Accessibility links

ქართულ-აფხაზური ურთიერთობა ტყვეებისა და ცხედრების გაცვლით შემოიფარგლება


აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დასრულებიდან რვა წელი გავიდა, მაგრამ კონფლიქტის მოწესრიგების საქმეში მხარეებმა წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწიეს.

აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსსა და ლტოლვილთა დაბრუნებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ქართულ-აფხაზური ურთიერთობები დღემდე ტყვეებითა და ცხედრებით მანიპულირების დონეს ვერ გასცადა. ამას ემატება “კოდორის ხეობის” პრობლემა, რომლის მცირერიცხოვანი მოსახლეობა მერვე წელია ომის განახლების მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრობს.

16 დეკემბერს ენგურის ხიდთან ტყვეებით ვაჭრობის მორიგი სამარცხვინო ფაქტი მოხდა. თითქმის ერთთვიანი მოლაპარაკების შემდეგ, ოთხი ქართველი პარტიზანის ცხედარი ორ ცოცხალ აფხაზ პოლიციელში გაიცვალა.

ცოცხლების მკვდრებზე გაცვლა ქართულ-აფხაზური სისხლიანი დაპირისპირების მეტად საშიში სიმპტომია და მისი სიცოცხლისუნარიანობა კონფლიქტის სამშვიდობო მოწესრიგების პროცესის არაქმედითუნარიანობაზე მეტყველებს. რვა წლის განმავლობაში ტყვეების გაცვლის უამრავი შემთხვევა მოხდა, მაგრამ არავინ დაინტერესებულა, თუ რა პირობებში ამყოფებენ დატყვევებულ ადამიანებს, განსაკუთრებით დაღუპულთა ცხედრებს.

საგულისხმოა, რომ 16 დეკემბერს, ზუსტად იმ დღეს, როდესაც ენგურის ხიდზე ცოცხალ აფხაზ პოლიციელებს პარტიზანების ცხედრებზე ცვლიდნენ, გალის რაიონში აფხაზურმა მხარემ საქართველოს კიდევ ოთხი მოქალაქე დააკავა. ოთხიდან სამი ზუგდიდის რაიონის მცხოვრებია, ერთი – აფხაზეთიდან დევნილი, რომელიც აჭარაში ცხოვრობს. თავის მხრივ გალის ტერიტორიაზე მოქმედ ქართულ შეიარაღებულ ჯგუფს მძევლად ჰყავს აყვანილი ორი აფხაზი.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური თბილისი და სოხუმის ხელისუფლება არავითარ ზომებს არ მიმართავენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მეტიც – სექტემბერ-ოქტომბერში კოდორის ხეობაში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების პროცესი თითქმის გამოუვალ ჩიხში მოექცა. კოდორის ხეობაში ქართული სამხედრო ფორმირებების შეყვანის თაობაზე, ბოლო დღეებში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერებმა კვლავ მოუხშირეს მუქარებს. სოხუმის მთავრობის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გივი აგრბას განცხადებით, “თუ ოფიციალური თბილისი სასაწრაფოდ არ გაიყვანს თავის რეგულარულ ქვედანაყოფებს, აფხაზეთი შესაბამის ზომებს მიიღებს შეიარაღებული პირებისგან ხეობის გასათავისუფლებლად”. თავის მხრივ, სოხუმი გარანტიას იძლევა, რომ ამ რეგიონში თავის ფორმირებებს არ შეიყვანს. აღსანიშნავია, რომ კოდორის ხეობიდან ქართული საჯარისო ქვედანაყოფების გამოყვანის მოთხოვნას მხარს უჭერს გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი დიტერ ბოდენიც, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი ხელს უშლის მხარეთა შორის მოლაპარაკების პროცესის განახლებას.

თუმცა ამ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური მოსაზრების დაფიქსირებას არ ჩქარობს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ძალიან რთულ ვითარებაშია. 1994 წლის მაისის ხელშეკრულება მას ერთის მხრივ აიძულებს გამოიყვანოს თავისი ქვედანაყოფები კოდორის ხეობიდან, მეორე მხრივ კი ქართველი ჯარისკაცების გამოსვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ხეობის მოსახლეობა, რომლის პოზიცია
რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულმა ემზარ კვიციანმა ასე ჩამოაყალიბა: [ემზარ კვიციანის ხმა] ”შეიძლება თავდაცვის სამინისტრო ამის თანახმა წავიდეს, მაგრამ მაგათ (ქართველ ჯარისკაცებს) მოსახლეობა აღუდგება წინ და აღარ გამოუშვებს. ისევე, როგორც გუდაუთიდან არ გაუშვეს რუსები”.

ამასთან კვიციანის თქმით ჯერჯერობით კვლავ პირველი რიგის პრობლემად რჩება კოდორის ხეობის მოსახლეობისა და 400 მდე სამხედრო მოსამსახურის სურსათით უზრუნველყოფა ზამთრის მკაცრ კლიმატურ პირობებში. [ემზარ კვიციანის ხმა] ”მე კომისია მყავს გამოყოფილი მაგ საკითხთან დაკავშირებით და ნელ-ნელა, როცა საშუალება იქნება ვერტმფრენებით, რომ ზამთარში, მშიერი არავინ არ მყავდეს. გაზაფხულზე, უკვე მაისში, ვფიქრობ, რომ გზა გავხსნა და კოლონით ყველაფერს შევიტან აბსოლუტურად.”

კოდორის ხეობის დასახმარებლად მეორე თვეა სპეციალური შემოწირულობები გროვდება საქართველოს ბანკის ანგარიშზე. 15 დეკემბერს კი კოდორის ხეობაში გაემგზავრა პარლამენტართა ჯგუფი თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გია ბარამიძის ხელმძღვანელობით. პარლამენტარების მთავარი მიზანი პირველ ხეობაში მყოფი ქართული სამხედრო შენაერთების მდგომარეობის გაცნობაა.
XS
SM
MD
LG