Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს "წითელ ჯვარს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს


დავით პაიჭაძე, თბილისი 14 დეკემბერს თბილისში საქართველოს "წითელი ჯვრის" ეროვნული საზოგადოების რიგგარეშე ყრილობა გაიმართა. დღის წესრიგში ერთადერთი საკითხი იდგა: საზოგადოების პრეზიდენტის არჩევა.

აირჩიეს კიდეც - აქამდე ფონდ "მოწყალების" ხელმძღვანელი ნანა ყეინიშვილი. სამი დღის წინ მოგითხრობდით, რა უძღოდა ამ ყრილობას. ახლა გიამბობთ, რა ხდებოდა ყრილობაზე.

[ლაპარაკობს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე]: “წითელი ჯვრის პრეზიდენტად არჩეულია ქალბატონი ნანა ყეინიშვილი 78 ხმით. ერთი არის წინააღმდეგი, ორი არის გასული დარბაზიდან; არსებობს კიდევ ნოტარიული დამოწმებით 18 ხელწერილი, რომელიც ადასტურებს, რომ ქალბატონ ნანა ყეინიშვილს უჭერს მხარს (ტაში)”. ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა შეკრებილი საზოგადოების წევრებს ამცნო, რომ მათი შემწეობით ახალ წლამდე გაჭირვებულ მოსახლეობას ექვს კონტეინერში მოთავსებულ, 2 მილიონი დოლარის ღირებულების საშობაო საჩუქრებს დაურიგებს.

რა ხდებოდა ნანა ყეინიშვილის არჩევამდე? ყრილობაზე უაღრესად ნერვული ატმოსფერო იყო. სხდომა მიდიოდა წამყვანის, ლეილა ჩქარეულის ლამის უწყვეტი ლაპარაკის ფონზე. ჩქარეული ლაპარაკობდა მიკროფონში და ძალიან ხმამაღლა. არანაკლებ მაღალი ხმით ყვიროდნენ ოპონენტები და მომხრეები, რომელთაც სახეები ალეწოდათ და კისრები დაძაბვოდათ. ყრილობის მონაწილეებს დაურიგეს წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივნის, დიდიე შერპიტელის 13 დეკემბერს გამოგზავნილი წერილის ასლი, სადაც ეწერა, რომ 14 დეკემბერს გასამართი ყრილობა საზოგადოების წევრებს საშუალებას აძლევს, დაძლიონ კრიზისი და ფედერაცია მზად იქნება, განიხილოს ეროვნული საზოგადოებისათვის დახმარების საკითხი, მას შემდეგ, რაც ახლანდელი პრობლემები გადაწყდება.

აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს, ნოდარ ცქიტიშვილს დარბაზში თავისი დესანტი ჰყავდა: ასევე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლადო პაპუაშვილი და ნოდარ შაფათავა. ხშირი რეპლიკებით, გამოსვლებით, წამოძახილებითა და კითხვებით ისინი ხელს უშლიდნენ სხდომის მსვლელობას, რასაც უკმაყოფილო დელეგატები ღრიანცელსა და სტვენას აგებებდნენ [ისმის ღრიანცელი და სტვენა]. პაპუაშვილსა და შაფათავას ეჭვი შეჰქონდათ კვორუმის არსებობასა და არჩევნების პროცედურის კანონიერებაში. ყრილობაზე დამსწრეთა დიდ ნაწილს მათი გაგონება არ სურდა. თავად ნოდარ ცქიტიშვილი დარბაზში არ შევიდა და შენობის წინ სცემდა ბოლთას.

ამასობაში ყრილობამ მოახერხა და პრეზიდენტის არჩევის საკითხი კენჭისყრაზე დააყენა. ნანა ყეინიშვილი სხვათაგან გამოირჩეოდა ზომიერად საზეიმო ჩაცმულობით. მან გაიმარჯვა. ეჭვი არ არის, ნოდარ ცქიტიშვილის ჯგუფი ყრილობის შედეგებს სასამართლოში გაასაჩივრებს. დელეგატები ჯგუფის წევრებს დაპირდნენ, რომ საქმის მოგებას მიულოცავენ. ნანა ყეინიშვილმა არჩევის შემდეგ გადაიხადა მადლობა და ილაპარაკა განზრახვებისა და პირველი სამომავლო ნაბიჯების შესახებ. [ყეინიშვილის ხმა]: ,,პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ წითელი ჯვარი ისევ დაბრუნდეს საქართველოში. მაგრამ მე მარტო ვერაფერს ვერ გავაკეთებ, თუ არ დაგვეხმარა ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი მთავრობა... ამ პრობლემის გადასაჭრელად გთავაზობთ ასეთ წინადადებას: ამ საკითხს მთავრობის მხრიდან კურირებს ბატონი თედო ისაკაძე. იქნებ, თუ დარბაზი დამეთანხმება, ავირჩიოთ, როგორც მფარველი”.

მაშ ასე: საქართველოს "წითელ ჯვარს" ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს. ისაკაძე იყოს მისი მფარველი!
XS
SM
MD
LG