Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რისთვის შეიქმნა ახალი საპარლამენტო ფრაქცია, რომელსაც “მოძრაობა დემოკარტიული რეფორმებისათვის” ეწოდა


ფრაქცია “მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისათვის” უკვე 11 წევრს ითვლის. ის გახლავთ დაპირებული რეფორმატორთა ფრაქცია, რომლის შექმნაც პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამდე დაგვიანდა.

ახალი ფრაქცია იქნება სააკაშვილის მიერ წამოწყებული ზეპარტიული ნაციონალური მოძრაობის დასაყრდენი. მისი წევრები სხვადასხვა მიმართულებით გასატარებელი რეფორმებისთვის და რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვის იბრძოლებენ.

ახალ ფრაქციას, რომელიც ვაკის რაიონის მაჟორიტარის, მიხეილ სააკაშვილის სახელთან ასოცირდება, სათავეში კოტე კემულარია ჩაუდგა, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეობა კი ბორჯომის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ გრიგალაშვილმა იტვირთა. ასე რომ, ვერ გეტყვით, რა კრიტერიუმის მიხედვით, მაგრამ საქართველოს პარლამენტის ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდს ნოდარ გრიგალაშვილიც შეემატა.

“მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისათვის” ანუ ზეპარტიული ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო დასაყრდენი, სოკოებივით გამრავლებულ ფრაქციებს მე-14 სუბიექტად შეემატა. მისი ძირითადი მიზნები მიმართული იქნება სამართალდამცავ სტრუქტურებში რეფორმების გატარებისკენ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და კონსტიტუციური ცვლილებების მიღებისკენ. 235 კაციან პარლამენტში დეპუტატთა რაოდენობის ორჯერ შემცირებას, დეპუტატის იმუნიტეტის შეზღუდვას და ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ გაერთიანებული დეპუტატები აუცილებლად მიიჩნევენ. “მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისათვის” თავის საქმიანობაში განსაკუთრებულ ადგილს “დაუსაბუთებელი ქონების შესახებ” კანონპროექტის მიღებისთვის ბრძოლას დაუთმობს. დანარჩენ საპროგრამო მიმართულებებს აღნიშნული ფრაქციის ერთერთი წევრი კობა დავითაშვილი აღნიშნავს:

[კობა დავითაშვილის ხმა] “პრიორიტეტი იქნება ჯარი, მისი რეფორმა და დაფინანსება, პროფესიული ჯარის შექმნა. სოციალურ სფეროს რაც შეეხება, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია საარსებო მინიმუმის განსაზღვრა, მომავალი წლიდან პედაგოგების ხელფასების გაორმაგება. გარდა ამისა, აუცილებელია ადგილობრივი მმართველობის ორგანოების პირდაპირი წესით არჩევა.”

ჩამოთვლილი მოთხოვნების განსახორციელებლად 11 კაციანი ფრაქციის წევრების მონდომება საკმარისი ვერანაირად ვერ იქნება. კობა დავითაშვილის თქმით, ის და მისი თანაფრაქციელები ითანამშრომლებენ იმ საპარლამენტო ძალებთან, რომლებისთვისაც მათი პროგრამული მოთხოვნები მისაღები იქნება.

ახლადშექმნილი ფრაქციის წევრები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ პარლამენტს გარეთ არსებულ დასაყრდენს, ზეპარტიულ ნაციონალურ მოძრაობას, რომელშიც უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი გაერთიანდა. პოლიტიკურ ძალებს შორის კი ყველაზე ახლობლად მოქალაქეთა კავშირის ჟვანიას გუნდს მიიჩნევენ და იმედს იტოვებენ, რომ ყოფილი მმართველი პარტიის 22 დეკემბრის ყრილობაზე, რომლისგანაც სხვათაშორის მოქკავშირის საბოლოო დაშლას ელიან, ჟვანიას გუნდი გაიმარჯვებს. ასეთ შემთხვევაში, თუ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის გვერდით მდგომი პირები ერთიანი პლატფორმის გარშემოც გაერთიანდებიან, გამორიცხული არ არის მათსა და მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ გაერთიანებულთა ბაზაზე ახალი მყარი ერთობაც ჩამოყალიბდეს. თუმცა ვნახოთ, ლიდერის ფაქტორმა შესაძლოა ასეთ მყარ გაერთიანებაზე ფიქრი ოცნების დონეზე დატოვოს.
XS
SM
MD
LG