Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატა ამთავრებს ზვიადისტების საქმეების ხელახ განიხლვას ამთავრებს


სოზარ სუბელიანი, თბილისი გასულ პარასკევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატამ კვარაცხელიებისა და სხვათა საქმის ხელახალი განხილვა დაამთავრა.

ამით “სამოქალაქო დაპირისპირების შედეგების აღმოფხვრისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის” სახელით ცნობილი პროცესის კიდევ ერთი, იურიდიულად ყველაზე რთული ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა. უზენაესმა სასამართლომ უკვე განიხილა 31 მსჯავრდებულის საქმე, რომელთაც ყველაზე მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედებოდათ ბრალი. განსახილველი დარჩა მხოლოდ ერთი მსჯავრდებულის, ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდლის, ვახტანგ-ლოთი ქობალიას საქმე, რომლის განხილვაც სასამართლოში უახლოეს ხანში დაიწყება.

პარასკევს დასრულებულ პროცესზე სახელმწიფო ბრალმდებელმა პალატისგან მოითხოვა მთავარი ბრალდების – “განზრახ მკვლელობის” გაუქმება და მისი შეცვლა “განზრახ მკვლელობის მცდელობით”. სასამართლო დაეთანხმა ბრალმდებელს და ხუთივე მსჯავრდებულს – ორ ძმა კვარაცხელიას, ასკურავას, პერტაიას და ალასკაროვს – რამდენიმე წლით შეუმსუბუქა სასჯელი. ისევე, როგორც წინა პროცესებზე, აქაც შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ გადაწყვეტილებების მიღების დროს სასამართლო სამართლებრივ ნორმებთან ერთად პოლიტიკურ მიზანშეწონილობასაც ითვალისწინებდა. ამ პროცესის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, ადვოკატი სევდია უგრეხელიძე სასამართლოს მოქმედებას ასე აფასებს:

[სევდია უგრეხელიძის ხმა]. “ეს პროცესები მიდიოდა არაორდინარულად. ბატონ თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას მიჰყავდა ძალიან რბილად და კარგად ეს პროცესები და, ფაქტიურად იქეთ მიჰყავდა, რომ არკვევდა – თუ ხართ თანახმა, რომ დღეს გახვიდეთო. ანუ, მართლები იყვნენ, მაგრამ არ ამართლებდნენ, დაუკლებდნენ და ძალიან ბევრი გავიდა გარეთ. ცდილობდნენ, რომ ასეთი ნახევარზომები განეხორციელებინათ.”

ეს პროცესები სამართლებრივი თვალსაზრისითაც არაორდინარული იყო. მას შემდეგ, რაც ეროვნული თანხმობის კომისიის ინიციატივით ორასამდე პირის საქმე გადაისინჯა, პროცესი კარგა ხნით შეჩერდა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვერ შეიწყალებდა იმ ადამიანებს, ვისაც ხელი სისხლში ჰქონდა გასვრილი, ანუ ვინც მკვლელობის მუხლი იყო მსჯავრდებული. ასეთი სულ 24 მსჯავრდებული იყო, რომელთა საქმეების გადასინჯვის სამართლებრივი საფუძველი, პრაქტიკულად, არ არსებობდა. ამის შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში საუბრობდა ეროვნული თანხმობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტარი კოტე კემულარია:

[კოტე კემულარიას ხმა]. “ეს იყო ყველაზე რთული პროცესი, ეს იყო მძიმე საქმეები იმ მსჯავრდებულებისა, რომლებსაც უმძიმესი მუხლებით 20 წელი და ნაკლები ჰქონდათ მისჯილი და არ არსებობს ამათი საქმეების გადასინჯვის რაიმე ისეთი, პირდაპირი, მარტივი და ორდანალური მექანიზმი. მქონდა კონსულტაციები როგორც აღმასრულებელი, ისე სასამართლო ხელისუფლების მესვეურებთან და ვეძებდით ერთად გამოსავალს, თუ როგორ შეგვეძლო პარლამენტის დახმარებით და პრეზიდენტის ჩარევით გადაგვესინჯა ეს საქმეები”.

გამოსავალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატების შეტანით მოიძებნა. მიმდინარე წლის 13 თებერვალს პარლამენტმა მიიღო დამატება, რომლის თანახმადაც უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას უნდა განეხილა იმ პირთა საქმეები, ვის მიმართაც კანონიერ ძალაში შესული განაჩენი არსებობდა და ვისაც ეროვნული თანხმობის კომისია გაუწევდა რეკომენდაციას:

[სევდია უგრეხელიძის ხმა]. “ადრე, საბჭოთა პერიოდში გარკვეულ მუხლებზე და გარკვეული ტიპის საქმეებზე მხოლოდ ერთი ინსტანცია იხილავდა საქმეს და იგივე გაგრძელდა ამ ხელისუფლების დროსაც, სანამ ახალი კოდექსი შემოვიდოდა. ეს იყო საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა, რადგან ორი სასამართლოს უფლება აღიარებულია საერთაშორისო ნორმებით, რასაც ესენი მოკლებული იყვნენ. ამიტომ გახდა საჭირო ამ დამატების მიღება. რა თქმა უნდა, თავისთავად ეს კანონი გამონაკლისია და ასეთი კანონები ქვეყანას არ უნდა სჭირდებოდეს. ეს არის როგორც რაღაც სასწრაფო დახმარება, თორემ, წესით და რიგით ამ შემთხვევაში დაირღვა ყველა იმ ადამიანის უფლება, ვისაც ადრე არ ჰქონდათ კასაციის უფლება”.

მიუხედავად იმისა, რომ თანხმობის კომისია 24 პირის საქმეს სწავლობდა, საბოლოოდ შუამდგომლობა 32 კაცზე დაიწერა. ყველა მსჯავრდებულს, ვისი საქმეც პალატამ განიხილა, სასამართლომ სასჯელი შეუმცირა, მაგრამ არც ერთი მსჯავრდებული არ გაუმართლებია. სამაგიეროდ, მთლიანად გაუქმდა პოლიტიკური შეფერილობის მქონე ისეთი ბრალდებები, როგორიცაა სამშობლოს ღალატი, ტერორიზმი, ბანდიტიზმი, ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობა, იარაღის უკანონო ტარება და შენახვა და ასე შემდეგ:

[სევდია უგრეხელიძის ხმა]. “ამ ადამიანებს ბანდიტიზმი წაყენებული ჰქონდათ ერთი კლიშეთი, რომელიც გადმოტანილი იყო ეგრეთ წოდებული ზვიად გამსახურდიას საქმიდან. იქ რაც იყო ფორმულირება, თითქოს ზვიად გამსახურდიამ დიდი ოდენობით ქონება გაიტაცა, შექმნა 30-40 ათასკაციანი ბანდა… ასევე იყო ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციის შექმნა და მასში მონაწილეობა: ესი იგი, სახელმწიფოდ უკვე ითვლებოდა სამხედრო საბჭო, ანტისახელმწიფოებრივად ყველა, ვინც მას დაუპირისპირდებოდა. იყო ტერორიზმის მცდელობა – ტერორიზმის მცდელობები იყო ძირითადად, რადგან ტერორიზმს ვერ უმტკიცებდნენ. აგრეთვე ძალიან გავრცელებული იყო იარაღის უკანონო ტარება. ეს იყო ძალიან გავრცელებული – ასეულობით ადამიანი იყო ამ ბრალდებით და მოიხადეს კიდეც სასჯელი და ზოგი ძლივს გამოვიდა და ზოგი ვერც გამოვიდა ცოცხალი. მათ შორის წვევამდელები, გაწვეულებიც იყვნენ: კანონიერ გვარდიაში ჩვეულებრივ, გაწვევით მსახურობდნენ, ჰქონდათ სახელმწიფოს მიერ მიცემული იარაღი და, უცბად, 6 იანვარს ეს გამოცხადდა უკანონოდ.”

სევდია უგრეხელიძის აზრით, კასაციების ნორმალურად წარმართვას რამდენიმე ფაქტორი უშლიდა ხელს. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი დაზარალებული მხარის პოზიცია იყო:

[სევდია უგრეხელიძის ხმა]. “თუ დაზარალებული არ მოვიდოდა, ან მოვიდოდა და იტყოდა, რომ მე არ ვიცი, მაინტერესებს სიმართლე და ასე შემდეგ, მაშინ პალატა უფრო გაბედულად მოქმედებდა და უფრო გაბედულად აკლებდა სასჯელს. ხოლო თუ დაზარალებული იყო აქტიური და – რამდენადაც ეს ამბები, ძირითადად, სამეგრელოშია მომხდარი და სადაც დაზარალებული, თუ დარწმუნებულია, რომ ამათი ბრალი, ძალიან აქტიური და აგრესიულია, ხოლო მათი უმრავლესობა დაარწმუნეს უკვე, რომ ესენია არიან დამნაშავეები – ასეთ შემთხვევაში პალატას ჰქონდა შიშის სინდრომი”.

ზემოთქმულის დასტური იყო ბოლო პროცესიც, რომელზეც სასამართლოს შემადგენლობა უძლური აღმოჩნდა, გარდაცვლილი ჯონი შანავას დედის, ქალბატონი ვარდიშა კვარაცხელიას აქტიურობა აღეკვეთა:

[ვარდიშა კვარაცხელიას ხმა]. “დედა, თემურია, ჯონის მკვლელო, კლასელის მკვლელო… შე ჯალათო, შე ტერორისტო!.. იცინის, კიდევ იცინის – გადამრია… რა აცინებთ ამ ჯალათებს, დედააა… ღმერთო, მომეცი ძალა მტერთან შერკინებისა, ღმერთო, ძლიერო, გემუდარებიიი… დიდუუუ! ამოწყდით!!! დიდუუუ!!! თქვენ ამოწყდით დედაბუდიანად, რატომ იყო მოწინააღმდეგე ჩემი შვილი”.

სევდია უგრეხელიძის აზრით, დაზარალებულისადმი შიშის გარდა სასამართლოზე კიდევ ერთი ფაქტორი ახდენდა ზეგავლენას:

[სევდია უგრეხელიძის ხმა]. _8.
“განაჩენები, ძირითადად, გამოტანილია ისევ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ და ზოგიერთი ის მოსამართლე ისევ იქ, მათ გვერდით მუშაობს და ამ განაჩენების გაუქმება, ფაქტობრივად, მუნდირის და ღირსების შელახვად მიაჩნიათ, ასე ესმით, როგორც ჩანს. და, რა თქმა უნდა, მაშინ იმათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა, ვინც ისინი წლების განმავლობაში სრულიად უკანონოდ და უსამართლოდ ამყოფა ციხეში.”

საკასაციო პალატის გადაწყვეტილებებმა კიდევ ერთი ახალი სამართლებრივი ნიუანსი გააჩინა – იმ მსჯავრდებულებს, რომლებიც მათ მიმართ საკასაციო პალატის მიერ გამოტანილ განაჩენს არ ეთანხმებიან, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ჩივილის უფლება მიეცათ. დღემდე ამის გაკეთება მათ არ შეეძლოთ, რადგან კასაციამდე შიდა სამართლებრივი პროცედურები არ იყო ამოწურული. რამდენადაც სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანა საკმაო ხარჯებთან არის დაკავშირებული, ევროსასამართლოს, ალბათ, ცოტა ვინმე თუ მიმართავს, თუმცა, ამ საქმეებში იმდენი სამართლებრივი ლაფსუსია, რომ გასაჩივრების შემთხვევაში მოგების ალბათობა საკმაოდ მაღალია.
XS
SM
MD
LG