Accessibility links

logo-print

ოქროს საუკუნე


ერთი კვირის წინ, პროგრამა “ოქროს საუკუნეში” ჩვენ გავიხსენეთ ოთარ იოსელიანის ფილმი “იყო შაშვი მგალობელი”, რომლის ეკრანებზე გამოსვლიდან 30 წელი გავიდა.

საქართველოში მჟავანაძის ეპოქა დასრულდა, რუსეთში კი დაიწყო ე.წ. “უძრაობის ხანა”, რომელმაც დიდი ხნით დაასამარა სამოციანელთა იდეალები. "ოქროს საუკუნის" დღევანდელ გამოშვებაში, რომელსაც თბილისის სტუდიაში უძღვება გიორგი გვახარია, მოვიგონებთ 1971 წლის საბჭოთა კულტურას და ადამიანებს, რომლებიც იმხანად იმსხვერპლა ბრეჟნევის ეპოქამ.

[ხმა. მუსიკა ფილმიდან “მექანიკური ფორთოხალი”]

ამ მელოდიას სტენლი კუბრიკის ფილმიდან “მექანიკური ფორთოხალი” 1971 წელს მთელი დასავლეთი ამღერებდა. ბრიტანეთიდან ამერიკაში გადახვეწილმა რეჟისორმა ისევ ბრიტანეთში გადაიღო ფილმი, რომელიც, შესაძლებელია, ევროპელ სამოციანელთა უკანასკნელ განაცხადად იქცა 1968 წლის ამბების შემდეგ. ევროპელმა ინტელექტუალებმა მარცხი განიცადეს და “მექანიკურ ფორთოხალში” აღიარეს ეს მარცხი. აღიარეს, რომ ძალაუფლების აპარატი ადამიანის თავისუფლების ჩახშობის, დათრგუნვის უამრავ მექანიზმს ფლობს, აღიარეს, რომ ხელისუფლებამ, რომელსაც 68 წლის თაობა აუმხედრდა, ისინი – ეს დაუოკებელი, დაუმორჩილებელი რადიკალები – მსახურებად აქცია, ბევრი მათგანი ხელისუფლებაში მოიყვანა და სწორედ ის გახადა, ვისაც ებრძოდნენ ანტიბურჟუაზიული ამბოხების ორგანიზატორები. “მექანიკურ ფორთოხალში” სტენლი კუბრიკმა დასავლური ლიბერალიზმი, უფრო ზუსტად კი, 60-იანელთა ლიბერალიზმი დაასაფლავა. 1971 წელს კუბრიკის ფილმის პრემიერას სემ პეკინპას “ჩალის ნაგაზების” პირველი ჩვენება მოჰყვა. ახლა უკვე ამერიკელმა კინემატოგრაფისტებმა აღიარეს ლიბერალური ფასეულობების სრული კრახი. ძალადობა ამ ფილმშიც ძალადობას ბადებს. ძალადობის მსხვერპლი, უკეთილშობილესი ინტელექტუალი, რომელიც ქრისტიანული მცნებებით ცხოვრობდა, ბოლოს და ბოლოს თავად ხდება მოძალადე და თავის დაცვის მიზნით, ადამიანებს ხოცავს. დასავლურმა კულტურამ კრიზისის ეპოქაში თვითკრიტიკის ჩვეულ მეთოდს მიმართა და ამ გზამ გადაარჩინა კიდეც. საბჭოთა კავშირში, მათ შორის საქართველოში, კულტურის კრიზისის აღიარებისთვის არავის ეცალა. იმხანად, როცა სტენლი კუბრიკის ალექსი უმოწყალოდ უსწორდებოდა მსხვერპლს, 30 წლის წინ ალექსის როლი კრემლმა აიღო თავის თავზე. 1971 წელს ჩატარდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ოცდამეოთხე ყრილობა, რომელმაც ფაქტობრივად გამოაცხადა ე.წ. “ოტტეპელის” ეპოქის დასასრული. ამავე წელს აკადემიკოსმა სახაროვმა ბრეჟნევს ე.წ “სამახსოვრო ბარათი” გაუგზავნა, ებრაელთა ემიგრაცია ისრაელში მასობრივი გახდა. აღმოჩნდა, რომ ერთი წლით ადრე, ტვარდოვსკის განთავისუფლება ჟურნალ “ნოვი მირის” მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან შემთხვევითი არ იყო. 1971 წელს ტვარდოვსკი გარდაიცვალა. ამავე წელს გარდაიცვალა მიხაილ რომიც, ანუ ის ადამიანები, რომელთაც ხალხი საბჭოთა “სამოციანელების” იდეოლოგებად მიიჩნევდა, ადამიანები, რომლებიც კომუნისტურ იდეალებს ქრისტიანობას დაესესხნენ, რომელთაც გულით და სულით სწამდათ “კეთილშობილი სოციალიზმის”. 60-იანი წლების საბჭოთა კულტურა, და არა მარტო კინემატოგრაფი, მართლაც დიდ ილუზიონს ჰგავდა. ზნეობრივ, იდეოლოგიურ ილუზიონს. 30 წლის წინ, ისევე როგორც დასავლეთში, აქაც, საბჭოთა კავშირშიც, ცხადი გახდა, რომ ილუზიონი დასრულდა. მაგრამ დასავლელი ინტელექტუალებისგან განსხვავებით, საბჭოთა კულტურის მუშაკებმა “მტრის ხატის” ძებნა არა საკუთარ თავში, არა ადამიანის ბუნებაში, არამედ ტოტალიტარულ ხელისუფლებაში დაიწყეს. ამის საშუალება მათ თავად ხელისუფლებამ მისცა, თუმცა ხელისუფლებასთან დაპირისპირება დღევანდელი გადასახედიდან არ შეიძლება ცალსახად აიხსნას. და არა მარტო დღევანდელი გადასახედიდან. სანამ საბჭოთა კავშირში ინტელექტუალებზე შეტევა დაიწყებოდა, ორი წლით ადრე ვლადიმირ კორმერმა დაასრულა ნაშრომი სახელწოდებით “ინტელიგენციის ორმაგი ცნობიერება”, რომლის გამოცემა მხოლოდ ოცი წლის შემდეგ, ავტორის გარდაცვალების შემდეგ მოხერხდა. კორმერმა პირველმა აღიარა საბჭოთა ინტელიგენციის “გაორებული ცნობიერება”. “ინტელიგენცია ხელისუფლების დამხობას ელის” – აღნიშნავდა ვლადიმერ კორმერი – “იმის იმედი აქვს, რომ ეს ოდესმე მაინც მოხდება, მეორე მხრივ კი აგრძელებს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას”.

[ხმა. ალექსანდრე გალიჩი]

ამ სიმღერის ავტორი და შემსრულებელი, ალექსანდრე გალიჩი სწორედ 1971 წელს გარიცხეს საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირიდან. თუმცა ამ ფაქტს საზოგადოების, მათ შორის ინტელიგენციის მასობრივი გამოხმაურება არ მოჰყოლია. შესაძლებელია გალიჩი ვლადიმირ ვისოცკი რომ ყოფილიყო და მაგალითად, ტაგანკის თეატრიდან რომ გაერიცხათ, მოსკოვში მართლაც მოეწყოთ საპროტესტო მსვლელობები. მაგრამ ახლადაგორებული ანტისემიტური ისტერიის ფონზე ხელისუფლებამ იცოდა, რასაც აკეთებდა. გალიჩი მწერალთა კავშირიდან გარიცხეს, ვლადიმირ ვისოცკის კი ტაში დაუკრეს, როცა ამავე წელს, ტაგანკის სცენაზე მან “ჰამლეტი” განასახიერა ლიუბიმოვის სპექტაკლში. საერთოდ, “უძრაობის ხანა” ასე ვთქვათ “კულტურული წონასწორობის” მკაცრი დაცვით დაიწყო – 1971 წელს ბოლოს და ბოლოს გამოიცა სერგეი ეიზენშტეინის თხზულებათა ექვსტომეული, აღინიშნა დოსტოევსკის დაბადების 150 წლისთავი, ეკრანებზე დაუშვეს ფილმები, რომელთა ავტორები ისევ და ისევ “სამოციანელთა იდეალებს” ამკვიდრებდნენ – ანდრეი სმირნოვის “ბელორუსიის ვაგზალი”, ალოვისა და ნაუმოვის “სრბოლა”, ანდრეი მიხალკოვ-კონჩალოვსკის “ძია ვანია”. კონჩალოვსკის ფილმის პრემიერა ბრეჟნევის ხელისუფლების ჯერ კიდევ ფრთხილი პოლიტიკის ყველაზე მკაფიო ნიმუში იყო. ანდრეი მიხალკოვ-კონჩალოვსკი ხომ პირველი საბჭოთა რეჟისორია, რომელსაც იმხანად კრემლი დაუპირისპირდა. მისი ფილმი “ასა კლიაჩინა” პირველი ფილმია, რომელიც “უძრაობის ხანას” შეეწირა. “ძია ვანიას” მოწონებით ბრეჟნევის იდეოლოგები კინემატოგრაფიული ელიტის დაბნევას ცდილობდნენ. 1971 წელი ხომ სარეკორდო აღმოჩნდა აკრძალული ფილმების რაოდენობით. სწორედ ამ წელს შემოდეს თაროზე კირა მურატოვას “ხანმოკლე შეხვედრები” და ანდრეი ტარკოვსკის “ანდრეი რუბლიოვი”, ანუ ცენზურამ პირველი შეტევა იმ ფილმებზე განახორციელა, რომელიც შემოქმედის, მხატვრის, თუ გნებავთ, ასე ვთქვათ, ინტელიგენტის ცხოვრებას ასახავდა. “ანდრეი რუბლიოვში” ისტორიას სისხლიანი ღალატის მთელი თაიგული ცვლის. მხატვარს ამ შავ-თეთრ გარემოში არაფერი ესაქმება. მაგრამ იგი მაინც ხატავს – იგი ფერს ქმნის. “ხანმოკლე შეხვედრებში” ინტელიგენტი ასევე მიდის. მას აქ ე.წ. “უბრალო ადამიანი”, “მუჟიკი” ჩაენაცვლება. გავა რამდენიმე წელი და რუსი რეჟისორი ილია ავერბახი გაქცევის, გამგზავრების ამ სახეს თავისი ფილმის “სხვისი წერილების” კოდად აქცევს. ფილმის ფინალში მოხუცი ცოლ-ქმარი, მასწავლებლები, აგრეთვე გაურკვეველი მიმართულებით იღებს გეზს. საბარგო მანქანიდან, რომელსაც ისინი სადღაც მიჰყავს, წიგნები ცვივა. საბჭოთა ინტელიგენცია გარბის და ქვეყანას “უბრალო ადამიანებს”, ანუ მუჟიკებს უტოვებს. უბრალო ადამიანის ეს კულტი წარმოჩინდება აღმოსავლეთი ევროპის ხელოვნებაშიც – სწორედ 1971 წელს გამოდის ეკრანებზე იუგოსლაველი რეჟისორის დუშან მაკავეევის ფილმი “ორგანიზმის საიდუმლო”, რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტურ ბელგრადში მცხოვრებმა რეჟისორმა ვილჰელმ რაიხის ხსოვნას მიუძღვნა. აქ პარიკმახერი, თუ კოსმეტოლოგი ქალბატონი შეიყვარებს მსოფლიოს ჩემპიონს ფიგურულ სრიალში, რა თქმა უნდა, საბჭოთა ყმაწვილს და ინტელიგენტ, სილამაზის მოტრფიალ ვაჟბატონს გადარევს თავისი ტემპერამენტითა და სექსუალური ფანტაზიებით. ძალაუფლებას დუშან მაკავეევის ფილმში პროვინციელი გოგონა დაეუფლება. ინტელიგენტი აქაც კასტრირებული იქნება.

1971 წელს საქართველოშიც მზადდებოდა გადატრიალება. ეს არ იქნება “მუჟიკების” “სექსუალური რევოლუცია”, აღწერილი დუშან მაკავეევის ფილმში. იქნება რბილი გადატრიალება, როცა ხელისუფლებაში “უბრალო ადამიანი” მოვა და მაშინვე დაიმორჩილებს ქართულ ინტელიგენციას და ბრწყინვალედ დაიცავს “კულტურულ წონასწორობას”.
XS
SM
MD
LG