Accessibility links

პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესთა კონფლიქტი.


სამიოდე კვირის წინ მიხეილ სააკაშვილს ჟურნალისტმა სთხოვა, ეპასუხა ასეთ შეკითხვაზე: აქვს თუ არა კორუფციასთან უშუალო კავშირი ედუარდ შევარდნაძეს.

სააკაშვილმა ამ კითხვის პასუხად განმარტა, რომ შევარდნაძეს კორუფციასთან კავშირი არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს, რადგან იგი წმინდა პოლიტიკური ფიგურაა.

ქართული სახელისუფლო სივრცე და ამ სივრცის უკლებლივ ყველა მობინადრე საშუალებას იძლევა, რომ მიხეილ სააკაშვილის პასუხი არა მხოლოდ სარწმუნოდ მივიჩნიოთ, არამედ - განვაზოგადოთ კიდეც.

ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, სახელისუფლო "თამაშის წესები" არ შეცვლილა. პოლიტიკურ ასპარეზს შემორჩნენ ძველი მოთამაშეებიც.

ამ წლების განმავლობაში ხელისუფალთა ერთი ნაწილი დაბეჯითებით ცდილობდა და ახლაც ცდილობს, ჩაერთოს პოლიტიკური ამინდის შექმნაში. მეორე ნაწილი კი ხელისუფლებას საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად იყენებს.

არსებობს კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც ორივე მიზანს ერთდროულად ისახავს: საკუთარ კეთილდღეობაზე ქვეყნის პოლიტიკას აშენებს, მის მიერვე შექმნილ პოლიტიკას კი - პირადი კეთილდღეობისთვის იყენებს.

თუმცა, საზოგადოების თვალში ყველაზე ოდიოზურ ფიგურებად ხელისუფლების სწორედ ის წარმომადგენლები ჩანან, რომლებიც ერთდროულად ისახავენ პოლიტიკურ და ფინანსურ მიზნებს.

მაგალითად: სოციოლოგიურ გამოკითხვათა შედეგები წლების განმავლობაში ადასტურებდა, რომ კორუფციის ბურჯად საზოგადოებას შინაგან საქმეთა სამინისტრო მიაჩნდა. იმავდროულად, სწორედ კახა თარგამაძე იყო ის მინისტრი, რომელიც პრეზიდენტის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა. შინაგან საქმეთა მინისტრის ბოლო განცხადებები, უფრო ზუსტად, მუქარები, რომ იგი ბეჭებზე დადებს ყველას და რომ საქართველოს არავის დააღუპვინებს, - წმინდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა. სხვათა შორის, ეს ფრაზა, რომ მავანს და მავანს "საქართველოს არ დააღუპვინებს", კახა თარგამაძეს არაერთ საგაზეთო ინტერვიუში გაუმეორებია. ეს ფრაზა პირდაპირ გულისხმობს, რომ პოლიციის შეფს საკუთარი თავი ქვეყნის მთავარ პატრონად და გულშემატკივრად მიაჩნდა.

სწორედ ამ ორი ფაქტორის ერთობლიობა – ეჭვი კორუფციაში მონაწილეობაზე და პრეტენზია ქვეყნის პატრონობაზე, - იწვევდა და იწვევს საზოგადოების განსაკუთრებულ გაღიზიანებას.

ახლა გავიხსენოთ, როგორი წნეხის ქვეშ მოაქციეს "აღორძინების" პარტიის ლიდერებმა ტრანსპორტის მინისტრი მერაბ ადეიშვილი საქართველოს სანაოსნოს განადგურებასთან დაკავშირებით. მაშინ მინისტრის მიმართ პრესაში არაერთი ეჭვი გამოითქვა. თუმცა, სწორედ მერაბ ადეიშვილის მაგალითი ადასტურებს: კორუფციაში ეჭვმიტანილი მინისტრიც კი ნაკლებად საშიშ ფიგურად აღიქმება იმ შემთხვევაში, როდესაც იგი პოლიტიკურ ამბიციებს არ ამჟღავნებს.

ყველაფერი, რაც ზემოთ ვთქვით, აღმასრულებელ ხელისუფლებას ეხება. დღეს მოქმედი წმინდა პოლიტიკური ფიგურებიც, თავის მხრივ, სამ ჯგუფად შეიძლება დავყოთ.

პირველ ჯგუფში გაერთიანდებიან საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ლიდები, რომლებიც, არჩევნების შედეგების მიხედვით, პარლამენტის მიღმა აღმოჩნდნენ. ირინა სარიშვილი, დავით ბერძენიშვილი, ივლიანე ხაინდრავა, მამუკა გიორგაძე და შალვა ნათელაშვილი, კარგა ხანია, პოლიტიკურ პროცესებში მხოლოდ დამკვირვებლის და შემფასებლის სტატუსით მონაწილეობენ.

მეორე ჯგუფში ერთიანდებიან ახალი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ასპარეზზე 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოჩნდნენ. გოგი თოფაძე, ზურაბ ტყემალაძე, დავით გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდნენ და დღეს თავად იღებენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს. მაგრამ თითოეული მათგანის პოლიტიკურ საქმიანობას სპეციფიკურ დაღს ასვამს მათივე ბიზნეს-ინტერესები. ეს კი სერიოზულად ვნებს ახალი ლიდერების პოლიტიკურ იმიჯს.

რაც შეეხება მესამე ჯგუფს. მასში ერთიანდებიან ძველი, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ლიდერები, რომლებიც წლების განმავლობაში აყალიბებენ ქვეყნის პოლიტიკას. ბოლო დრომდე მათ შორის ყველაზე მეტად დაწინაურებული იყო ზურაბ ჟვანია. ამ პოლიტიკური გუნდის ფინანსურ საყრდენად, როგორც წესი, პრეზიდენტის ავტორიტეტით მოზიდული თანხები სახელდებოდა.

ედუარდ შევარდნაძესთან გამიჯვნის შემდეგ, ჟვანია-სააკაშვილის ოპონენტებმა უზუსტეს გზას მიაგნეს მათი დისკრედიტაციისთვის: პრესაში, კერძოდ, "ალიაში", "ახალ თაობასა" და "საქართველოს რესპუბლიკაში" ზედიზედ გამოქვეყნდა სტატიები ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის ფარული, მაგრამ ფართო სპექტრის ბიზნეს-ინტერესების შესახებ. ამ გუნდის სერიოზული გეგმებისა და პოლიტიკური ამბიციების ფონზე, ჟვანიასა თუ სააკაშვილის შესაძლო კლანური ინტერესები საგანგებოდ გააღიზიანებს პატიოსან მოქალაქეს. თუ პოლიტიკური გუნდის ლიდერები ვერ შეძლებენ მათ მიმართ გამოთქმული ეჭვების გაფანტვას, საზოგადოება მათ დაუპირისპირდება ზუსტად იმგვარადვე, როგორც დაუპირისპირდა ყველა ფიგურას, ვისაც ბრალად დაედო ფინანსურ და პოლიტიკურ ინტერესთა თანხვედრა.
XS
SM
MD
LG