Accessibility links

logo-print

რა ბედი ეწევა ”ალ ყაიდის” წევრებს?


ანდრო ეული შეერთებული შტატების ავიაცია განაგრძობს მთების დაბომბვას აღმოსავლეთ ავღანეთში, სადაც გამოქვაბულებს ტერორისტული ორგანიზაციის ”ალ ყაიდის” მებრძოლებმა შეაფარეს თავი.

ამასობაში, როგორც გაზეთ ვაშინგტონ პოსტის მიმომხილველი თომას რიკსი აღნიშნავს, გაურკვეველი ისაა, რა არის ამერიკელების საბოლოო მიზანი – ტერორისტების დამარცხება თუ მათი ფიზიკური განადგურება.

ოფიციალურმა პირებმა ვაშინგტონში არაერთგზის განაცხადეს, რომ მათი უპირველესი მიზანია ტერორისტული ქსელის ”ალ ყაიდის” განადგურება. სწორედ ამ ორგანიზაციას ადანაშაულებს პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია ტერორისტული აქტების მოწყობაში თერთმეტ სექტემბერს.

თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის უპირველესი მიზანია ”ალ ყაიდის” განადგურება და თალიბების რეჟიმის დამხობა; რეჟიმისა, ტერორისტებს რომ მისცა თავშესაფარიო. როგორც ვაშინგტონ პოსტის კორესპონდენტი შენიშნავს, ნებისმიერ ომში მეომარი მხარე მოწინააღმდეგის დანებებას ესწრაფვის; ამდენად, ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია, დონალდ რამსფელდის ფორმულირებიდან გამომდინარე, ერთობ უჩვეულოდ გვეჩვენება.

თუ შეერთებული შტატები ავღანეთში მიმდინარე ომის დასკვნით ეტაპზე არ დაკმაყოფილდება მოწინააღმდეგის დანებებით და გააგრძელებს თორა ბორის გამოქვაბულების დაბომბვას, სადაც ”ალ ყაიდის” წევრები იმალებიან, იგი დაკარგავს საერთაშორისო მხარდაჭერას, ვინაიდან აშკარა შურისმაძიებლის როლში წარმოჩინდება, ხოლო ცალკეულ ექსპერტთა ვარაუდით შესალოა სამხედრო დანაშაულშიც აღმოჩნდეს ბრალდებული.

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ადმირალმა მაიკლ ბოისმა, მაგალითად ამ დღეებში განაცხადა: ”ჩვენ უნდა ავწონ დავწონოთ, გვსურს თუ არა შეერთებულ შტატებს ავუბათ მხარი ცალმხრივად დასახული მიზნის მიღწევაში ბოლო მოუღოს ბინ ლადენსა და ”ალ ყაიდას”. ადმირალ ბოისს მიაჩნია, რომ ბრძნულად მოიქცევა ბრიტანეთი თუ ომით გაჩანაგებული ავღანეთის აღდგენაზე იზრუნებს უფრო მეტად.

ხოლო რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ მეტი თავშეკავებისაკენ მოუწოდა ვაშინგტონს. ”იმ დროს, როცა ყველასა აქვს ტერორიზმისაგან თავდაცვის უფლება, ამ უფლების რეალიზება მორალისა და კანონის ჩარჩოებში უნდა მოხდეს”- განაცხადა რომის პაპმა.

იუწყებიან, რომ ”ალ ყაიდის” წევრებმა დანებების სურვილი გამოთქვეს, მაგრამ წამოაყენეს წინაპირობა, რომ ჩაბარდებიან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობას შეერთებული შტატების გარდა. მაგრამ ავღანელი პუშტუნების ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელიც ამერიკელ მრჩევლებთან აწარმოებდა ამის თაობაზე მოლაპარაკებას მოგვიანებით ჟურნალისტებს უთხრა: ამერიკელებს ტერორისტებს დახოცვა სურთო.

შეერთებულ შტატებს აქვს სრული უფლება, უარი თქვას დანებებაზე, რომელსაც ამგვარი წინაპირობა აქვს დართული-განაცხადა ამერიკელმა იურისტმა პიტერ ჩოჰარისმა, რომელიც აღიარებული ექსპერტია ომის საკითხებში. ”სავსებით კანონიერია უარის თქმა, როცა მოწინააღმდეგე პირობით გბარდება”-განაცხადა პიტერ ჩოჰარისმა. მაგრამ უარი უპირობო დანებებაზე, თუნდაც საქმე სამხედრო დამნაშავეებს ეხებოდეს, დასძინა ჩოჰარისმა, თავად იქნება სამხედრო დანაშაული.

პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სიამოვნებით დათანხმდება ”ალ ყაიდის” წევრთა უპირობო კაპიტულაციას, მაგრამ ნაკლებადა აქვს იმის იმედი, რომ ტერორისტები ამაზე წავლენ.

პიტერ ჩოჰარისს ეჭვი ეპარება იმაში, რომ შეერთებული შტატები ”ალ ყაიდის” ყველა ლიდერის მოკვლას შესძლებს და უფრო რეალურად მათი გასამართლება ესახება.
XS
SM
MD
LG