Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასაქმების პრობლემა ქართველი ახალგაზრდების ყველაზე მტკივნეულ პრობლემას წარმოადგენს


ადრინდელი დროისგან განსხვავებით, დღევანდელ ახალგაზრდებს, ყოველ შემთხვევაში, მათ უმეტეს ნაწილს, საკუთარი ძალისხმევით მართებს სამსახურის შოვნა.

ამ მხრივ მეტნაკლებად სასურველი გარემოს შემოთავაზება მარტოოდენ კერძო სექტორს შეუძლია, მაგრამ კერძო სექტორს, სხვადასხვა მიზეზების გამო, ჯერჯერობით არ შესწევს უნარი საშუალო ფენის ფორმირებას უწყობდეს ხელს.

იქ, სადაც საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობაზე ზრუნვა ლაპარაკს ვერ სცდება, კერძო სექტორი სამუშაო ადგილებით მომმარაგებლი ვერ გახდება. არადა მაგალითი, რომელსაც ეკა წამალაშვილი შემოგთავაზებთ, ცხადყოფს, ჩვენი ახალგაზრდებისთვის როგორი ასპარეზის შექმნა შეუძლია კონკრეტულ საქმეს.


ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი ნინო ორაგველიზე “თიბისი” ბანკის ცენტრალური ფილიალის დეპოზიტების მართვის მენეჯერია. საქართველოში მოქმედ ბანკებს შორის, ერთერთ ძლიერ და კარგად აწყობილ სისტემაში მუშაობის დაწყება მან საკუთარი შესაძლებლობებით მოახერხა. ნინოს არავინ დახმარებია. “თიბისი” ბანკში მისვლამდე, ის, ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ერთერთ პატარა ბანკში მუშაობდა:

[ნინო ორაგველიძის ხმა] “ეს იყო პატარა ბანკი, სადაც თითქმის ყველა სახის მომსახურეობასთან მქონდა შეხება. შემდეგ მოხდა ისე, რომ ბანკს გაუჭირდა და დახურვის პირას მივიდა. გაგვიშვეს უხელფასო შვებულებაში. მაშინ ერთმა ჩემმა ახლობელმა დამირეკეა და შემატყობინა, რომ “თიბისი“ ბანკში კონკურსი ტარდებოდა. მივედი, ჩავაბარე საბუთები და გავიარე ტესტირება. ზაფხული იყო. ამის შემდეგ წავედი დასასვენებლად. იქ “თიბისი” ბანკიდან დამირეკეს და მთხოვეს ჩამოვსულიყავი.”

ტესტირების შემდეგ, ნინომ 3 კვირიანი სტაჟირებაც გაირა. მისი მონაცემები ბანკის მენეჯერისთვის დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. მას შემდეგ ნინომ თბილისის ეკონომიკური ინსტიტუტის კურსიც გაირა. ამჯერად ინგლისური ენის კურსს გადის. ამ ენის ცოდა “თიბისი” ბანკის თანამშრომლებისთვის ფაქტიურად აუცილებელია, თუმცა ბანკი საკუთარ თანამშრომლებს უცხო ენის ფლობის შემდგომ სრულყოფაში ეხმარება.
აქვე შევნიშნავ, რომ “თიბისი” ბანკის ცენტრალური ფილიალი დაახლოვებით 5000- ამდე იურიდიულ პირს და 15000-მდე ფიზიკურ პირს ემსახურება. მარტო თბილისში ამ ბანკის რამდენიმე ფილიალი მუშაობს. ყველგან ძირითადად ახალგაზრდები მუშაობენ და როგორც ირკვევა, ეს აქცენტის მაინცდამაინც ახალგაზრდებზე გაკეთების მიზეზით არ ხდება. ნინო ორაგველიძის აზრით, თანამედროვე საბანკო სისტემაში მუშაობისთვის საჭირო მოთხოვნებს ეტყობა ალღოს უფრო ახალგაზრდები უღებენ. ტესტირების გავლა ეტყობა მათ უფრო უადვილდებათ.

საბანკო სისტემაში მუშაობა საპასუხისმგებლოა, შეცდომა შესაძლოა სამსახურის დაკარგვის ტოლფასი დაჯდეს. “თიბისი” ბანკის დეპოზიტების მართვის მენეჯეს დღეში საშუალოდ 15 კლიენტის მომსახურება უწევს. საქმე დამღლელია, თუმცა ღირს.
ნინო თვლის, რომ “თიბისი” ბანკში მუშაობა პროფესიული ზრდის საშუალებასაც ქმნის. ამბობს რომ მის სამსახურში დასავლეთის უმაღლეს სკოლა დამთავრებულსაც და ადგილზე, საქართველოში მიღებული განათლების პირსაც, ერთნაირ დონეზე უნდა შეეძლოთ საქმის წარმოება. ნინო ორაგველიძე “თიბისი” ბანკის ცენტრალურ ფილიალში მუშაობით კმაყოფილია და სხვაგან გადანაცვლებაზე არ ფიქრობს:

[ნინო ორაგველიძის ხმა] “დღეს საქართველოს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემოსავალს. ანაზღაურებას. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ უარს ვიტყოდი უკეთეს ანაზღაურებაზე, მაგრამ დღესდღეობით რასაც ვიღებ, საშუალო დონისთვის მაკმაყოფილებს, ვინაიდან მე ოჯახს არ ვარჩენ.”

ნინო ორაგველიძის მაგალითი ცხადყოფს, რომ საქართველოში სამსახურის პოვნის
ახალი კრიტერიუმიც მოქმედებს, კერძოდ კონკურსის მეთოდი. მის მეტნაკლებად ობიექტურ სისტემას ახალგაზრდების რაღაც ნაწილს, ასე თუ ისე წარმატებული ბიზნესი სთავაზობს. თანამშრომლების შერჩევის საკონკურსო წესი საჯარო სამსახურებშიც მოქმედებს, სხვადასხვა გაზეთებში ხშირად ქვეყნდება განცხადება იმის თაობაზე, რომ ესა თუ ის სახელმწიფო სამსახური აცხადებს კონკურსს ამა თუ იმ თანამდებობაზე, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნესის მწარმოებლები უფრო არიან დაინტერესებულები საქმისთვის საჭირო კადრებით შერჩევით, ვიდრე საბიუჯეტო სექტორის ხელმძღვანელები (ამაზე სახელმწიფოს კმაყოფაზე არსებული სამსახურების “წარმატებულობა” მეტყველებს) უნდა ითქვას, რომ შედარებით რეალურ კონკურენციას სწორედ ისინი ექვემდებარებიან, ვინც სამსახურის კერძო სექტორში შოვნას ცდილობს.
საშუალო ფენის შექმნაც სწორედ კერძო სექტორის განვითარებაზეა დამოკიდებული. თუმცა, ის რომ საქართველოში ასეთი ფენა არ არსებობს, კერძო სექტორის განვითარებისთვის არახელსაყრელ გარემოზე მეტყველებს. ჩემს მიერ მოყვანლი მაგალითიც მხოლოდ იმის ჩვენებას ითვალისწინებდა, რომ კერძო სექტორის განვითარებას, ჩვენი ახალგაზრდების ჯეროვანი დასაქმება შეუძლია.
XS
SM
MD
LG