Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად რეალურია ავღანეთში დამოუკიდებელი მას მედიის დამკვიდრების პერსპექტივა?


ანდრო ეული მას შემდეგ, რაც თალიბები ქაბულიდან გააძევეს, ავღანეთის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოგადაცემებში კვლავ აჟღერდა მუსიკა.

სამუშაოს დიქტორი ქალებიც დაუბრუნდნენ. მაგრამ კერძო მასმედია, სამოქალაქო საზოგადოების ეს კვაკუთხედი, ჩანასახის ფორმითაც კი არ არსებობს და ნაკლებად მოსალოდნელია, ახლო მომავალში ავღანეთში ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროები ამოქმედდეს.

ავღანეთის სახელმწიფო რადიოსა და ტელევიზიის შენობაში საზეიმო განწყობილება სუფევს. ორიოდე კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც თალიბებმა ქაბული დატოვეს და შენობის დერეფნები სამსახურში დაბრუნებული ყოფილი დიქტორებისა და კორესპონდენტების საქმიანმა საუბრებმა აავსო. თალიბების ხუთწლიანმა რეჟიმმა ეთერში გასვლა აუკრძალა ტელევიზიას, რადგან ფუნდამენტალისტებს დაუშვებლად მიაჩნიათ ტელეეკრანზე ადამიანის გამოჩენა. რაც შეეხება სახელმწიფო რადიოს, იგი განაგრძობდა საქმიანობას, მაგრამ რადიო ”შარიათის” სახელით, თანაც სტუდიებში ქალის ჭაჭანება არ იყო; აკრძალული იყო მუსიკის გადაცემა. პროგრამა მთლიანად მთავრობის პროპაგანდას ემსახურებოდა და ხალხს სახარებასავით უკითხავდა ფუნდამენტალისტების შეხედულებებს იმაზე, თუ რა შეიძლება და რა არა.


ტელევიზიის სტუდიებში სხვა ქალებთან ერთად სურეია რაჰიმ არიაც გამოჩნდა. დერეფნებში მოფუსფუსე კოლეგა ქალებისგან განსხვავებით იგი აღარ ატარებს მთელს სხეულზე გადაფარულ ტრადიციულ ისლამურ სამოსს და არ მალავს სიხარულს იმის გამო, რომ კვლავ გამოჩნდა ტელეეკრანზე ახალი ამბების საღამოს გამოშვებებში. აი, რა თქვა რაჰიმ არიამ რადიო ”თავისუფლებისთვის” მოცემულ ინტერვიუში:


[სურეია რაჰიმ არიას ხმა] ”მას შემდეგ, რაც თალიბებმა ქაბული დატოვეს, სამი დღე იყო გასული. მე და ჩემი კოლეგები ტელევიზიაში მოვედით და სასინჯი ჩანაწერები გავაკეთეთ. ხელმძღვანელობას უწინდელი გამოცდილების შესახებ ვუამბეთ. მე ჟურნალისტიკას მაზარ-ი-შარიფის უნივერსიტეტში ვსწავლობდი”.


რაჰიმ არია ქაბულის მკვიდრია, მაგრამ თალიბების გაბატონების შემდეგ დატოვა დედაქალაქი, რათა სწავლა ჩრდილოეთ ავღანეთში გაეგრძელებინა; იმ რეგიონში, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებდა. მასთან ერთად ავღანეთის ტელევიზიაში ამჟამად კიდევ 49 ქალი მსახურობს.
ხოლო 1996 წლამდე, ვიდრე ხელისუფლებას სათავეში თალიბები მოექცეოდნენ, ავღანეთის სახელმწიფო რადიოსა და ტელევიზიაში ასამდე ქალი მუშაობდა. თანამშრომელთა დაახლოებით 40 პროცენტს მაშინ ქალები შეადგენდნენ. რადიოსა და ტელევიზიის ახალი ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სულ მალე დააბრუნებს სამსახურში თალიბების მიერ დათხოვილ ქალებს.

სახელმწიფო ტელევიზიის დირექტორია შამსუდინ ჰამიდი, გამოცდილი ჟურნალისტი და პროდიუსერი, რომელმაც მრავალი წელი იმსახურა რადიო- და ტელემაუწყებლობაში, მაგრამ თალიბების მოსვლის შემდეგ შეწყვიტა ჟურნალისტური საქმიანობა. იგი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ ავღანელ ქალებსა და მამაკაცებს დღეს კვლავ მიეცათ საშუალება, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, ერთად იმსახურონ. [შამსუდინ ჰამიდის ხმა] ”მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ მამაკაცები და ქალები ავღანეთში კვლავ ერთად მსახურობენ. სამსახურში ისინი ყოველგვარი შიშის გარეშე მოდიან და აღარავინ უკვე არკვევს, მამაკაცს წვერი თალიბების მიერ დადგენილი ნორმების შესაბამისად აქვს მოშვებული თუ არა. და არც თქვენი ეთნიკური წარმოშობა ან კიდევ იდეოლოგია აინტერესებს ვინმეს.”


მართალია, ტელევიზიაში ძველი თანამშრომლები
დაბრუნდნენ, მაგრამ ეს საინფორმაციო საშუალება კვლავინდებურად სახელმწიფოს კონტროლქვეშ არის
მოქცეული. იგივე ითქმის ინფორმაციის სხვა საშუალებებზე, მათ შორის ბაქთარის საინფორმაციო სააგენტოსა და მთავრობის გაზეთებზეც, რომლებიც, ტელევიზიისა და რადიოს მსგავსად, მხოლოდ ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ცნობებს აქვეყნებენ.


როგორც ბაქთარის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, სულთან აჰმედ ბაინი აღნიშნავს, ვიდრე ეკონომიკური მდგომარეობა არ გამოსწორდება, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები კვლავაც მთავრობის, ან პოლიტიკური პარტიების სახსრებით იარსებებენ და ავღანეთში არ უნდა მოველოდეთ თავისუფალი პრესის აღმოცენებას.

ავღანეთი დღეს მსოფლიოს უღატაკეს სახელმწიფოთა რიცხვს მიეკუთვნება. გაეროს მონაცემებით, ოცმილიონიან ავღანეთში შვიდ მილიონ ადამიანს შიმშილობა ემუქრება. ომებით გაჩანაგებული ამ ქვეყნის აღდგენას, გაეროს ექსპერტთა გამოანგარიშებით, სულ ცოტა, ათი მილიარდი დოლარი დასჭირდება. სწორედ ამ საკითხს მიეძღვნება დონორი ქვეყნების საერთაშორისო კონფერენცია მინისტრების დონეზე, რომელიც მომავალ თვეში, ტოკიოში გაიმართება.
XS
SM
MD
LG