Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული ფაქტობრივად ყველა გაზეთი გამოეხმაურა პენტაგონის მიერ ტელევიზიით ვიდეოჩანაწერის დემონსტრირებას ხუთშაბათს, რომელზეც საერთაშორისო ტერორისტი ოსამა ბინ ლადენი მის მიერ თერთმეტ სექტემბერს მოწყობილ ტერაქტებზე საუბრობს.

როგორც საფრანგეთის გაზეთი ”ლიბერასიონი” შენიშნავს, ამ ვიდეოფირმა უნდა გამოაფხიზლოს ისინი, ვინც ათასნაირი მოტივით ცდილობდა თვითმკვლელი ტერორისტების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამართლებას --- ჩვენ, უბრალოდ, რელიგიურ ფანატიზმთანა გვაქვს საქმე. ხოლო ბინ ლადენი იმითაა სახიფათო, რომ ხელეწიფება რეაქციული, თეოკრატიული სახელმწიფოს შექმნის იდეას-თანმედროვე ტექნოლოგიები მოახმაროს - დასძენს გაზეთი.

”ტერორისტის პორტრეტი-”ასეა დასათაურებული სარედაქციო სტატია გაზეთ ”ნიუ-იორკ თაიმსში”;

სტატიაში ვკითხულობთ:

დიქტორი: ”პენტაგონის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებულმა ვიდეოფირმა დაგვარწმუნა იმაში, რომ ბინ ლადენმა წინასწარ იცოდა, რომ 11 სექტემბერს თავდასხმა მოხდებოდა ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში და
თანაც დეტალურად ჰქონდა შესწავლილი დაგეგმილი ოპერაცია. ხოლო დიალოგი საუდიელ შეიხთან, როცა ბინ ლადენი იხსენებს, რომ უმრავლესობა საჰაერო მეკობრეებისა უკანასკნელ წუთამდე არც კი იცნობდა ერთმანეთს და არც ის იცოდა, რა მისიის შესრულება ჰქონდა დავალებული, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ეს ოპერაცია, სწორედ ბინ ლადენმა მოაწყო”.

წამყვანი: თორმეტ დეკემბერს ნაჩვენებმა ვიდოფირმა-წერს გაზეთი ”ვაშინგტონ თაიმსი”- საბოლოოდ დაგვარწმუნა იმაში, რომ ოსამა ბინ ლადენს აკისრია
თერთმეტ სექტემბერს მომხდარი ტერორისტული აქტების პასუხისმგებლობა;

სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

დიქტორი: ”ჩვენ ვიხილეთ ტელეეკრანზე, რაოდენ ნასიამოვნებია ბინ ლადენი იმით, რომ ვაჭრობის მსოფლიო ცენტრზე განხორციელებულმა თავდასხმამ ნიუ-იორკში ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ვიდეოფირმა დაგვარწმუნა იმაში, რომ ბინ ლადენსა და მისთანებს არაფრად უღირთ ადამიანის სიცოცხლე და პირიქით, სიკვდილი ყველაზე
დიდ ღირსებად მიაჩნიათ მამაკაცისთვის. ამგვარი მიუტევებელი ბოროტების ფონზე ამერიკა უნდა გაერთიანდეს. ამერიკამ იგლოვა. ამჯერად მან ბოროტებაზე უნდა იზეიმოს გამარჯვება”.

წამყვანი: ”ტრაბახა მკვლელი”-ასეა დასათაურებული სარედაქციო სტატია გაზეთ ”ვაშინგტონ პოსტში”;

სტატიაში ვკითხულობთ:

დიქტორი: ”ვიდეოფირზე, რომელიც ხუთშაბათს გამოაქვეყნა თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ოსამა ბინ ლადენი თავის თავზე იღებს თერთმეტი სექტემბრის ტერქატების პასუხისმგებლობას, რაც აღიარებაზე მეტია;
ესაა ტრაბახი. ჩადენილი ბარბაროსობით ნასიამოვნები ბინ ლადენი ტრაბახით აუწყებს თავის თანამებრძოლებს, რომ დაღუპულთა რიცხვი ვაჭრობის მსოფლიო ცენტრში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა... და თან მადლობას მოახსენებს ალაჰს იმისთვის, რომ ეს ”მოწამეობრივი ოპერაცია” წარმატებით განხორციელდა.”

წამყვანი: ხოლო ამავე გაზეთის მიმომხილველი-მაიკლ დობსი ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების დიდოსტატი
ოსამა ბინ ლადენი დიდის სიფრთხილით ამზადებდა ყოველთვის თავისი აუდიტორიისთვის სათქმელს, მაგრამ ცამეტ დეკემბერს მთელმა მსოფლიომ იხილა ტელეეკრანებზე ბინ ლადენის გამოსვლა, რომელიც მის მომხრე ისლამისტ ექსტრემისტთა მცირედი ჯგუფისთვის
ჰქონდა ტერორისტს გამიზნული;

ამერიკელი ჟურნალისტი განაგრძობს:

დიქტორი: ”ტელეაუდიტორიამ მთელს მსოფლიოში პირველად იხილა ნამდვილი სახე ტერორისტისა, რომელიც ღიმილით იხსენებს ათასობით ადამიანის, მათ შორის მისივე ორგანიზაციის წევრების დაღუპვას 11 სექტემბერს. უწინდელ განცხადებებსა და ინტერვიუებში ბინ ლადენი ქებით მოისხენიებდა საჰაერო მეკობრეებს, როგორც ღირსეულ მაჰმადიანებს, რომლებმაც ”ალაჰის ნება” აღასრულეს, მაგრამ არ იღებდა თავის თავზე ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში განხორციელებული ტერაქტების პასუხისმგებლობას. ამიტომაც ეუბნებოდნენ
ბინ ლადენის თალიბი მასპინძლები შეერთებულ შტატებს ტერორისტის გაცემაზე უარს”.


წამყვანი: არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა დასავლეთის პრესაში ცნობას იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები გამოდის 1972 წლის ანტი-ბალისტიკური სარაკეტო ხელშეკრულებიდან. პრეზიდენტმა ბუშმა ხუთშაბათს განაცხადა ოფიციალურად ამის შესახებ. უკეთებს რა კომენტარს ჯორჯ ბუშის გადაწყვეტილებას, გაზეთი ”ნიუ-იორკ თაიმსი” მიიჩნევს, რომ ამჯერად, როცა ტერორიზმის წინააღმდეგ ომია გაჩაღებული შეერთებული შტატების პრეზიდენტი გაუმართლებელ დიპლომატიურ რისკზე წავიდა;

გაზეთი დასძენს:

დიქტორი: ”თუ ყველაფერი უმკივნეულოდ წარიმართა, ურთიერთობა მოსკოვთან კვლავაც გაუმჯობესდება, თუ არა და, თეთრი სახლი შესაძლოა როგორც რუსეთის, ასევე ჩინეთისაგანაც აღმოჩნდეს გამიჯნული.”


წამყვანი: ”ხოლო როგორც გაზეთი ”დეილი ტელეგრაფი”აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, როცა ბინ ლადენი ნიუ-იორკზე თავდასხმას გეგმავდა, ალბად აზრადაც არ მოსვლია, რომ ამით იგი ცივი ომის ნარჩენების დასამარებაში გვეხმარებოდა;
გაზეთი განაგრძობს:

დიქტორი: ”სწორედ ბინ ლადენის მოქმედებამ განაპირობა მნიშვნელოვანწილად ის ფაქტი, რომ
ვაშინგტონის გადაწყვეტილებას არ მოჰყოლია მოსკოვში ხმამაღალი პროტესტი. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ რუსეთის ლიდერები ამგვარ ვითარებაში
ერთ ამბავს ატეხდნენ. მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა
ის თქვა მხოლოდ, რომ არ გაჰკვირვებია ვაშინგტონის გადაწყვეტილება, რომელსაც სხვათა შორის, მცდარად მიიჩნევს. შვეციამ უფრო ხმამაღლა დაგმო ამერიკის გადაწყვეტილება, ვიდრე რუსეთმა. თერთმეტი სექტემბრის შემდეგ ვაშინგტონი და მოსკოვი თანამშრომლობენ. ამერიკის გადაწყვეტილება არ გაახარებს ჩინეთს, რომელიც თავისი შეიარაღების მოდერნიზაციას შეუდგება. პრეზიდენტი ბუში უბრალოდ თავისი ქვეყნის დაცვას ცდილობს, რაც ნებისმიერი მთავრობის უპირველესი მოვალეობაა”.

წამყვანი: გაზეთ ”ლოს ანჯელეს თაიმსის” აზრით, შეერთებული შტატების ცალმხრივმა გასვლამ 1972 წლის ანტი-ბალისტიკური სარაკეტო ხელშეკრულებიდან შესაძლოა სხვა ქვეყნებს უბიძგოს იმგვარი ქმედებისკენ,
როცა შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესები
არ იქნება გათვალისწინებული. მაგალითად რუსეთს შეუძლია გააგრძელოს ირანისათვის ბირთვული ტექნოლოგიების მიყიდვა, ხოლო შეერთებული შტატების პროტესტს ამგვარი პასუხი გასცეს: ”გვესმის რაღა თქმა უნდა, რომ ეს არც ამერიკას წაადგება და არც დანარჩენ მსოფლიოს, მაგრამ ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა”-დასძენს ”ლოს ანჯელეს თაიმსი”.

უცჟოეთის პრესის მიმოხილვას კითხულობდნენ ანდრო ეული და მარიამ ჭიაურელი
XS
SM
MD
LG