Accessibility links

ნიშნავს თუ არა რომელიმე რეკლამის აკრძალვა პრესის თავისუფლების შეზღუდვას


წლის ბოლომდე დარჩენილ რამოდენიმე დღეში საქართველოს პარლამენტმა უნდა განიხილოს და დაამტკიცოს ახალი კანონი რეკლამის შესახებ.

ამას ამჟამად მოქმედი კანონი მოითხოვს, რომელის თანმხლები გარდამავალი დებულებები, თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების რეკლამირების უფლებას 2001 წლის 31 დეკემბრამდე იძლევა. თუ ახალი კანონის მიღება ვერ მოესწრო, საახალწლო ტელე-რადიო გადაცემები რეკლამის გარეშე შეიძლება დარჩნენ, რაც მრავალათასიანი წაგებით ემუქრება საახალწლო შოუ პროექტების ავტორებს. თუმცა ქართულ პრესას სარეკლამო შემოსავლის ძირითადი წყაროს გარეშე დარჩენა უფრო აშინებს.

1998 წელს რეკლამის კანონის თანმხლებ პირობებში კანონმდებელთა ოპტიმიზმი შეიმჩნევა. ეკონომიკური გათვლების გარეშე კანონის ავტორები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ 2001 წლის ბოლოსათვის საქართველოში მრეწველობა ისე აყვავდებოდა, რომ სიგარეტისა და ალკოჰოლიანი სასმელების რეკლამის აკრძალვა, სარეკლამო სააგენტოებისა და პრესის შემოსავლებს ვერაფერს დააკლებდა. იმავე კანონმდებლების საქმიანობისა და მთელი ხელისუფლების მოღვაწეობის შედეგად საქართველოში სიგარეტისა და ალკოჰოლის ბიზნესის გარდა თითო-ოროლა სფერო თუ რჩება რომელიც მოგების მომტანია. შესაბამისად კანონის გარდამავალი დებულებებით სავალდებულო სიგარეტისა და ალკოჰოლის რეკლამის პრესის საშუალებით საერთოდ აკრძალვა მასმედიას შემოსავლების სერიოზულ შემცირებას გამოიწვევს.

პრესა რეკლამის ახალ კანონში თამბაქოს ნაწარმისა და ალკოჰოლიანი სასმელების რეკლამირების უფლების შენარჩუნებას კიდევ 4 წლით ითხოვს. თუმცა არავინ ასაბუთებს რატომ მაინც და მაინც 4 წლით. მასმედიის წარმომადგენლები თვლიან, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში დამოუკიდებელი პრესის არსებობა კითხვის ქვეშ დადგება. მაგრამ არაა გამორიცხული 4 წლის შემდეგაც იგივე პრობლემა გაჩნდეს. სავარაუდოა რომ 4 წლის მოთხოვნა ტაქტიკური ნაბიჯია, თუმცა თამბაქოს წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციები კანონში ჩადებული გარდამავალი დებულებების პირობათა შესრულებას მოითხოვენ.

ამ მიზეზით 14 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტში დაგეგმილი სიგარეტისა და ალკოჰოლის რეკლამის აკრძალვის 4 წლით გადადების წინადადების განხილვა გაურკვეველი დროით გადაიდო. კომიტეტის თავმჯდომარის ვანო მერაბიშვილის კომენტარი: [მერაბიშვილის ხმა 15] “გარკვეული პრეტენზიები გამოითქვა თამბაქოს საწინააღმდეგო საზოგადოებრივი ორგანიზაციის მხრიდან. ჩვენ არ გვინდა ეს საკითხი გადავწყვიტოთ იქამდე სანამ არ გვექნება საუბარი არ გვექნება ამ ადამიანებთან. თუმცა მე მესმის რომ ამ გადაწყვეტილების შეჩერებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს, როგორც ამ პროდუქციის მწარმოებლებს, ასევე მასმედიის, რომლის შემოსავლის მთავარი წყარო ზუსტად ეს რეკლამაა.”

თითქმის ყველა პოლიტიკოსი და პარლამენტარი ცდილობს ამ საკითხში პრესის პოზიციის მხარდაჭერით მასმედიის გული მოიგოს და ნაკლებ ყურადღებას უთმობს, ისედაც ჯანმრთელობის დაბალი მაჩვენებლების მქონე საზოგადოების გაჯანსაღების პრობლემას. მათ შორისაა აღორძინების კავშირის ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე და ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი ფიქრია ჩიხრაძე.

[თარგამაძის ხმა 18] “თავისუფალი მასმედიის ფინანსირების და არსებობის ერთ-ერთ ძირითად წყაროს, ფაქტიურად ერთად-ერთს ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს რეკლამა და უფრო მეტად რეკლამა ალკოჰოლური სასმელების პროდუქციისა და სიგარეტისა, ამ წყაროს გადაკვეთა საინფორმაციო საშუალებებისათვის იქნება მათთვის დამღუპველი.” [ჩიხრაძის ხმა] “საინფორმაციო საშუალებების არსებობა შესაძლებელია იყოს სწორეთ ამ მიმართულებით რეკლამების არსებობაზე. შესაბამისად მისი შეზღუდვა შეიძლება კატასტროფული და მომაკვდინებელიც აღმოჩნდეს საინფორმაციო საშუალებებისთვის.”

საწინააღმდეგო აზრი გააჩნია, ქართული ღვინის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის “სამებას” ყოფილ ხელმძღვანელს, ფრაქცია მრეწველების ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ტყემალაძეს. [ტყემალაძის ხმა 17] “მე არ მინდა, რომ მოზარდმა ახალგაზრდებმა და ბავშვებმა და მოზარდ ახალგაზრდებს თავი გავუჭედოთ სიგარეტით, ტვინი გავუჭედოთ ალკოჰოლური სასმელებით.”

ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტში უკვე მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც თამბაქოს ნაწარმისა და ალკოჰოლიანი სასმელების რეკლამის კიდევ 3 წლით შენარჩუნებას ითვალისწინებს, მაგრამ მისი განხილვა დამატებითი კონსულტაციების მომიზეზებით ჭიანურდება.

როგორც ჩანს საკანონმდებლო ორგანო ამ ცვლილებას დაამტკიცებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში 2002 წლის ბიუჯეტი, მარტო რეკლამიდან მიღებულ 5 მილიონ ლარს დაკარგავს, რომ არაფერი ვთქვათ თავად სიგარეტისა და ალკოჰოლის ბიზნესის შემოსავლების კლებით მიღებულ ზარალზე. ეს კი თავიდანვე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 2002 წლის ბიუჯეტის პროექტის მზარდი საპროგნოზო მაჩვენებლების სანახევროდაც შესრულებასაც კი.

სხვას რომ თავი დავანებოთ, ამ შემთხვევიდანაც ნათელია, რომ ბიუჯეტის პროექტის შედგენა საკუთარი კანონმდებლობის დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით მაინც უნდა ხდებოდეს, ხოლო კანონმდებლებმა, საკუთარი ოცნებები, საკანონმდებლო ატების თანმხლებ დებულებებში არ უნდა ასახონ.
XS
SM
MD
LG