Accessibility links

logo-print

არაფატი პალესტინელებს ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს


შეერთებული შტატებისა და ევროპის კავშირის მხრიდან ზეწოლის პირობებში პალესტინის ავტონომიის ლიდერმა იასირ არაფატმა ენერგიული ნაბიჯი გადადგა

– მან პალესტინელებს მოუწოდა, შეწყდეს ნებიმისერი თავდასხმა, მათ შორის თვითმკვლელი ტერორისტების აქციები, ისრაელის მოქალაქეებზე.

სატელევიზიო გამოსვლაში არაფატი ისე შორს წავიდა, რომ კინაღამ ამბოხების – ინტიფადის – შეწყვეტისკენაც მოუწოდა თანამემამულეებს. ამავე დროს მან მწვავედ გაილაშქრა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, არიელ შარონის წინააღმდეგ და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში მცხოვრები ადამიანების წინააღმდეგ სასტიკი ომის გაჩაღებაში დასდო მას ბრალი.

ისრაელისადმი მიმართვაში მან მოითხოვა, შეწყდეს სამხედრო ოპერაციები პალესტინის ავტონომიის წინააღმდეგ და განახლდეს სამშვიდობო მოლაპარაკებები.

გასულ კვირაში, მას მერე, რაც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელებმა 10 ისრაელი მოკლეს, შარონმა განაცხადა, რომ არაფატი ისრაელსისთვის აღარ არის ავტორიტეტი. ამის შემდეგ არაფატის შტაბბინის წინ ისრაელის ტანკები განლაგდა და იგი, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში აღმოჩნდა. მაგრამ პოლიტიკურად არაფატი კვლავაც მნიშვნელოვანი ფიგურაა თავად პალსეტინელებისთვის.

არაფათის 25 წუთიან სატელევიზიო გამოსვლას ისრაელი სკეპტიციზმით მოეკიდა. მის მიმართ ისევ გამოითქვა პრეტენზია, რომ სიტყვებს საქმე უნდა მოჰყვეს.

ასეა თუ ისე, არაფატის მიერ კვირას გაკეთებული მიმართვა ყველაზე შთამბეჭდავი იყო მას მერე, რაც პალესტინელებმა ბრძოლა განაახლეს 14 თვის წინ.

მან არაბულ ენაზე მიმართა ყველა პალესტინელს. სხვათა შორის, საგანგებოდ იყო შერჩეული დროც – მიმართვა გადაიცა მაშინ, როცა პალესტინის ავტონომიის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სახლებში იმყოფებოდა.

არაფატს არ დაუსახელებია ექსტრემისტული ორგანიზაციები ”ჰამასი” ან ”ჰესბოლა”, მაგრამ აშკარად მიანიშნა, რომ დაისჯება ყველა, ვინც გეგმავს და აღასრულებს ტერორისტულ აქტებს.

ბუშის ადმინისტრაციამ დადებითად შეაფასა ეს გამოსვლა. მაგრამ ისრაელის მსგავსად, ვაშინგტონმაც სიტყვებიდან საქმეზე გადასვლისკენ მოუწოდა პალესტინის ავტონომიის ლიდერს.

არაფატის გამოსვლას წინ უსწრებდა ვითარების მკვეთრი გაუარესება ახლო აღმოსავლთში.

ამასთან დაკავშირებით რეგიონში შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილი ენტონი ზინი შაბათს ვაშინგტონში გაიხმეს კონსულტაციებისთვის. მისი მისია მიმდინარეობდა რეგიონში ძალადობის მკვეთრი ესკალაციის ფონზე: ორი კვირის მანძილზე მოკლულ იქნა დაახლოებით 40 ისრაელი და 60 პალესტინელი.
XS
SM
MD
LG