Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს საგანგებო წარგზავნილი ავღანეთის დროებითი მთავრობის წევრებს ეთათბირება


ანდრო ეული გაეროს საგანგებო წარგზავნილმა ავღანეთში ლახდარ ბრაჰიმიმ ორდღიანი მოლაპარაკება დაამთავრა ოთხშაბათს ქაბულში ავღანეთის ახალი დროებითი ადმინისტრაციის წევრებთან, რომლებიც წლის ბოლოს შეუდგებიან თავიანთი მოვალეობის შესრულებას.

პრეს-კონფერენციაზე ქაბულში ლახდარ ბრაჰიმიმ გამოთქვა რწმენა, რომ ხელისუფლების შეცვლა ავღანეთში გეგმის თანახმად 22 დეკემბერს მოხდება. ჩრდილოეთის ალიანსის ლიდერებთან ერთდღიანი მოლაპარაკების შემდეგ ბრაჰიმიმ განაცხადა, რომ ლიდერებმა მას აღუთქვეს, რომ განუხრელად შეასრულებენ ბონში ერთი კვირის წინ მიღწეული შეთანხმების პირობებს. ეს შეთანხმება, ავღანეთის ოთხი მთავარი ფრაქციის ლიდერებმა რომ მოაწერეს ხელი, ითვალისწინებს დროებითი ადმინისტრაციის შექმნას, რომელმაც 22 დეკემბრიდან მოყოლებული ექვსი თვის განმავლობაში უნდა მართოს ქვეყანა. დროებით ადმინისტრაციას ეთნიკური პუშტუნების ლიდერი ჰამიდ კარზაი უხელმძღვანელებს, ხოლო წამყვანი სამინისტროები ჩრდილოეთის ალიანსის წარმომადგენლებს დაექვემდებარება. დროებითმა ადმინისტრაციამ უნდა მოამზადოს ეროვნული კრების, ანუ ლოია ჯირღას ყრილობა, რომელზეც მომდევნო გარდამავალ მთავრობას აირჩევენ, რაც შემდგომ საყოველთაო არჩევნების ჩატარებით დაგვირგვინდება.

ბრაჰიმიმ თქვა, რომ ეთათბირა ავღანეთის ყოფილ პრეზიდენტს ბურანუდინ რაბანისა და ჩრდილოეთის ალინსის საგარეო საქმეთა მინისტრს აბდულა აბდულას, აგრეთვე თავდაცვის მინისტრს მოჰამად ფაჰიმს, რომლებიც ამავე სამინისტროებს უხელმძღვანელებენ დროებით მთავრობაში.

ლახდარ ბრაჰიმიმ განაცხადა აგრეთვე, რომ მიუხედავად ცალკეულ მხარეთა უკმაყოფილებისა ბონში მიღწეული შეთანხმების ზოგიერთი პირობის გამო, და განსაკუთრებით ეთნიკური უზბეკი გენერლის აბდულ რაშიდ დოსტუმის მხრიდან, ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ხსენებული შეთანხმება შესწორებების გარეშე შესრულდება 22 დეკემბერს. გაეროს წარგზავნილმა დასძინა, რომ წერილობით მიიღო დოსტუმისგან ამის თაობაზე დაპირება. ბრაჰიმის არც იმაში ეპარება ეჭვი, რომ ჩრდილოეთის ალიანსის ზოგიერთი წარმომადგენლის პროტესტი ქაბულში მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების დაგეგმილი განთავსების თაობაზე არ შეაფერხებს დროებითი ადმინისტრაციის საქმიანობას. თავდაცვის მინისტრს ფაჰიმს მიაჩნია, რომ ათასკაციანი სამშვიდობო შენაერთი საკმარისი იქნება ქაბულში წესრიგის დასამყარებლად. ფაჰიმმა განაცხადა აგრეთვე, რომ ბონში მიღწეული შეთანხმების პირობით ჩრდილოეთის ალიანსი არაა ვალდებული უშიშროების ძალები გაიყვანოს ქაბულიდან და რომ მხოლოდ მისი ჯარის ნაწილები დატოვებენ დედაქალაქს.

ქაბულიდან ბრაჰიმი ისლამაბადში ჩავიდა და პაკისტანის პრეზიდენტთან ფერვეზ მუშარაფთან გამართა მოლაპარაკება. პაკისტანიდან ლახდარ ბრაჰიმი ნიუ-იორკში გაემგზავრება, სადაც გაეროს უშიშროების საბჭოს მოახსენებს ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის წევრებთან გამართული მოლაპარაკების შედეგებს.
XS
SM
MD
LG