Accessibility links

logo-print

რატომ შერიგდნენ გოჩა ჯოჯუა და სოსო ალავიძე.


პარლამენტარ გოჩა ჯოჯუასა და პოლიციის გენერალ სოსო ალავიძის შერიგების ფაქტი საზოგადოებისათვის ძნელად დასაჯერებელი აღმოჩნდა.

შესაბამისად გაჩნდა უამრავი ჭორი, რომელთა უმრავლესობა ერთ აზრამდე მიდის, თითქოსდა ალავიძემ ნაცემი ჯოჯუას პატიებას ფულადი კომპენსაციის წყალობით მიაღწია. ამ ჭორების გასაქარწყლებლათ და ალავიძისთან შერიგების ასახსნელად 17 დეკემბერს გოჩა ჯოჯუა ჟურნალისტებს შეხვდა.

საზოგადოება მოუთმენლად ელოდა თბილისის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის და ბოლო დრომდე ეკოპოლიციის უფროსის სოსო ალავიძისა და მის მიერ სასტიკად ნაცემ დეპუტატ გოჩა ჯოჯუას შორის არსებული კონფლიქტის სამართლებრივ გადაწყვეტას. მითუმეტეს ცემის შემდეგ, საავადმყოფოში მოთავსების პირველივე დღიდანვე, ჯოჯუა ალავიძეს პირდაპირ ადანაშაულებდა და სასამართლოში ჩივილთან ერთად, საქმის ბოლომდე მიყვანას იჩემებდა.

გამოჯანმრთელების და საკანონმდებლო ორგანოს ასპარეზზე გამოჩენისთანავე ჯოჯუამ საზოგადოებას ამცნო, რომ ის და ალავიძე ეკლესიაში, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თანდასწრებით, შერიგდნენ. არადა ჯოჯუა სასამართლოს მეშვეობით პოლიციის გენერლისაგან მორალური კომპენსაციის მიღებას გეგმავდა და ამ გზით შემოსული თანხა, წინასწარ განაწილებულიც კი ჰქონდა.

17 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გოჩა ჯოჯუამ განაცხადა, რომ შერიგება მისთვისაც და საზოგადოებისთვისაც გამოსავალი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყებოდა მხოლოდ პროპაგანდისტული ომი, რომელიც დეპუტატებისა და ჟურნალისტებსათვის იქნებოდა მომგებიანიო. [ჯოჯუას ხმა] „თქვენც ხალხს მიაწვდიდით იმას, რაც ხალხს სურს და არა ჭირდება, რაც სურს. სურს ბრძოლა, სურს ელემენტარულად ის, რომ გაგრძელებულიყო და სამართლიანობისთვის მიგვეღწია. მერე, ახლა ამ შედეგებსაც შევხედოთ, ამ სამართლებრივ სივრცეში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, შედეგები რა შეიძლება ყოფილიყო.“ (სტილი დაცულია)

ამ რიტორიკულ კითხვას თავადვე პასუხობს და აცხადებს, რომ უამრავი სასამართლო პროცესის შემდეგ ალავიძე ციხეშიც, რომ მოხვედრილიყო, ის თავს დამარცხებულად მაინც არ იგრძნობდა. ახლა კი შერიგების შემდეგ ალავიძეში სხვა ადამიანი დავინახე და საზოგადოებას ორ ნაწილად გახლეჩა-დაპირისპირება ავაცილე თავიდანო. ჯოჯუა თვლის, რომ ამით საზოგადოების ჰუმანიზაციას და რწმენის დაბრუნებას შეუწყო ხელი.

[ჯოჯუას ხმა] „ჩემთვის ეს მოგებაა, როცა ის თუნდაც ეკლესიის სახით მოხდა ეს, და მოგება უფრო მეტი, ვიდრე სასამართლოთი მომხდარიყო. საზოგადოება, ცივილიზებულ საზოგადოებას ვიძახი, რაზე მიდის, მთავარი დანაშაულის დასჯა კი არ არის, მთავარი მეორე რამეა - შეგნება იმისა, რომ მან დანაშაული ჩაიდინა. ეკლესიაში მისული ადამიანი, თუკი ის პირჯვარს გადაიწერს და მონანიებას ამბობს, ის თავს უკვე თვლის დამნაშავედ. პატრიარქთან მისული კაცი რომ მსგავს რამეს ჩაიდენს ხო, დამთავრდა ამ საზოგადოებაში მაშინ, აღარ არსებობს აღარაფრის რწმენა. ჯვარი დააქვს გულით ხო, ჩაუდენია ეს, მაგრამ ეხლა მივიდა აქამდე.“ (სტილი დაცულია)

ამ თეოლოგიურ-ფილოსოფიური მსჯელობით გოჩა ჯოჯუა იმის ახსნა-განმარტებას შეეცადა, რაც თვითონ ჩაიდინა და ძალაუნებურად სოსო ალავიძის ნაცვლად თქვა ის, რაც ალავიძეს საზოგადოების წინაშე არასდროს უთქვამს. სწორედ ამიტომაც საზოგადოება კვლავ გამარჯვებული კი არ რჩება, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობს ჯოჯუა, არამედ კიდევ უფრო ღრმავდება სახელმწიფო მოხელეების თავგასული მოქმედებების დაუსჯელობით გამოწვეული შიში.

პუბლიცისტი დავით ზურაბიშვილი გაზეთ „ახალ ვერსიაში“ წერს: „იმას, რაც ჯოჯუამ ჩაიდინა, პატიება კი არა, წაქეზება ჰქვია. ეს არის ბოროტმოქმედების, განუკითხაობის წაქეზება. ეს ნიშნავს არა მარტო იმას, რომ ალავიძეს კიდევ ერთხელ გაუვიდა ის, რაც აქამდე გასდიოდა. თავისი შერიგებით გოჩა ჯოჯუა ფაქტიურად ყველას მოგვიგებს, რომ შევურიგდეთ ამ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს, შევურიგდეთ კანონის და კანონიერების ფეხქვეშ გათელვას, მოკლედ შევურიგდეთ სოსო ალავიძეობას, შევურიგდეთ იმას, რომ პოლიციის გენერალმა შეიძლება ადამიანი საკუთარი ხელით აწამოს და მერე მართლმადიდებლობას ამოფარებულმა ამის ინდულგენცია მიიღოს და ტკბილად და ბედნიერად გააგრძელოს ცხოვრება.“
XS
SM
MD
LG