Accessibility links

ღია პოლიტიკური ვნებები და ფარული დაპირისპირება სამხედრო პროკურატურაში


ყოფილი მთავარ სამხედრო პროკურორისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლის, გენერალ ბადრი ბიწაძის გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ აღზევებამ პოლიტიკური წრეების გარდა

არეულობა სამხედრო პროკურატურის ორგანოებშიც შეიტანა. სხვადასხვა სახის დანაშაულობათა კატასტროფული მატების პირობებში კი სამხედრო პროკურატურის პოლიტიზებით, შესაძლოა კიდევ უფრო გართულდეს სამხედრო სტრუქტურებში კანონიერების დაცვის არცთუ სახარბიელო მდგომარეობა.

საქართველოს სამხედრო პროკურატურის ათწლიანი ისტორია პირობითად შესაძლოა სამ პერიოდად დავყოთ და მათი ხელმძღანელების სახელებიდან გამომდინარე ასევე პირობითად ალექსანდრე შუშანაშვილის, ნუკრი გოგიტიძისა და ბადრი ბიწაძის პერიოდები ვუწოდოთ. სხვაობა მათ შორის თვალშისაცემია, რამდენადაც ეს პიროვნებები განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან სინამდვილისადმი დამოკიდებულებით.

თუ ალექსანდე შუშანაშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში სამხედრო პროკურატურა იმდენად დამოუკიდებელი გახლდათ თავის მოქმედებაში, რომ “აფხაზეთის სამხედრო მარცხის გამომწვევი მიზეზების შესწავლის დროს” მთელი მაშინდელი სამხედრო ხელმძღვანელობის საკითხის დაყენება მოითხოვა, ნუკრი გოგიტიძის პერიოდში სამხედრო პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს ლოიალურ ორგანოდ იქცა. ხოლო რაც შეეხება ბადრი ბიწაძეს, მისი გამთავარსამხედრო-პროკურორებით ამ მრავლტანჯული ორგანოს ცხოვრებაში პოლიტიზების მომქანცველი ხანა იწყება.

ეს პერიოდი სავსეა ისეთი მარგალიტებით, როგორიცაა მთავარ სამხედრო პროკურორის საჯარო დაპირისპირება თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრებთან, დაბოლოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარესთან. მაგრამ საოცარიც ისაა, რომ ყველა სკანდალური დაპირისპირება უმალვე ხოლმე “სამუშაო პროცესისთვის დამახასიათებელ უბრალო გაუგებრობად” მოინათლებოდა და მოქიშპე მხარეებს შორის მორიგებით, უფრო სწორად გარიგებით მთავრდებოდა. ასე ფიქრობს გაზეთ “ალიას” ჟურნალისტი დარეჯან სულაშვილი, რომელიც თავის დროზე სპეციალურად იკვლევადა ამ დაპირისპირების წარმომშობ მიზეზებს.

[დარეჯან სულაშვილის ხმა]”პირველი დაპირისპირება ჩაიფარცხა იმის გამო, რომ გენერალურმა პროკურორმა ბაბილაშვილმა არ დაუჭირა მაშინ ბიწაძეს მხარი. მაგრამ მაშინ ბიწაძემ არ გამოიჩინა რატომღაც თავისი პრინციპულობა და ბრძოლისუნარიანობა ბოლომდე. მეორე შემთხვევაში კი ეს უბრალოდ სასაცილო მიზეზით დარეგულირდა. როდესაც თევზაძე მიხვდა, რომ მას სამხედრო პროკურატურასთან ჭიდილი შორს ვერ წაიყვანდა და დაპირისპირება მორჩა მაშინ, რაც თევზაძემ გია ჯიქია ჩასვა ერთ-ერთ ოფიციალურ დელეგაციაში წევრად, როდესაც ის მიემგზავრებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად”

აღსანიშნავია, რომ ინტერვიუერს ჩვენთან საუბარში შემთხვევით არ უხსენებია ეს გვარი. დარეჯან სულაშვილი ამტკიცებს, რომ გია ჯიქია გახლდათ ბადრი ბიწაძის “ფავორიტი” მთავარ სამხედრო პროკურატურაში და სწორედ იგი იყო ყველა ინსპირატორი ყველა იმ დაპირისპირებისა, რაც თავის მხრივ ძალზე შორსმიმავალ მიზნებს ემსახურებოდა.
[დარეჯან სულაშვილის ხმა]”ჩემის აზრით უბრალოდ ბიწაძეს ამზადებდნენ არა გენერალური პროკურორის პირველი მოადგილეობისთვის, არამედ გენერალური პროკურორობისთვის. ბიწაძეს უბრალოდ სჭირდებოდა რაღაც ისეთი პრინციპული პროკურორის იმიჯის შექმნა. და ყველა ეს დაპირისპირება ინსპირირებული იყოს ყოველთვის გია ჯიქიას მხრიდან”

აღსანიშნავია, რომ გენერალ ბადრი ბიწაძის სკანდალური დაწინაურების შემდეგ, მთავარი სამხედრო პროკურორის სავარძელი სწორედ გია ჯიქიამ დაიკავა. ცნობისათვის გია ჯიქია ამ დანიშვნამდე სამხედრო პროკირატურაში მოკვლევაზე ზედამხედველობის განყოფილებას ხელმძღანელობდა. თავდაცვის სამინისტროში დღესაც იხსენებენ, რომ სწორედ მის ხელში გაიარა სამხედრო უწყებისათვის ზარალის მიყენების შესახებ მსხვილი სამეურნეო დანაშაულის საქმემ, რომლებზეც საბოლოოდ სისხლის სამათრალის არაღძვრის გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

რაც შეეხება თავად ახალ მთავარ სამხედრო პროკურორს. გია ჯიქია მიიჩნევს, რომ პრესაში გამოქვეყნებული მასალები არის იმის მცდელობა, რომ სამხედრო პროკურატურის ორგანოები ჩათრეული იქნეს პოლიტიკურ დაპირისპირებაში. გია ჯიქიას თქმით[გია ჯიქიას ხმა]“სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ დაპირისპირება ხდება თვით სამხედრო პროკურატურის თანამშრომლებს შორის”
აღსანიშნავია, რომ ამ შეშფოთების რეალური მიზეზი მართლაც არსებობს. დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გია ჯიქიასთან დაპირისპირების გამო თანამდებობას ტოვებს თბილისის სამხედრო პროკურორი, პოლკოვნიკი კობა კობიაშვილი, რომელიც ერთ-ერთ რეალურ კანდიდატურად სახელდებოდა მთავარი სამხედრო პროკურორის პოსტზე. ჩვენთან საუბარში კობა კობიაშვილმა არ დაადასტურა ეს ინფორმაცია და აღნიშნა, რომ იგი შვებულებაში იმყოფება. იგივეს ადასტურებს გია ჯიქია, რომელიც საკადრო ცვლილებების გატარებას ჯერჯერობით არ აპირებს.
[გია ჯიქიას ხმა]”ჩვენ დავუცდით იმ სამართალდამცავი ორგანოების რეფორმების გამტარებელი კომისიის რეკომენდაციებს, წინადადებებს და ალბათ მათი გათვალისწინებით მოხდება როგორც სტრუქტურული რეორგანიზაცია, ასევე საკადრო ცვლილებები. მაგრამ რაიმე საკადრო ცვლილებები, მათ შორის თბილისის გარნიზონის სამხედრო პროკურატურაში დღეისათვის არ იგეგემება”

მიუხედავად ასეთი წინააღმდეგობებისა, საქართველოს ახალი მთავარი სამხედრო პროკურორი ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებს და მისივე წინამორბედის, აწ უკვე გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის ბადრი ბიწაძის მსგავსად, სამხედრო სისტემაში გამეფებული კორუფციული დანაშაულობების წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება.

კობა ლიკლიკაძე, თბილისი
XS
SM
MD
LG