Accessibility links

logo-print

კობა ბუჩუკურისა და შალვა ნათელაშვილის დაპირისპირების შესახებ.


საქართველოში ერთგვარ მოდადაა ქცეული პოლიტიკური კარიერის გამო თანაპარტიელების, თანამოაზრეებისა და ნათესავების დაპირისპირებაც კი.

ასე მოხდა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეს შალვა ნათელაშვილსა და მცხეთა-თიანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულ კობა ბუჩუკურს შორის. ნათელაშვილი ბუჩუკურს ლამის მთელი მხარის გაყიდვაში ადანაშაულებს. საპასუხოდ, 18 დეკემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტის რწმუნებულმა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კორუფციაში ამხილა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერებმა კობა ბუჩუკურის წინააღმდეგ მას შემდეგ გაილაშქრეს, რაც პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა მშობლიურ დუშეთის რაიონში ბოლო საპარლამენტო აჩევნები ბუჩუკურის ცოლთან, მარინა მოლოდინთან, ორთაბრძოლაში წააგო. მანამდე ნათელაშვილისა და ბუჩუკურის პოლიტიკური თანამშრომლობა ნათესაური კავშირითაც იყო განმტკიცებული. მთავარი ლეიბორისტის დაქორწინებისას, მხარის გუბერნატორი „ხელისმომკიდის“ საპატიო მისიას ასრულებდა. 1999 წლის არჩევნებამდე კი მარინა მოლოდინი შალვა ნათელაშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

ბოლო დღებში მცხეთა-თიანეთის მხარეში, კერძოდ კი დუშეთის რაიონში, მოეწყო რამდენიმე საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილენიც პროკურატურისაგან კობა ბუჩუკურის საქმიანობის შესწავლასა და დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვდნენ. 18 დეკემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ბუჩუკურმა ამ საპროტესტო აქციების ორგანიზატორად ლეიბორისტები დაასახელა და იმის ახსნას შეეცადა, თუ რატომ დაიმსახურა ნათელაშვილის პარტიის რისხვა.

გუბერნატორის განცხადებით, მან საქართველოში პირველად აღმოაჩინა და ამხილა საპენსიო სისტემაში არსებული, მკვდარი სულების მეშვეობით სახელმწიფო სახსრების მითვისების მექანიზმი.

[ბუჩუკურის ხმა] „აი, ამ კონკრეტული ფაქტების გამოვლენამ მიგვიყვანა იქამდე, რომ რეალურად თითქმის თავიდან ბოლომდე ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელობა აღმოჩნდა მათ გვერდით, იმიტომ, რომ შემოსავლების წყაროს გადაკეტვის საშუალებები მოვუსპეთ ჩვენ. ე.ი. ლეიბორისტულ პარტიასთან დაკავშირებული იყვნენ და დღესაც ფაქტია - ფრიდონ ინჯია, რომელიც დღესაც ლეიბორისტული პარტიის ძირითადი მეკავშირეა.“

ბუჩუკური ამ კლანის მონაწილეებად კავშირგაბმულობის სისტემაში შემავალ ფოსტის სტრუქტურის ყოფილ ხელმძღვანელებთან ერთად უბრალო ფოსტალიონებსაც კი ასახელებს. იგი უფრო მეტი ფაქტების გამოქვეყნებას შალვა ნათელაშვილთან სატელევიზიო დებატების მოწყობის შემთხვევაში აპირებს. თავად ლეიბორისტთა ლიდერი შალვა ნათელაშვილი, გუბერნატორის დონედ არ მიიჩნევს საკუთარ პერსონას და ბუჩუკურის კომენტარების პრეროგატივას დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარეს თემურ დოლიშვილს მიანდობს. დოლიშვილმა ჩემთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მხარის გუბერნატორი ლეიბორისტული უმრავლესობით დაკომპლექტებულ დუშეთის საკრებულოს ბლოკავს და საქმის გაკეთების საშუალებას არ აძლევს. თუმცა ბუჩუკურის გადაყენების მოთხოვნა უბრალო მოსახლეობის ინიციატივა იყო და ჩვენ მათ მხოლოდ მხარი დავუჭირეთო.

[დოლიშვილის ხმა] „ეს ეხლა მაგას შეგნებულად აკეთებს, რომ ვითომ პრეზიდენტის წინაშე უნდა დახატოს, რომ სხვანაირად დახატოს სურათი, რომ აი პარტია ებრძვის. ეს უნდა და ძირითადი ყურადღება რომ გადაიტანოს იმაზე, თორე, არავითარი პარტია რა შუაშია. კრიმინალურ დანაშაულში ვდებთ ბრალსა მოსახლეობა.“ (სტილი დაცულია)

კობა ბუჩუკური კი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ლეიბორისტებთან ერთად ის ძალებიც იბრძვიან, რომლებსაც მცხეთა-თიანეთის მხარეში პრეზიდენტისათვის საყრდენის გამოცლა სურთ.
XS
SM
MD
LG