Accessibility links

logo-print

პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი თავდაპირველად შემოგთავაზებთ კრიმინალურ თემატიკას, რომელიც ერთ-ერთი მთავარი იყო გასული კვირის პრესაში.

11-13 დეკემბრის გაზეთ “ახალი ეპოქის” თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელიც ცივილიზებულ სამყაროში 10-დეკემბერს აღნიშნა, ჩვენი ქვეყანა მთლად სადღესასწაულოდ ვერ შეხვდა. თუმცა, სწორედ ამ თარიღს დაემთხვა-როგორც სამართალდამცავნი აცხადებენ-პანკისის ხეობაში დატყვევებული იაპონელი ჟურნალისტისა და ესპანელი ბიზნესმენების გათავისუფლება.
11 დეკემბრის “დილის გაზეთი” წერს, რომ:

10 დეკემბერს თბილისის აეროპორტიდან აფრინდა ესპანეთის სამეფოს გერბიანი თვითმფრინავი, რომლითაც ესპანელი ბიზნესმენები-ანტონიო ტრემინიო და ფრანსისკო როდრიგესი მათთვის საძულველი საქართველოდან სამუდამოდ გაფრინდნენ. თვითმფრინავი მათ ესპანეთის მეფემ ხუან კარლოსმა გამოუგზავნა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა აზნარმა, ეროვნული დღესასწაულის მიუხედავად, სპეციალური განცხადებაც გააკეთა და ერს აცნობა, რომ ერთწლიანი ტყვეობის შემდეგ თანამემამულენი, როგორც იქნა, გათავისუფლდნენ.

“დილის გაზეთი” აღნიშნავს, რომ ესპანეთისა და ევროპის მედია ამ ამბავს აქტიურად გამოეხმაურა, მაგრამ საქართველოსათვის ამ გამოხმაურებაში სასიკეთო არაფერია. სხვა საქმე იქნებოდა, ამ ამაზრზენი დანაშაულისთვის ვინმე რომ იყოს დაკავებული, მაგრამ რაკი პასუხისმგებელი, ეჭვმიტანილი ან ბრალდებული არავინ ჩანს, ევროპელ ჟურნალისტებს ისღა დარჩენიათ, ივარაუდონ, რომ მძევლები მხოლოდ ფულადი გამოსასყიდის ფასად გაათავისუფლეს.

თანაც, ესპანელები პანკისში ან თუნდაც სადმე სოფელში ხომ არ გასულან? ისინი თბილისიდან გაიტაცეს და 200 კილომეტრის მოშორებით მდებარე ხეობაში გადაიყვანეს დაუბრკოლებლად. თვით ესპანელი ბიზნესმენების გაავებაც, მათი სიტყვებიც საქართველოს მისამართით გამოთქმული, გასაკვირი არ არის-ხუმრობაა, ადამიანებმა ცხოვრების ერთი წელი დაკარგეს, 12 თვე და 12 დღე გაატარეს ჯოჯოხეთურ პირობებში, სადაც მათ პირუტყვებივით ექცეოდნენ.

ევროკომისიის წევრის გიუნტერ ბოიხელის მკვლელობასთან დაკავშირებით, 14 დეკემბრის გაზეთი “ახალი 7 დღე” წერს, რომ გამოძიება ამ ეტაპზე გაქურდვის მიზნით მკვლელობის ვერსიას იზიარებს. თუმცა ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ, შესაძლოა, საქმე გვქონდეს წინასწარი განზრახვით, პოლიტიკური მიზნით ჩადენილ დანაშაულთან, რადგან უცხოელი მოქალაქეების მოღვაწეობა საქართველოში არ შეესაბამება რუსეთის ინტერესებს.

ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ უცხოელებზე განხორციელებული თავდასხმები სამართალდამცავთა მიერ იმართება. ასეთი ვარაუდის საფუძველი არის ის, რომ უცხოელ მოქალაქეებზე თავდასხმის ფაქტებმა სერიული სახე მიიღო, სამართალდამცავებმა კი დამნაშავეები ვერ აღმოაჩინეს.

13 დეკემბრის გაზეთ “რეზონანსის” თქმით, გერმანელი დიპლომატის მკვლელობას, შესაძლოა, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დახმარების შეწყვეტა მოჰყვეს. გაზეთი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ ბოიხელის მკვლელობის გამოძიების განსაკუთრებული მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეახსენა სამართალდამცავებს.

წერილში ნათქვამია, რომ ვალერი ხაბურძანიას განცხადებით, უშიშროების სამსახურის კომპეტენციაში ამ საქმის გამოძიება არ შედის. თუმცა, უშიშროების მინისტრი აპირებს, სტატისტიკა და ანალიზი უცხოელებზე თავდასხმასთან დაკავშირებით მოიძიოს.

“რეზონანსი” გვამცნობს, რომ:

თბილისის პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნანა ლომაიას განცხადებით, თბილისის პროკურატურამ რამდენიმე თვის წინათ განიხილა უცხოელებზე გახშირებული თავდასხმების შესახებ სტატისტიკური მონაცემები და წინადადებაც გაუგზავნა შესაბამის სამსახურებს, რომ ამ მხრივ კონტროლი გამკაცრებულიყო. უცხოელების დაცვას და სპეციალური სამსახურის შექმნას აპირებს შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი.

13 დეკემბრის გაზეთი “ჯორჯიან თაიმსი” წერს, რომ ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობაში ბრალდებულმა გრიგოლ ხურცილავამ-იგივე “გრიცკომ”-წინასწარი დაკავების საკანში თვითმკვლელობა სცადა. გაზეთის თქმით, მართალია, ხურცილავა ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების საკანში არ ზის, მაგრამ ცნობილია, რომ პატიმარი ყველაფერს ახარხებს და განსაკუთრებით ქართულ ციხე-კოლონიებში. აი, სწორედ აქედან მიიღეს ინფორმაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ჩინოსნებმა ხურცილავას შესაძლო თვითმკვლელობის თაობაზე. ეს ინფორმაცია სასწრაფოდ გადაეცა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს.

შემდეგ “ჯორჯიან თაიმსი” წერს:

ალბათ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ხურცილავას თვითმკვლელობა სანაიას საქმის ბოლომდე გახსნას სერიოზულად შეაფერხებს-ფაქტობრივად შეუძლებელს გახდის.ამიტომ, თუ ვინმემ მართლაც დაუკვეთა “გრიცკოს” გიორგი სანაიას მკვლელობა ან მკვლელობის თავის თავზე აღება, შემკვეთისთვის უსაფრთხოების გარანტი მხოლოდ “გრიცკოს” სიკვდილი უნდა გახდეს. ამ გარემოებამ უნდა დააფიქროს გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროც. აგრეთვე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე და სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი.

“ჯორჯიან თაიმსის” წერილის დასასრულს კი ვკითხულობთ-ციტატა: თავს უფლებას ვერ მივცემთ, რომ არ გავახმოვანოთ ის სიტყვები, რომლებიც, სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ექს-მინისტრს, კახა თარგამაძეს, ახლობლების წრეში უთქვამს-გრიგოლ ხურცილავა მკვლელი არ არის-ციტატის დასასრული.

ახლა კი შევეხებით ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში გაჩენილ იმ დაპირისპირებას, რის შესახებაც 14 დეკემბრის “რეზონანსი” წერს:

პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს საკანონმდებლო ორგანოში პირველი სერიოზული უსიამოვნება მეუღლის გამო შეხვდა. გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ ბადრი ბიწაძის დანიშვნის ფაქტს ფრაქცია “ახალი მემარჯვენეები” ხელისუფლებაში ახალი ოჯახური კლანის შექმნად აფასებს.

გიგა
გაზეთის თქმით, ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოში ხელისუფლების ორი სხვადასხვა შტოს ხელმძღვანელ თანამდებობაზე ერთი ოჯახის წარმომადგენლები პირველად მოხვდნენ. პარლამენტში “ახალი მემარჯვენეების” შეფასებას იზიარებენ “აღორძინების” წევრებიც. წერილში ამასთანავე აღნიშნულია, რომ ამტყდარი აურზაურის მთავარი გმირი ბადრი ბიწაძე თავის დანიშვნაში სკანდალურს ვერაფრს ხედავს. მისი განცხადებით-ციტატა: ჩემი მოადგილედ დანიშვნა კანონს არანაირად არ ეწინააღმდეგება. პროკურატურას სხვა ფუნქციები გააჩნია,
პარლამენტს კი- სხვა. კორუფციასთან ბრძოლის და რეფორმების დროს თუ პროკურატურას პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა ექნება, ეს ქვეყნის ინტერესებში შედის და არა ოჯახურ ინტერესებში-ციტატის დასასრული.

“რეზონანსი” აგრეთვე წერს, რომ პარლამენტში ბევრმა გაიხსენა კობა ნარჩემაშვილის ძმის მისაბაძი მაგალითი. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე კობა ნარჩემაშვილის დამტკიცების დღესვე, მისმა ძმამ, რომელიც რაიონის საგზაო პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელობდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.

14 დეკემბრის “დილის გაზეთში” საუბარია აფხაზეთის სტატუსის პროექტზე ანუ თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის დოკუმენტზე, რომელიც ამ დღეებში მეგობარმა ქვეყნებმა შეათანხმეს და დიტერ ბოდენს, გაეროს გენერალურ წარმომადგენელს საქართველოში, მხარეებისთვის გადასაცემად გადააბარეს. მაგრამ გაზეთის თქმით, ეს დოკუმენტი საქართველოში თვალით არავის უნახავს.

“დილის გაზეთი” წერს:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი დარწმუნებულია, რომ არძინბა და მისი თანამოაზრეები ამ დოკუმენტს არ მოიწონებენ და ეს ყველამ იცის, გაერომაც და საქართველოს პრეზიდენტმაც. შესაბამისად გაეროს გაუჩნდება შესაძლებლობა, ამტკიცოს, რომ შედგა კარგი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც აფხაზეთის სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში უნდა განსაზღვრულიყო, მაგრამ აფხაზებმა ის არ მიიღეს.

“დილის გაზეთი” აგრეთვე აღნიშნავს, რომ ფრაქცია აღორძინების თავმჯდომარის ჯემალ გოგიტიძის უნდობლობას იწვევს ის დოკუმენტი, რომელიც ამ დღეებში ასლან აბაშიძემ მიიღო. ჯემალ გოგიტიძემ განაცხადა-ციტატა: სახტად დავრჩი. პრეზიდენტის პირად წარმომადგენლად ასლან აბაშიძის დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტი ერთწინადადებიანი აღმოჩნდა. მასში არაფერია ნათქვამი პრობლემების მოგვარების მთავარ პრიორიტეტებზე, რაც თავისთავად აფხაზეთის პრობლემისადმი და ამ დანიშვნისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიანიშნებს-ციტატის დასასრული.

ამავე თემას ეძღვნება 15 დეკემბრის "რეზონანში" გამოქვეყნებული წერილი, სადაც ნათქვამია, რომ გაეროს მიერ შეიმუშავებული პროექტი-სუვერენული აფხაზეთი სუვერენული საქართველოს შემადგენლობაში-აფხაზეთს ახალ სტატუსს ანიჭებს. ქართული მხარე ამ პროექტს არ იზიარებს. გაზეთის თქმით, პროექტი ქართულ მხარეს განსახილველად ჯერ არ მიუღია. "რეზონანსი" წერს, რომ თუ გაერო პროექტს შეცვლის და აფხაზეთს ერთ სახელმწიფოში დამოუკიდებელ წარმონაქმნად აღიარებს, ქართული მხარე პროექტის განხილვას დათანხმდება. თუ ასე არ მოხდება, აფხაზები და ქართველები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

პრესის მიმოხილვა მოამზადა გიორგი კაკაბაძემ, მასთან ერთად ტექსტს კითხულობდა თამარ ჩიქოვანი.
XS
SM
MD
LG