Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოდარ ნათაძე საქართველოში კომუნისტურ გადატრიალებას წინასწარმეტყველებს


საქართველოს დღევანდელი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე მდგომარეობის გაუმჯობესების იმედი ძალიან ცოტა პოლტიკოსს თუ შემორჩა.

თუმცა უკიდურესად ფატალური პროგნოზებით ყველასაგან მაინც სახალხო ფრონტის ლიდერი ნოდარ ნათაძე გამოირჩევა. 18 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ნათაძემ განაცხადა, რომ საქართველო უახლოეს ხანში დაკარგავს აფხაზეთს, რასაც “პრორუსული კომუნისტური გადატრიალება” მოჰყვება.

ამთავითვე აღვნიშნავთ, რომ სახალხო ფრონტის ლიდერის, ნოდარ ნათაძის ფატალური პროგნოზი არა კონკრეტულ ინფორმაციას ან ფაქტს, არამედ მოვლენათა განვითარების ავტორისეულ ლოგიკურ ანალიზს ემყარება და იგი აგრძელებს საქართველოს ხელისუფლების მისამართით სხვადასხვა დროს გამოთქმულ ბრალდებათა სიას.

ნოდარ ნათაძის აზრით, რუსეთ-ჩეჩნეთის მოლაპარაკებაში განზრახულია შთანხმების მიღწევა, რომლის თანახმადაც ჩეჩნეთი იურიდიულად რუსეთის შემადგენლობაში მოექცევა, ფაქტობრივად კი დამოუკიდებელი იქნება. იგივე გეგმა, რუსეთ-საქართველოს ხელისუფალთა გარიგების შედეგად, ამოქმედდება აფხაზეთთან მიმართებაში, რასაც საბოლოოდ საქართველოს შიგნით ახალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის, სუვერენული აფხაზეთის შექმნა მოჰყვება.

ამ მოსაზრებას ნოდარ ნათაძე კიდევ ერთი არგუმენტით აძლიერებს. საქმე ეხება გაეროს მიერ, მომზადებულ პროექტს, რომელიც თბილისსა და სოხუმს შორის კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა გამიჯვნას ითვალისწინებს. ყველაზე დიდი საშიშროება კი თურმე ის ყოფილა, რომ ამ გეგმის თანახმად აფხაზეთი შეიძენს უფლებას:
[ნოდარ ნათაძის ხმა] ”იმიგრაციის რეგულირებისა. ანუ იგი შეძლებს შემოასახლოს მასობრივად რუსები, კაზაკები, ჩრდილოკავკასიელები და მუჰაჯირები, ეგრეთწოდებული მოჰაჯირები, გასული როგორც საკუთრივ აფხაზეთის ტერიტორიიდან, ასევე მთელი ჩრდილოეთ კავკასიიდან. ანუ ის შექმნის ისეთ დემოგრაფიულ დისბალანსს, რომელიც იქნება ქართველების საწინააღმდეგოდ მიმართული”

თუმცა საქართველოს დამოუკიდებლობის დისკრედიტაცია მხოლოდ ამით არ ამოიწურება. ნათაძის აზრით, აფხაზეთის დაკარგვამ ხელისუფლებაში კომუნისტების (გიორგაძე-პატიაშვილი-ჭაჭია) მოსვლას უნდა მოუმზადოს ნიადაგი. ოღონდ ეს მოხდება “ძალის დემონსტრირებისა” და დიდმასშტაბიანი სისხლიანი აქციების ფონზე. სახალხო ფრონტის ლიდერის ვარაუდით, ამ გადატრიალების სამზადისი საქართველოში უკვე უახლოეს კვირეებში რუსეთიდან მიღებული ფულისა და იარაღის დარიგებით დაიწყება.

თუმცა, საფრთხეების თავადან ასაცილებლად გამოსავალი ჯერჯერობით არსებულა:
[ნოდარ ნათაძის ხმა] ”ყველაზე რბილი მეთოდია ამ საფრთხის გაცნობიერება საზოგადოებისათვის. ქურდი რომ ჩაგიყოფს ჯიბეში ხელს, რომ ეტყვი დაგინახე – ხანდახან ამოიღებს ხოლმე. და რა მეორე. რა თქმა უნდა ხელისუფლების შეცვლის გარეშე, რადიკალური ცვლილება აი, ამ დამოკიდებულებაში არ მოხდება”

და რაკი მოვლენათა ასეთი განვითარების უმთავრეს კატალიზატორად, პრესკონფერენციაზე მაინც აფხაზეთის ჩამოშორების მზაკვრული გეგმა დასახელდა, ჩვენ შევეცადეთ საქართველოს საგანგებო დავალებათა მინისტრ მალხაზ კაკაბაძესთან გაგვერკვია, თუ სინამდვილეში რა პრინციპებს ეფუძნება უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ გაეროს მიერ მომზადებული პროექტი.

როგორც გაირკვა, ეს დოკუმენტი ქართულ მხარეს ჯერჯერობით არ მიუღია. თუმცა პროექტმა აპრობირება გაეროს გენერალური მდივნისა და მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წარმომადგენლების ხელში გაიარა.
[მალხაზ კაკაბაძის ხმა] “ მინდა შეგახსენოთ, რომ უკლებლივ ყველა დოკუმენტში, განსაკუთრებით ამ ბოლო ხანს მიღებულში, გაეროა უშიშროების საბჭო მუდმივად აფიქსირებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთს, როგორც მის სემადგენელ ნაწილს. ასე რომ, მე მეეჭვება, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს თავის თავის საწინააღმდეგო დოკუმენტი მოეწონებინა”

მალხაზ კაკაბაძის განმარტებით, პროექტის განხილვის დროს ქართული მხარე, პირველ ყოვლისა, სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ლტოლვილთა უპირობო დაბრუნების პრინციპებით იხელმძღვანელებს. და თუ დოკუმენტში რაიმე იქნება მიუღებელი ქართული მხარისათვის, მუშაობის პროცესში იგი აუცილებლად გასწორდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG