Accessibility links

logo-print

თორა ბორის მთიანეთში ბრძოლის ცეცხლი მინავლდა


აღმოსავლეთი ავღანეთის თორა ბორის მთიანეთში მკვეთრად იკლო ადგილობრივ პუშტუნთა რაზმებსა და ორგანიზაცია “ალ-ყაიდის” მებრძოლებს შორის მიმდინარე შეტაკებების ინტენსივობამ.

მიღებული ცნობების თანახმად, ბრძოლა პრაქტიკულად შეწყვეტილია და სროლისა თუ აფეთქებების ხმა მხოლოდ აქა-იქ თუ გაისმის. ამასთანავე, კვლავინდებურად გაურკვეველია საერთაშორისო ტერორისტის, ოსამა ბინ ლადენის ასავალ-დასავალი. ერთნი ამტკიცებენ, რომ მან კარგა ხანია, დატოვა ქვეყანა, მეორენი კი დარწმუნებული არიან, რომ იგი დღესაც ავღანეთშია.

ღამის მანძილზე შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავები და შვეულმფრენები განაგრძობდნენ თორა ბორის დაბომბვას; მიუხედავად იმისა, რომ, თალიბებთან დაპირისპირებული რაზმების მეთაურთა მტკიცებით, თორა ბორაში მათ თალიბანისა და ალ ყაიდის უკანასკნელი პოზიციებიც აიღეს.


[ჰაჯი ზაჰირის ხმა] “ამ წუთისთვის ბრძოლა არ მიმდინარეობს და, როგორც უწინაც გითხარით, ყველა მნიშვნელოვანი თანამდებობა ახლა მუჯაჰედინების ხელშია. ჩვენ განვაგრძობთ მთიანეთში მოქმედებას და არ გავჩერდებით, ვიდრე არ დავრწმუნდებით, რომ ეს რაიონი გაწმენდილია.”


რამდენად შეესაბამება რეალობას ანტითალიბანური კოალიციის ერთ-ერთი სარდლის, ჰაჯი ზაჰირის ეს ნათქვამი, ძნელი დასადგენია: რეგიონიდან ხშირად ერთმანეთის გამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. თუმცა, თორა ბორაში ბრძოლის ცეცხლი რომ მართლაც მინავლდა, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმაც დაადასტურა. დონალდ რამსფელდის თქმით, შეტაკებები ახლა მხოლოდ პუშტუნებსა და ალ ყაიდის იმ მებრძოლებს შორის ხდება, რომლებიც გაქცევას ცდილობენ.


[დონალდ რამსფელდის ხმა]

იმათ შორის, ვინც თორა ბორიდან და, საერთოდ, ავღანეთიდან გაქცევას ცდილობს, შესაძლოა, ოსამა ბინ ლადენიც იყოს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არც ის არის გამორიცხული, ბინ ლადენი ავღანეთში აღარც იყოს. იმავე ჰაჯი ზაჰირის თქმით, სრული ინფორმაციის მიღებას იგი ტყვედ აყვანილი ალყაიდელებისგან ელის.


[ჰაჯი ზაჰირის ხმა] “ოსამა ბინ ლადენის ადგილსამყოფელზე ათასგვარი ჭორი დადის, მაგრამ ჩემი პრინციპია, დიდად არ ვენდო სხვების ნათქვამს, როცა საქმე მნიშვნელოვან საკითხს ეხება, თორემ მერე შეიძლება მატყუარად გამოჩნდე. ჩვენი ხალხი ძალას არ იშურებს ყველაფრის გასარკვევად, და ტყვეების დაკითხვას რომ დავასრულებთ, თქვენს კითხვაზეც გიპასუხებთ.”


ორშაბათს თორა ბორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ალ ყაიდის 19 დატყვევებული მებრძოლი ჩამოატარეს.


ოსამა ბინ ლადენის ასავალ-დასავალზე კი კვირას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმაც ისაუბრა. ვაშინგტონში, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან, ავღანეთში თუ მის საზღვრებს გარეთ, ბინ ლადენს დაიჭერენ და იგი აუცილებლად წარდგება მართლმსაჯულების წინაშე.
XS
SM
MD
LG