Accessibility links

logo-print

წავა თუ არა ელენე თევდორაძე ემიგრაციაში


დავით პაიჭაძე, თბილისი ორშაბათს, 17 დეკემბერს ქართულ პრესაში გამოჩნდა ცნობა, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ელენე თევდორაძე ემიგრაციაში წასვლასა და პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნაზე ფიქრობს.

ამთავითვე უნდა ითქვას – ხმები პარლამენტარ ელენე თევდორაძის საქართველოდან შესაძლო ემიგრირების შესახებ გადაჭარბებულია. ქვეყნიდან წასვლა დეპუტატს გადაწყვეტილი არასოდეს ჰქონია. უბრალოდ, რამდენიმე თვის წინ მასმედიაში აგორებულმა კამპანიამ აფიქრებინა, რომ თავად ელენე თევდორაძისა და იმათ წინააღმდეგ, ვისაც თევდორაძე თანაგუნდელებად იხსენიებს, პოლიტიკური დევნა იწყებოდა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ჩემთან საუბრისას განაცხადა, რომ იმხანად გაუგებარი ვითარება შეიქმნა: მას არ ესმოდა, ჟურნალისტები ესხმოდნენ თავს თუ შეტევის სათავე პროკურატურაში უნდა ეძებნა. სიტუაციის გარკვევამდე თევდორაძეს გაჩენია აზრი, რომ გამწვავების შემთხვევაში შეიძლებოდა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნაზე ეფიქრა. თევდორაძე შეხვდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, ნუგზარ საჯაიას და დარწმუნდა, რომ პროკურატურას არანაირი (არათუ ნამდვილი, შეთითხნილიც კი) მასალა არ გააჩნდა თევდორაძის საკომპრომეტაციოდ და, შესაბამისად, არც საფუძველი ჰქონდა სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად. როგორც თევდორაძემ თქვა, მან ბევრი სიბინძურე შეიტყო იმ პერიოდში, ოღონდ ლაპარაკი ამაზე არ სურს. საჯაიასთან შეხვედრის შემდეგ დეპუტატი დამშვიდდა და პოლიტიკური თავშესაფრის საკითხიც აღარ წამოჭრილა. [თევდორაძის ხმა]: “მე ჩავთვალე, რომ პროკურატურა გახდა პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი და ძალიან მაინტერესებდა, ვის ხელში იყო ეს ინსტრუმენტი. მე ეს დავადგინე და ვისი ინსტრუმენტიც იყო, დღეს ის კაცი თანამდებობაზე აღარ არის და თვით გენპროკურორიც გადადგა; მაგრამ იმ პერიოდში მე მქონდა შეგრძნება, რომ ჩემს წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა იწყებოდა და ყოველთვის მიკვირდა, რატომ უნდა იდევნებოდეს ადამიანის უფლებათა დამცველი. მიჩნდებოდა კიდეც სურვილი, თუ ასე გაგრძელდებოდა, პოლიტიკური თავშესაფრის საკითხი დამეყენებინა; მაგრამ მას შემდეგ, რაც სიტუაციაში გავერკვიე და გადადგა შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალური პროკურორი – უბრალოდ, დავმშვიდდი: შეიძლება, დროებით, მაგრამ ახლა მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო შანტაჟი ჩემს წინააღმდეგ და არავითარი სერიოზული საფუძველი ამას არ ჰქონია”.

ელენე თევდორაძის ხსენებულ პოლიტიკურ დევნას რაიმე მიზეზი უნდა ჰქონოდა; ჩემს კითხვას, იერიში თევდორაძის წინააღმდეგ პანკისის ხეობაში მის სტუმრობასა და გიორგი სანაიას მკვლელობასთან თითქოს დაკავშირებული ვიდეოკასეტის თემის გამწვავებას ხომ არ მოჰყვა, დეპუტატმა უარი შეაგება და დევნის მიზეზი ასე განმარტა [თევდორაძის ხმა]: “მე ის მიზეზები მქონდა, რომ ვიღაცას ძალიან უნდოდა ჩემი შეშინება, რათა მე შემეწყვიტა კრიტიკა და რადიკალური გამოსვლები უწინარესად პრეზიდენტის, შემდეგ გენერალური პროკურორისა და კახა თარგამაძის წინააღმდეგ მათ ინსტიტუციურ დაწესებულებებთან ერთად. აი, ეს იყო და არანაირი პანკისის ხეობის ბრალი აქ არ ყოფილა”.
XS
SM
MD
LG