედრო ავიაციის საჰაერო დარტყმები განიცადა.

მთელი ამ ხნის მანძილზე აფხაზეთის თვითმარქვია ხელისუფლება, ხეობიდან საქართველოს არმიის ქვეგანაყოფის გაყვანას მთელი კატეგორიულობით მოითხოვდა. მის მოთხოვნას ახლა უკვე საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მითითებაც დაემატა. დიტერ ბოდენი კოდორის ხეობიდან საქართველოს არმიის გამოყვანის მომხრეა.

კოდორის ხეობიდან საქართველოს არმიის ქვეგანაყოფის გაყვანამდე, აფხაზური მხარე ორმხრივი მოლაპარაკების განახლებას არ დათანხმდება. ეს სოხუმის სეპარატისტული რეჟიმის ულტიმატუმია. გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი საქართველოში დიტერ ბოდენიც თვლის, რომ კოდორის ხეობის დაბომბვების მიუხედავად, საქართველოს არმიის 350 კაციანი შენაერთის იქ დარჩენა მიზანშეუწონელია. როგორც ჩანს, ბოდენისთვის კოდორის ხეობის მოსახლეობის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი, ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების განახლებაა, აქედან გამომდინარე, თბილისსა და სოხუმს მან კოდორის ხეობაში არსებული სიტუაციის დაუყოვნებლივ განხილვა მოუწოდა და იმედიც გამოთქვა, რომ მხარეები შეძლებენ იმ სტატუს კვოს აღდგენას, რომელიც კონფლიქტის ზონაში ოქტომბრის მოვლენებამდე არსებობდა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზები მზად არიან ქართულ მხარესთან ერთად კოდორის ხეობაში არსებული მდგომარეობა განიხილონ.

ცნობილია, თუ რა წინადადებებით გამოვა აფხაზთა მხარე. არძინბას თანაშემწის ასტამბურ ტანიას განცხადებით, კოდორის ხეობიდან სამხედრო ნაწილის გაყვანის შემთხვევაში, აფხაზი სეპარატისტები დადებენ პირობას, რომ ამ რეგიონში საკუთარ შეიარაღებულ ფორმირებას არ შეიყვანენ. მისივე თქმით, კოდორიდან საქართველოს სამხედრო ქვეგანაყოფის გაყვანა, გაეროს და რუსეთის სამშვიდობო ძალების დამკვირვებლების კონტროლით უნდა მოხდეს. რის შემდეგაც ხეობის პატრულირება სამხედრო დამკვირვებლებმა უნდა განახორციელონ.

კოდორის ხეობიდან საქართველოს სამხედრო ნაწილის გაყვანის მოთხოვნასთან მიმართებით აფხაზ სეპარატისტთა და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. ამას გარდა, აფხაზური მხარე კატეგორიული წინააღმდეგია როგორც კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო მისიის გაყვანის, ისე საკონტროლო ზონის გაფართოვების და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელიც აცხადებს, რომ თუ აფხაზეთში მოქმედ რუსეთის სამშვიდობო ძალებს მანდატი არ გაუგრძელდება, გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისია აფხაზეთიდან წავა. კიდევ ერთი დეტალი: ბოდენის განცხადებით თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის თაობაზე გაერო შემოგვთავაზებს დებულებებს, რომლებსაც აფხაზთა მხარე არ უარყოფს.

როგორც ვხედავთ, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის და სოხუმის სეპარატისტული რეჟიმის პოზიციები ერთმანეთს ზედმიწევნით ემთხვევა, თუმცა ამ საინტერესო თანხვედრაზე ოფიციალური თბილისი კომენტარს არ აკეთებს. ჯერჯერობით დაზუსტებით არც იმის თქმა შეიძლება, რომ ჩვენი ხელისუფლება ბოდენის კარნახით არ იმოქმედებს და კოდორის ხეობას ბედის ანაბარა არ მიატოვებს:

[გიორგი ბარამიძის ხმა] “იქ თითოეული ოჯახი არის ცალკე მდგომი ციხე-სიმაგრე, არა მარტო იმისთვის, რომ აფხაზეთის ეს ნაწილი შევინარჩუნოთ, იმის გათვალისწინებითაც, რომ კოდორის ხეობა იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი აფხაზეთის დასაბრუნებლად. ჩვენ ვალდებულები ვართ დეტალურად გამოვიძიოთ აფხაზეთში და კოდორის ხეობაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიზეზები, იმისთვის, რომ მომავალში მაინც აღარ განმეორდეს ის, რაც არა მარტო კოდორის ხეობას, მთელ ქვეყანას დაემუქრება.”

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე თვლის, რომ ხეობიდან არმიის ქვეგანაყოფის გამოყვანის შემთხვევაში, კოდორის ხეობის მოსახლეობა აბსოლუტურად დაუცველი დარჩება და მართალიც არის. მართლია, შევარდნაძე და პუტინი შეთანხმდნენ კომისიის შექმნაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიების დაბომბვის ფაქტებს შეისწავლის, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კოდორის ხეობის თავზე აფხაზეთიდან ან რუსეთიდან შემოფრენილი სამხედრო თვითმფრინავები აღარ გამოჩნდება. აქედან გამომდინარე, როგორც კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებული ემზარ კვიციანი აცხადებს, სამხედროთა გაყვანას რეგიონში მცხოვრები 2400 მშვიდობიანი მოსახლე ეწინააღმდეგება. სხვათა შორის, დიტერ ბოდენმა ისიც განაცხადა, რომ ამ მოსახლეობის უსაფრთხოების მიღწევისთვის, სვანებსა და აფხაზებს შორის ჯენლტმენური შეთანხმების გამოყენებაც შეიძლება.
ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება, კოდორის ხეობიდან საქართველოს სამხედრო შენაერთის გაყვანის მოთხოვნასთან დაკავშირებით. განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის მალხაზ კაკაბაძის განცხადებით, თბილისი მზად არის განიხილოს ეს მოთხოვნა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი იქნება კოდორის ხეობის მოსახლეობის უსაფრთხოების მყარი გარანტიები. მისივე თქმით, ასეთი გარანტიების წარმოდგენა არავის და არც გაეროს არ შეუძლია.
XS
SM
MD
LG