Accessibility links

logo-print

ხელისუფლება სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს თვალს ვეღარ უხვევს


ზაზა გაჩეჩილაძე გასულ კვირას თბილისში მორიგი ვიზიტით მყოფ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მისიას ხელისუფლებამ შეუსრულებელი ბიუჯეტი და ამ ორგანიზაციების რეკომენდაციებით გათვალისწინებული რამოდენიმე დარღვეული პირობა დაახვედრა.

ამ საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის მანძილზე მთავრობა ფაქტობრივად ვერასდროს ახერხებდა ყველა შეთანხმებული პარამეტრის დაცვას, თუმცა ფონდიც და მსოფლიო ბანკიც ხშირად თვალს ხუჭავდნენ ხელისუფლების წვრილმან ეშმაკობაზე, მაგრამ ამჯერად მსოფლიო ბანკის მიერ მოწერილი წერილის ტონით თუ ვიმსჯელებთ, ძნელი წარმოსადგენია ამ ორგანიზაციამ ბიუჯეტში უკვე დაგეგმილი ტრანშები გვიძღვნას საახალწლოდ.

ამას უკვე ხელისუფლებაც ვეღარ მალავს. მსოფლიო ბანკის მხრიდან საქართველოს ფინანსური დახმარება, რომელიც დაგეგმილია მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან ქვეყნის მთავრობამ და პარლამენტმა აუცილებელია უზრუნველყონ კიდევ რიგი პირობები, აცხადებს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში თემურ ბასილია. მისი თქმით, მსოფლიო ბანკის 20 მლნ დოლარის SAC-III კრედიტის მეორე ტრანშის მისაღებად აუცილებელია “ლიცენზირების შესახებ” კანონის მიღება, რომელიც უკვე გადაეცა საქართველოს პარლამენტს. ვარაუდობენ, რომ მისი განხილვა და მიღება მოხდება პარლამენტის უახლოეს სასესიო კვირაში.

რაც შეეხება მსოფლიო ბანკის 12,5 მლნ დოლარის ESAC კრედიტის მორიგი ტრანშის მიღებას, ამ მხრივ ყველა პირობა შესრულებულია, - თქვა თემურ ბასილიამ. თუმცა, ბოლო ხანს პრობლემა წარმოიშვა რუსთავის ელექტროგამანაწილებელი კომპანია “რელასის” პრივატიზაციასთან დაკავშირებით, რისი წინააღმდეგიცაა მსოფლიო ბანკი და კრედიტის მიღება დაკავშირებულია ამ პრობლემის გადაჭრასთან.

ამ მიმართულებით გასულ კვირას სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ მოამზადა სასამართლო სარჩელი სახელმწიფო კომპანია “საქენერგო 2000”-ის გადაწყვეტილების ანულირების მოთხოვნით, რომელმაც რუსთავის ელექტროგამანაწილებელი კომპანია “რელასი” ამერიკული კომპანია “KENO Group”-ს გადასცა დაბანდებული 5 მლნ დოლარის ინვესტიციის დაფარვის ანგარიშში.
“ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის უმნიშვნელოვანესი ობიექტების პრივატიზაცია ბანკროტობის გზით შეუძლებელია და სამინისტრო ამას არ დაუშვებს”, - აცხადებს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა.

მანამდე კი
კვირის დასაწყისში საქართველოს მთავრობის სახელზე წერილი შევიდა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რეგიონალური დირექტორის ჯუდი ო’კონორის ხელმოწერით, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება “რეგიონალური ელექტროგამანაწილებელი კომპანიების ვალების დაფარვის ანგარიშში კერძო ხელში გადაცემის შესაძლო პრეცენდენტთან დაკავშირებით”. წერილში ხაზგასმულია, რომ მსოფლიო ბანკთან და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციებთან მიღწეული შეთანხმებების თანახმად, საქართველოს რეგიონალური ელექტროგამანაწილებელი კომპანიები საპრივატიზაციოდ ერთიან პაკეტში უნდა იქნას გამოტანილი - როგორც ერთი კომპანია.
ექსპერტები თვლიან, რომ აღნიშნული შეთანხმების დარღვევის შედეგად, საფრთხის წინაშე დგება საქართელოსთვის მსოფლიო ბანკის ESAC კრედიტის გამოყოფა, რომელიც გათვლილია ენერგოსექტორში სტრუქტურული რეფორმებისთვის, და კრედიტი საქართველოს საბითუმო ენერგობაზრის მხარდაჭერაზე.


მსოფლიო ბანკთან არსებული პრობლემები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობებშიც აისახება. გასულ კვირას სავალუტო ფონდის მისია ეკონომიკური ბლოკის სამინისტროებთან და უწყებებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს ატარებდა.

მისიის ექსპერტებმა კონსულტაციები გამართეს საქართველოს ფინანსთან მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ირაკლი მანაგაძესთან და ეკონომიკური რეფორმების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე თემურ ბასილიასთან. განხილვის მთავარი თემა გახდა 2002 წლისთვის საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების და მომავალი წლის ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრების განსაზღვრა.


ჟურნალისტებთან საუბრისას დევიდ ოუენმა განაცხადა, რომ სსფ-ს პროგრამის თანახმად, მიმდინარე წელს საქართველოსთვის ფონდიდან მორიგი ტრანშის გამოყოფა უკვე აღარ ითვალისწინება. “მორიგი ტრანშის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მომავალ წელს ამა წლის ბოლო მონაცემების მიხედვით”, - აღნიშნავს მისიის ხელმძღვანელი. დევიდ ოუენის თქმით, აღნიშნული საკითხი მთელ რიგ პირობებზეა დამოკიდებული, რომლებიც აუცილებლად უნდა შეასრულოს საქართველოს მთავრობამ. “პირველ რიგში ეს დაკავშირებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების უზრუნველყოფასთან”.
დევიდ ოუენი აღნიშნავს, რომ ნოემბერში შემოსავლების მოცულობა დაგეგმილზე ნაკლები იყო და ამიტომ მთავრობას ძალისხმევა მართებს, რათა დეკემბერში წლიური მაჩვენებლების შესრულება უზრუნველყოს.

წელს ერთხელ უკვე სეკვესტრირებული ბიუჯეტი დამატებით 150 მილიონი ლარით “გაირღვა”. ამ დანაკლისის ანაზღაურება ხელისუფლებას, ბუნებრივია, არ შეუძლია, შესაბამისად მორიგი სეკვესტრის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგება. სავალუტო ფონდი კიდევ ერთიკვირითდარჩება თბილისში,მათი ვიზიტის და კონსულტაციების დასრულების შემდეგ ბიუჯეტის კორექტირების საკითხი უკვე შეთანხმებული იქნება.
XS
SM
MD
LG