Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემაში არსებული მდგომარეობა განიხილა


რუსეთი ისევ უპასუხოდ ტოვებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტებს პანკისის და კოდორის ხეობების დაბომბვასთან დაკავშირებით.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო კი საჰაერო თავდაცვის სისტემაში არსებულ მდგომარეობას განიხილავს. თბილისში შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრს ელიან და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მოთხოვნას შეერთებული შტატების დახმარების იმედს აგებებენ.

14 დეკემბერს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებმა საჰაერო თავდაცვის სისტემაში არსებული მდგომარეობის გარდა, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ საქართველოს ერთიანი მოქმედების სტრატეგიაზეც იმსჯელეს. მიიღეს გადაწყვეტილება უწყებათშორისი კომისიის შექმნისა და მის მიერ ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნული პროგრამის შემუშავების შესახებ. უშიშროების საბჭოს 14 დეკემბრის სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული ეუთოს მუდმივი საბჭოს გადაწყვეტილება, საქართველოს და რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე ეუთოს მონიტორინგის მისიის გაფართოვებასთან დაკავშირებით. მოისმინეს საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის ინფორმაციაც საქართველოს და რუსეთის მიერ სტამბოლის ცნობილი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობასა და სამომავლო ნაბიჯების თაობაზე.

უშიშროების საბჭოს წევრების თავდაცვის სისტემაში არსებული პრობლემებისა და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით გააქტიურება შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის რამსფელდის თბილისში ვიზიტს უკავშირდება. ამ მაღალი რანგის სტუმართან შეხვედრებზე იმ სავარაუდო დახმარებაზეც იქნება მსჯელობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაუმჯობესებას უნდა წაადგეს. მოხდება თუ არა სამხედრო ტექნიკის გადმოცემაც, ამას რამსფელდის ვიზიტამდე არ ახმაურებენ, თუმცა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ბარამიძე განმარტავს, რომ საუბარია იმ სერიოზულ დახმარებაზე, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემის გარდა, სახმელეთო ძალების პრობლემების მოგვარებასაც მოხმარდება. გიორგი ბარამიძის ინფორმაციით, ამ ყველაფრისთვის პირველ ეტაპზე 69 მილიონიანი დახმარება უნდა მივიღოთ.

ასე რომ, თავდაცვის, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის, სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარების იმედებს ჩვენი ხელისუფლება ისევ და ისევ შეერთებულ შტატებს უკავშირებს, თუმცა, ხელისუფლების პირველ პირს პუტინის იმედიც აქვს. იმედი იმის, რომ პუტინის რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ხელმეორე დაბომბვას აღარ დაუშვებს.

ასეა თუ ისე შევარდნაძის და პუტინის შეხვედრის შემდეგ რუსეთი ისევ უპასუხოდ ტოვებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტებს, რომლებშიც რუსეთის თვითმფრინავების მიერ საქართველოს ტერიტორიების დაბომბვებია დაგმობილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქართველო არ აპირებს ამ საკითხის მიჩუმათებას და აღნიშნულ პოზიციაზე ზეგავლენას ვერც საქართველოსა და რუსეთს შორის “ჩარჩო ხელშეკრულებაზე” მოლაპარაკების დაწყება მოახდენს, თუმცა ვნახოთ...

ჩვენს ქვეყანაში სახეზეა საქართველოს და რუსეთის კიდევ უფრო დაძმობილების მომხრეთა გააქტიურება. გრძელდება აქცია “საქართველო ჩემი სამშობლოა, რუსეთი - ჩემი მეზობელი”. ამ აქციის ორგანიზატორი ვახტანგ რჩეულიშვილი, რუსეთ-საქართველოს დაახლოების მომხრეთა ხელმოწერებს აგროვებს და მილიონამდე ასვლას კარდაკარ ჩამოვლით აპირებს.
XS
SM
MD
LG