Accessibility links

logo-print

ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა


გიორგი კაკაბაძე 11 დეკემბრის საღამოს გადაცემაში ჩვენ გესაუბრეთ ჟენევაში გამართული კონფერენციის შესახებ, რომელიც მიეძღვნა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების გარდამავალი პერიოდის სირთულეებს.

შეგახსენებთ, რომ ჟენევაში მოხსენებით გამოვიდა საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი-საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის დირექტორი ალექსანდრე რონდელი.

დღევანდელ გადაცემაში შევეხებით კონფერენციაზე გაშუქებულ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა.

ჟენევის კონფერენციაზე გარკვეული დრო დაეთმო საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის პრობლემატიკას და ამერიკისა და რუსეთის დაახლოებას ამ სფეროში. ალექსანდრე რონდელი აღნიშნავს, რომ ამ საკითხების გარშემო იმართებოდა გულახდილი საუბრები და იგრძნობოდა ჭეშმარიტების ძიების სურვილი.[რონდელის ხმა]"მე ვიტყოდი, რომ შეფასებები იყო ძალიან საყურადღებო იმიტომ, რომ ყველა ცდილობდა, რომ დაენახა, აი, ეს 10 წელი გავიდა და შემდეგი 10 წელი როგორი იქნება, აი, ეს ტერორიზმთან ბრძოლა, საერთაშორისო ბრძოლა და რუსეთ-ამერიკის ახლანდელი დაახლოება-ეს, ვთქვათ, შეცვლის ურთიერთობებს,პრობლემატიკას შეცვლის თუ არა? უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი ექსპერტი ამბობდა, რომ ძალიან შეცვლის, ზოგიერთი ამბობდა, რომ ბევრი არაფერი შეიცვლება, დარჩება ისე, როგორც არის."

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისადმი მიძღვნილი მოხსენებით გამოვიდა კონფერენციაზე შვედი მკვლევარი, რომელიც სწორედ ამ თემაზე ამზადებს დისერტაციას ინგლისის კენტის უნივერსიტეტში. ალექსანდრე რონდელის შეფასებით, მოხსენება ძალიან საინტერესო იყო. თუმცა ქართველმა ექსპერტმა გამოთქვა რამდენიმე შენიშვნა, რადგან მომხსენებელს მკაფიოდ არ ჰქონდა წარმოდგენილი რუსეთის პოლიტიკის ზოგიერთი უარყოფითი ასპექტი საქართველოსთან დამოკიდებულებაში.

საინტერესოა, რომ კავკასიასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა მოხსენებას თუ საუბარს მოყვებოდა აზრთა გაცვლა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ.[რონდელის ხმა]"და უნდა გითხრათ, რომ მე თითქმის არ მომიწია საქართველოს დაცვა იმიტომ, რომ სხვები აკეთებდნენ ამას.იქ რამდენჯერმე გაისმა, ვთქვათ, ასეთი კრიტიკული შეფასებები საქართველოს მიმართ და სანამ დავასწრებდი, ვთქვათ, ადგა ერთი ფრანგი პროფესორი, ადგა ერთი შვეიცარიელი პროფესორი, ადგნენ დიპლომატები, აზერბაიჯანელი, თურქი და ისეთი პასუხი გასცეს და ისე შეაფასეს ყველაფერი, რომ ჩემი გამოსვლა ზედმეტი იქნებოდა."

ჩემი თანამოსაუბრე ამასთანავე აცხადებს, რომ, საზოგადოდ, საქართველო მიესალმება რუსეთში მიმდინარე დადებით მოვლენებს, რუსეთისა და ამერიკის კარგ ურთიერთობას და რომ განვითარების სწორი გზით მიმავალი რუსეთი მნიშვნელოვანი და სასარგებლო პარტნიორია საქართველოსათვის დღევანდელ ვითარებაშიც და პერსპექტივაშიც.

თუმცა, ალექსანდრე რონდელი შენიშნავს, რომ, ერთი შეხედვით, რუსეთი იზიარებს დასავლურ ფასეულობებს და აღიარებს საერთაშორისო ნორმებს, მაგრამ ხშირად არ ავლენს კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, როცა ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით ბომბავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას.

ამიტომ ჩნდება დიდი ეჭვი, რომ რუსეთი კვლავ ძალისმიერ მეთოდებს ანიჭებს უპირატესობას საქართველოსთან ურთიერთობაში-დასძენს საგარეო პოლიტიკის ექსპერტი.
XS
SM
MD
LG