Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ავღანეთს დახმარებას ჰპირდება


ოთხშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა პირობა დადო, რომ ვაშინგტონი ხელს შეუწყობს ომით გაჩანაგებული ქვეყნის აღორძინებას.

ამ სიტყვების დასტურად მან ხელი მოაწერა ე.წ. ”ავღანელი ქალებისა და ბავშვების დახმარების აქტს” – კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ჯანდაცვისა და განათლების სისტემათა გაუმჯობესებას, აგრეთვე ლტოლვილების დახმარებას ავღანეთის მეზობელ ქვეყნებში.

პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებულმა ორმა დეტალმა იმთავითვე ცხადი გახადა გამოსვლის მთავარი თემა: ჯერ ერთი, ცერემონიისთვის შერჩეული ადგილი იყო ვაშინგტონში მდებარე ”ხელოვან ქალთა ეროვნული მუზეუმი”. და მეორე: შეერთებული შტატების პრეზიდენტს თან ახლდა ლტოლვილი ავღანელი ქალი, ფარიდა, რომელსაც, მისივე სიტყვებით, თალიბანის რეჟიმის დამხობამ იმედი ჩაუსახა, რომ ისევ შეხვდება თავისი ოჯახის წევრებს.

ფარიდამ ხელოვან ქალთა ეროვნულ მუზეუმში შეკრებილებს, მათ შორის ჩვენი რადიოს თანამშრომელს, ფრენკ სონგოსს ისიც უთხრა, რომ ემიგრაციაში წასვლამდე ქალებს შორის განათლებისა და ჯანდაცვის გაუმჯობესებაზე ზრუნავდა, და სწორედ ამ საქმის გამო გახდა იძულებული, უცხოეთში გაქცეულიყო.

ჯორჯ ბუშმაც ცერემონიის მსვლელობაში უმთავრესად ავღანელი ქალების მდგომარეობაზე ისაუბრა, თალიბანის მმართველობას ავღანეთის ისტორიის საზარელი მონაკვეთი უწოდა და დასძინა:

[ჯორჯ ბუშის ხმა] ”ქალები ახლა შინიდან, ფაქტობრივად შინა პატიმრობიდან გამოდიან, შეუძლიათ ზედამხვედელების გარეშე იარონ ქუჩაში. თითქოს ყველა ციხიდან გამოგვიშვესო, თქვა ერთმა ქაბულელმა ახალგაზრდამ. თითქოს მთელი ავღანეთი ციხიდან გამოუშვესო.”

იქვე ბუშმა კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ შეერთებული შტატები ყველა ღონეს იხმარს ავღანეთსა და სხვა ქვეყნებში ტერორისტული ორგანიზაციების გასანადგურებლად.

[ჯორჯ ბუშის ხმა] ”ტერორისტებს, ვინც ხელს უწყობდა ავღანეთის მმართველებს, მრავლად მივაგენით მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში. ამიტომაც ჩვენი ერი, მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად, მიმართავს ყველა ზომას, რათა ყველა ტერორისტი მართლმსაჯულებას გადასცეს.”

შემდეგ პრეზიდენტი ისევ დაუბრუნდა ავღანელ ქალთა მდგომარეობის პრობლემას, და აღნიშნა, რომ ტერორისტების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ქალების უფლებების შეზღუდვა იყო.

[ჯორჯ ბუშის ხმა] ”ამერიკა თანდათან აცნობიერებს, რომ ტერორისტებისა და თალიბანის ოცნებები – კოშმარი იყო ავღანელი ქალებისა და მათი შვილებისათვის. თალიბებს მოზარდები ჰყავთ მოკლული მხოლოდ იმის გამო, რომ მათ ჯარისკაცების თანდასწრებით გაცინება გაბედეს. ისინი ათი წლის ბავშვებსაც კი აპატიმრებდნენ და აწამებდნენ ვითომდა მშობლების ჩადენილი დანაშაულებისათვის.”

დასასრულს კიდევ ერთი დეტალი – ავღანელი ქალებისა და ბავშვებისათვის ჯანდაცვისა და განათლების პროგრამები დაფინანსდება ფონდიდან, რომელიც შეერთებული შტატების კონგრესმა 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ გამოყო.
XS
SM
MD
LG