Accessibility links

logo-print

ანტი-ტერორისტული ოპერაცია ავღანეთში


ანდრო ეული, პრაღა აღმოსავლეთ ავღანეთში, თორა ბორას მთიანი მასივის რაიონში ამერიკის ავიაციამ შეწყვიტა საჰაერო რეიდები, ხოლო ავღანელთა ადგილობრივი რაზმები ამერიკელ და ბრიტანელ ჯარიკაცებთან ერთად განაგრძობენ

”ალ-ყაიდისა” და თალიბების ლიდერების: ოსამა ბინ ლადენისა და მოლა მოჰამად ომარის ძებნას; უფრო დაწვრილებით ავღანეთში მიმდინარე ანტი-ტერორისტული ოპერაციის შესახებ ანდრო ეული გესაუბრებათ

სამშაბათს, ბინ ლადენის კიდევ ექვსი თანამებრძოლი დაატყვევეს. როგორც ადგილობრივი საველე მეთაურის მოჰამად ზამანის წარმომადგენელმა განაცხადა, ტყვეებს – დროებით ადმინისტრაციას გადასცემენ ქაბულში.

შეერთებული შტატების ავიაციამ შეწყვიტა ავღანეთში საჰაერო რეიდები და დასრულდა ამასთანავე ფართომასშტაბიანი ბრძოლა თალიბების რაზმებსა და ოპოზიციის ძალებს შორის. მაგრამ, როგორც შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა განაცხადა ორშაბათს, ვითარება ავღანეთში კვლავაც სახიფათოა და კოალიციის ძალებზე თავდასხმა სულაც არაა გამორიცხული: ”კვლავაც ბევრი თალიბი რჩება ქვეყანაში; ისინი შეიარაღებულები არიან და დრო და ძალისხმევა გახდება საჭირო მათს მისაკვლევადა და შესაპყრობად და ამ პროცესს ადამიანთა სიცოცხლე შეეწირება”.

ამერიკელმა საზღვაო ფეხოსნებმა ყანდაარში განაცხადეს, რომ ორი ჭურვი, ორშაბათს ღამით ესროლეს ხმელეთიდან შეერთებული შტატების ორ სატრანსპორტო თვითმფრინავს, როგორც ჩანს სტინგერის რაკეტიდან იყო გატყორცნილი. ეს იყო ამერიკის თვითმფრინავებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა მას შემდეგ, რაც საზღვაო ფეხოსნებმა სამხრეთ ავღანეთში თავიანთი ბაზა დააარსეს სამი კვირის წინ.

ამერიკის ავიაციამ ორშაბათს შეწყვიტა თორა ბორას რეგიონის დაბობმვა პუშტუნთა რაზმების თხოვნით, რომლებიც იქ ალ ყაიდის მებრძოლებს დაეძებენ. იქვე მყოფი ამერიკის საგანგებო დანიშნულების შენაერთი ბინ ლადენს დაეძებს.

პრეს-კონფერენციაზე თეთრ სახლში პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა: ”ათასნაირ ინფორმაციას ვღებულობთ იმის თაობაზე, რომ ბინ ლადენი გამოქვაბულშია, რომ იგი იქ აღარაა, რომ მან მოახერხა გაქცევა, რომ არ გაქცეულა... გამოითქმის ათასნაირი ვარიანტი, მაგრამ როცა მტვერს ქარი წაიღებს მივაკვლევთ მის ადგილსამყოფელს და იგი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება”.

ჯორჯ ბუშმა განაცხადა აგრეთვე, რომ ბინ ლადენისა და ალ ყაიდის წევრების ძებნაში პაკისტანიც მონაწილეობს, და რომ ადრე თუ გვიან მკვლელები სათანადოდ დაიჯებიან.

სამხრეთ ავღანეთის ოთხი პროვინციის სადაზვერვო უწყების ახალდანიშნულმა დირექტორმა ჰაჯი გულალაიმ განაცხადა, რომ მოლა ომარი თავისი ყოფილი რეზიდენციის მახლობლად იმალება ყანდაარის რაიონში. გულალაიმ განაცხადა აგრეთვე, ქალაქიდან წასვლისას მოლა ომარს სულ ცოტა ოთხასამდე მებრძოლი ახლდა თან. ომარის გაქცევამ ყანდაარიდან იმ დროს, როცა ქალაქი ოპოზიციის ძალებს ჰქონდათ ალყაში მოქცეული ეჭვები აღძრა იმის თაობაზე, რომ თალიბების ლიდერს გაქცევას შესაძლოა თავად ოპოზიციის ძალებმა შეუწყეს ხელი.

ამასობაში პაკისტანმა ჯარის დამატებითი ნაწილები განათავსა ავღანეთის საზღვარზე, რათა არ დაუშვას მის ტერიტორიაზე თალიბებისა და ალ ყაიდის წევრების გადასვლა. იუწყებიან აგრეთვე, რომ შეერთებული შტატების საგანგებო დანიშნულების რაზმი ალ ყაიდის წევრთა ძებნას უწევს კოორდინირებას პაკისტანში
XS
SM
MD
LG