Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს რუსეთი გაზმომარაგების შეწყვეტით ემუქრება


ტრადიციულად, ზამთარი მეტად ხელსაყრელი სეზონია იმისთვის, რომ ბუნებრივი აირის ერთადერთმა მომწოდებელმა – რუსეთმა, საქართველოს თავისი მნიშვნელოვნება ხმამაღლა დაუმტკიცოს.

როგორც წესი, ახალ-ახალი ულტიმატუმების წამოყენების მეთოდს რუსეთი სწორედ ზამთარში მიმართავს ხოლმე და, მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში, გაზის ონკანის გადაკეტვით იმუქრება. ამჯერად ის ერთხელ უკვე გაძვირებული ბუნებრივი აირის კვლავ გაძვირებას მოითხოვს.

თბილისელებმა კარგად იციან, რომ პირველი დეკემბრიდან მათ მიერ მოხმარებული კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასი, 25-ის ნაცვლად, უკვე 27 თეთრია. თუმცა 2-თეთრიანი გაძვირება რუსეთს, როგორც ჩანს, არ აკმაყოფილებს. რუსულ-ამერიკული “იტერას” (თბილისში ჩამოსულმა) ვიცე-პრეზიდენტმა, მიხეილ პოტაპენკომ განაცხადა, რომ პირველი იანვრიდან “საქგაზი” მათი კომპანიისგან (საქართველოს საზღვარზე) 1000 კუბურ მეტრ გაზს, 56-ის ნაცვლად, 60 დოლარად იყიდის. ეს იმას ნიშნავს, რომ “საქგაზი” (რომელიც ასევე “იტერას” მფლობელობაშია) “თბილგაზს” იმავე მოცულობის ნედლეულს (ამჟამინდელი 184-დან) 204 ლარამდე გაუძვირებს. აქვე ვიტყვი, რომ გაძვირება საქართველოს არც სხვა რეგიონებს ასცდება. კონკრეტულად თბილისში კი, კუბური მეტრი გაზის ტარიფმა შეიძლება 30 თეთრს მიაღწიოს.

პოტაპენკო კატეგორიული ტონით აცხადებს, რომ თუკი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, პირველი იანვრიდან “იტერა” გაზის მიწოდებას არათუ მხოლოდ დედაქალაქს, არამედ მთელ საქართველოს შეუწყვეტს. საგულისხმოა, რომ “სემეკი” ტარიფის მომატების სასტიკი წინააღმდეგია და წამოყენებულ ულტიმატუმს დაუშვებლად მიიჩნევს. მარეგულირებელი კომისიის წევრი, პაატა ცინცაძე ჯერ-ჯერობით გამოსავალს ვერ ასახელებს, თუმცა, რუსეთის კატეგორიულობის გათვალისწინებით, გამოსავლის პოვნა ალბათ კიდევ დიდხანს გაჭირდება.

გაძვირებასთან ერთად, პირველი იანვრიდან “საქგაზი” ნედლეულის საფასურის წინასწარ გადახდას მოითხოვს. გადასახადების სუსტი მობილიზებისა და ფინანსური გაჭირვების ფონზე, წინასწარი გადახდის მექანიზმი “თბილგაზს”, რბილად რომ ვთქვათ, დიდ პრობლემებს შეუქმნის, ხოლო რუსეთს კვლავაც ბევრჯერ მისცემს საქართველოს დასჯის შანსს.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, იძებნება გზები, რომ “თბილგაზმა” შუამავალ “საქგაზს” როგორმე გვერდი აუაროს და ბუნებრივი აირი პირდაპირ “იტერასგან” იყიდოს. ასეთ შემთხვევაში, სპეციალისტთა გამოთვლით, 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე დაახლოებით 65 ლარის დაზოგვა იქნება შესაძლებელი, რაც ყოველთვიურად, სულ მცირე, 65 ათასი ლარის ეკონომიას ნიშნავს. თუკი ეს მოხერხდება, მაშინ მოსახლეობისთვის ტარიფის გაზრდაც აღარ იქნება საჭირო, მაგრამ საქართველოსთვის სასარგებლო ამ გათვლებს რუსეთი, ცხადია, არ მიესალმება და ამიტომ, “იტერაც” ცივ უარზეა.

ერთი სიტყვით, რთული ვითარებაა და, თუკი მკაცრი ულტიმატუმის მიხედვით ვიმსჯელებთ, საქართველოსთვის ტარიფის გაზრდის ერთადერთ ალტერნატივას ჯერ-ჯერობით მხოლოდ უგაზოდ დარჩენა წარმოადგენს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG