Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო კანცელარია პრეზიდენტის ანტიკორუფციულ დავალებას ვერ ასრულებს


საქართველოს პრეზიდენტის ივლისის ანტიკორუფციული განკარგულების თანახმად, სამინისტროებისა და უწყებების უმრავლესობას შესრულებული დავალებები 1 ოქტომბრამდე უნდა წარმოედგინათ.

თუმცა, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ჩატარებული ანალიზი ცხადყოფს, რომ დადგენილ ვადებში ვერც ერთი ადრესატი ვერ ჩაეტია. გამოდის, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავის ხელქვეითებს ან არარეალურ ამოცანებს აძლევს, ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში პრეზიდენტის განკარგულებათა იგნორირება ჩვეულებრივ მოვლენად არის ქცეული.

ევროკომისიის ერთ-ერთი პროგრამის ხელმძღვანელის, გიუნტერ ბოიხელის საზარელ მკვლელობას თბილისის ცენტრალურ ქუჩებში პოლიციის მიერ ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების გააქტიურება მოჰყვა. ერთ-ერთი მათგანი სახელმწიფონომრიანი მანქანების დაუმორჩილებელ და დამრღვევ მძღოლთა გამოვლენას ისახავდა მიზნად. რეიდების შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევთა შორის ჭარბობდნენ მძღოლები, რომლებიც პრივილეგირებულ AAA, POL, PAL სერიის სამთავრობო მანქანებს მართავენ. და ეს იმ დროს, როდესაც თავად პოლიციელებიც არ გამორიცხავენ, რომ რეიდის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. პრივილეგირებული სანომრე ნიშნების გაუქმება, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილი ანტიკორუფციული ბიუროს ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაცია გახლდათ. პრობლემას სიმძაფრეს ჰმატებდა უკონტროლო სიტუაცია ამ ნომრების გაცემაში, რის გამოც პრივილეგირებული ნომრებიც ყიდვა-გაყიდვის საგნად იქცა.

პრეზიდენტის 2001 წლის 27 ივლისის განკარგულებით, ამის თაობაზე წინადადებები სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურს ჯერ კიდევ 1 ოქტომბერს უნდა წარმოედგინა. დავალება კი იმაში მდგომარეობდა, რომ უნდა გაუქმებულიყო “პრივილეგირებული” ნომრები და ხელისუფლების სამივე შტოსთვის უნდა მომხდარიყო უნიფიცირებული AAA სერიის სანომრე ნიშნების შემოღება, პირველ ეტაპზე 250 ერთეულის ოდენობით. მაგრამ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარის მიკა გოგიაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და “ანტიკორუფციონელთა” მიერ უზრუნველყოფის სამსახურის საქმიანობა უარყოფითად შეფასდა. [მიკა გოგიაშვილის ხმა] ”ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ არაქმედითუნარიანობა გამოჩნდა სახელმწიფო მოხელეების. ჩვენმა თანამშრომლებმა და არასამთავრობოებმა ერთობლივად გააკეთეს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში, დარწმუნებული ვარ, გამოვა უკვე და პრობლემა, რომელსაც ქმნიან პრივილეგირებულნომრიანი მანქანები, ქალაქში აღარ იარსებებს”

საერთოდ, პრეზიდენტის ანტიკორუფციულ დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო სურათი იხატება. სხვა უწყებებზე რომ არაფერი ვთქვათ, პრეზიდენტის ანტიკორუფციული დავალება შეუსრულებელი დარჩა სახელმწიფო კანცელარიას, რომელსაც ხელისუფლების შესახებ კანონის თანახმად, პირველ ყოვლისა, სწორედ პრეზიდენტის ბრძანებულებათა შესრულების კონტროლი ევალება. ამასთან, დავალება, რომელიც კანცელარიას მიეცა, შესაძლოა მცირე, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანი გახლავთ კორუფციასთან ბრძოლის კონტექსტში: [მიკა გოგიაშვილის ხმა] ”მათ შორის, აქ არის ძალიან რევოლუციური ნორმები, მათ განკარგვაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებული ნორმები, სახელმწიფო მოხელეების. აქ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნორმები, რომლებიც მათ პასუხისმგებლობას წარმოშობს: რისი უფლებები გააჩნია მას, რისი უფლებები გააჩნია მოსახლეობას.”

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მცდელობის მიუხედავად, სახელმწიფო კანცელარიაში ძნელი აღმოჩნდა იმ პასუხისმგებელი პირის მოძებნა, ვინც განგვიმარტავდა, თუ რატომ არ შესრულდა პრეზიდენტის განკარგულება. როგორც ჩანს, კანცელარიის საჯარო მოხელეებს ქცევის კოდექსი მეტად თავისებურად ესმით. ასეთი კოდექსი მათთვის ნაკლებ პასუხისმგებლობასა და ბრძანებების შეუსრულებლობაში მდგომარეობს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG