Accessibility links

საქართველოს საგადამხდელო ბალანსი მკვეთრად გაუარესდა


ზაზა გაჩეჩილაძე საქართველოს საგარეო სავაჭრო ბალანსი 2001 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუარესდა, რასაც ქვეყნის ეკონომიკურმა პრობლემებმა სერიოზული დაღი დაასვა.

თავის მხრივ საგარეო ვაჭრობაში არსებული უარყოფითი სალდო ეკონომიკურ პროცესებს ბუმერანგივით უბრუნდება უკან.

საქართველო ტრადიციულად იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანა გახლავთ, ყოველ შემთხვევაში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სახელმწიფოში, როგორც წესი, უფრო მეტი პროდუქცია შემოდის, ვიდრე გადის. შესაბამისად, საქართველოში იმპორტის დასაფინანსებლად გაედინება დიდძალი მყარი ვალუტა.

ამასთან, ქვეყანას არ გააჩნია მდიდარი ბუნებრივი რესურსები, რის ხარჯზეც მოახდენდა საგარეო ვაჭრობაში უარყოფითი სალდოს დაბალანსებას, ჯერჯერობით ვერ ვაწარმოებთ მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუანარიან პროდუქციას და შესაბამისად, საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი ტრადიციული გახლავთ ჩვენთვის. თუმცა მიმდინარე წლის განმავლობაში საგარეო სავაჭრო ურთიერთობებში არსებული სიტუაცია მაინც მეტისმეტად შემაშფოთებელი გახდა.

სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, მიმდინარე წლის ათი თვის შედეგებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბალანსის უარყოფითმა სალდომ 318,2 მილიონი დოლარი შეადგინა.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 826,0 მილიონი დოლარია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3,5 პროცენტით მეტია.

იმპორტი 2000 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით 9,1 პროცენტით გაიზარდა და 572,1 მილიონი დოლარი შეადგინა, ექსპორტი კი, 7,3 პროცენტით 253,9 მილიონ დოლარამდე შემცირდა. უარყოფით სალდოს შეუძლებელია არ ემოქმედა მთლიანად ეკონომიკურ გარემოზე, საგადამხდელო ბალანსის დეფიციტით განსაკუთრებით სავალუტო ბაზარი დაზარალდა.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობები 110 ქვეყანასთან აქვს, აქედან 27-თან საგარეო სავაჭრო ბალანსის სალდო დადებითია, ხოლო უმეტესთან, ანუ 83-თან – უარყოფითი.

საგარეო ვაჭრობის დეფიციტის 31,8 პროცენტი დსთ-ის ქვეყნებზე მოდის. ამ ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2001 წლის იანვარ-ოქტომბერში 317,3 მილიონი დოლარი შეადგინა (2000 წლის შესაბამის პერიოდთან 10 პროცენტით მეტი), ანუ მთელი მოცულობის 38,4 პროცენტი, მათ შორის ექსპორტის 42,5 პროცენტი და იმპორტის 36,6 პროცენტი.

სავაჭრო ბრუნვის მიხედვით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების პირველ ათეულში შედიან თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, გერმანია, უკრაინა, თურქმენეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, იტალია, შვეიცარია. მათ წილად მოდის საგარეო ვაჭრობის მთელი მოცულობის 75,5 პროცენტი.

საინტერესოა, რომ საქართველო აქამდე ძირითადად ნედლეულს და ჯართს უწევდა ექსპორტს. წელს ძირითად საექსპორტო საქონელს შორის სასიამოვნო მოულოდნელობაა საფრენი აპარატების გამოჩენა. სხვა მხრივ ექსპორტის სტრუქტურა უცვლელია და იგი შავი ლითონის ჯართით, ღვინით, ფეროშენადნობებით, ელექტროენერგიით, ძვირფასი ლითონების მადნებითა და კონცენტრატებით არის წარმოდგენილი.
XS
SM
MD
LG