Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ, სახელმწიფო მინისტრის პოსტზე უნდა გადაინაცვლოს


პრეზიდენტმა, როგორც იქნა, არჩევანი გააკეთა და სახელმწიფო მინისტრის პოსტზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის, ავთანდილ ჯორბენაძის, კანდიდატურა დაასახელა.

სახელმწიფო კანცელარიაში ვარაუდობენ, რომ ავთანდილ ჯორბენაძეს პარლამენტის მხარდაჭერის მოპოვება არ გაუჭირდება.

კარგად ერკვევა სოციალურ საკითხებში, გააჩნია ორგანიზატორული ნიჭი, არის კომუნიკაბელური და არც ერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას არ მიეკუთვნება. აი, ის კრიტერიუმები, რომელთა გამოც პრეზიდენტმა სახელმწიფო მინისტრის პოსტზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის კანდიდატურის დასახელება გადაწყვიტა.

იმის გათვალისწინებით, რომ მინისტრად დამტკიცებისას, ჰუმანიტარული და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს შორის ჯორბენაძემ ერთგვარი რეკორდი დაამყარა და 190 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, მას არც სახელმწიფო მინისტრად დამტკიცება არ უნდა გაუჭირდეს. პარლამენტის ცალკეულმა ფრაქციებმა უკვე გამოხატეს პოზიცია ავთანდილ ჯორბენაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ჯორბენაძეს მხარს არ დაუჭერს ახალი ფრაქცია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები ქმნიან, სამაგიეროდ მას ერთხმად დაუჭერენ მხარს სოციალისტები, იმის გამო, რომ მწირი რესურსების პირობებშიც ახერხებდა გადაუდებელი პრობლემების მოგვარებას, ტრადიციონალისტებიც, რადგან თვლიან, რომ ჯორბენაძე იყო ერთადერთი მინისტრებს შორის, ვისაც სახელმწიფო ბიუჯეტში ზუსტად გაწერილი პროგრამული დაფინანსების პროექტის წარდგენა შეეძლო.

ასეა თუ ისე, სფეროს, რომელსაც ავთანდილ ჯორბენაძე წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა, იქ წამოწყებული რეფორმის სასიკეთო შედეგები არ დასტყობია. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული პრობლემები, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეული პრობლემებია, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ არსებობას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. რა გააკეთა ავთანდილ ჯორბენაძემ მის საკურატორო სფეროში არსებული სერიოზული ხარვეზების გამოსასწორებლად, მთავრი არ არის. მთავარია, რომ ის კომუნიკაბელური ადამიანია. შევარდნაძის თქმით კი კომუნიკაბელურობა ის თვისებაა, რომელიც სახელმწიფო მინისტრს სჭირდება.

1995 წელს ჯანდაცვის მინისტრად დამტკიცებამდე, ავთანდილ ჯორბენაძე იყო მინისტრის მოადგილე, მანამდე სახელმწიფო მეთაურის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და ახლა უკვე სახელმწიფო მინისტრის პოსტისთვის შერჩეული პირი. საინტერესოა, როგორი პროგრამით წარსდგება ის პარლამენტარების წინაშე. მის წინამორბედს, რომელსაც გარდამავალი პერიოდის სახელმწიფო მინისტრად მიიჩნევდნენ, რადგან მინისტრთა კაბინეტის შემოღებას ელოდნენ, სამოქმედო პროგრამის შემუშავება არ დასჭირვებია. სახელმწიფო მინისტრად დამტკიცების წინ გია არსენიშვილი განმარტავდა, რომ პრეზიდენტის პროგრამის მიხედვით იმუშავებდა, ყველა სატელეფონო ზარს და ყველა წერილს თავადვე უპასუხებდა და ქვეყნის საკეთილდღეო საქმეს უანგაროდ შეასრულებდა. პრინციპში არსენიშვილმა დაპირება შეასრულა. ის თუ მაინცდამაინც ვერაფერს აკეთებდა, ვერავინ იტყვის, რომ ანგარებით მუშაობდა.

რამდენიმე დღეში გადაწყდება, თუ რა თანამდებობას დაიკავებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი. რაც შეეხება ავთანდილ ჯორბენაძის სავარაუდო შემცვლელს. სახელმწიფო მინისტრად ავთანდილ ჯორბენაძის დამტკიცების შემთხვევაში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის სავარძელს, მინისტრის პირველ მოადგილეს, ამირან გამყრელიძეს, შესთავაზებენ.
XS
SM
MD
LG