Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი მთვარობის წინაშე სიმკაცრეს ავლენს


19 დეკემბრის მთავრობის სხომაზე მინისტრების რიგ წარმომადგენლებს პრეზიდენტის უმკაცრესი მითითებების მოსმენა მოუხდათ.

მიწის განკარგვის ფონდთან დაკავშირებული რბილად რომ ვთქვათ სერიოზული ხარვეზებისა და ნოემბრის თვის ბიუჯეტში წარმოქმნილი გარღვევის გამო გაბრაზებული ხელმძღვანელის რისხვა მთავრობის წევრებმა მდუმარედ მიიღეს, თუმცა ძნელისათქმელია რა ზეგავლენას მოახდენს მათ საქმიანობაზე ედუარდ შევარდნაძის სიმკაცრე.

ქვეყანაში არსებული საერთო ქაოსური ვითარების წინააღმდეგ ბრძოლას, პრეზიდენტი მიწის მართვის საქმეში არსებულ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირთა დასჯის მოთხოვნით იწყებს. მათ გამოსავლენად შეიქმნება კომისია, რომელსაც კონტროლის პალატის თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი უხელმძღვანელებს. ამ უკანასკნელის მიერ მთავრობის 19 დეკემბრის სხდომაზე წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით, რომელიც მიწის ერთიანი ფონდის გამოყენების კანონიერებას ეხებოდა, მიწის გადასახადის სახით ბიუჯეტში ყოველწლიურად 120-140 მილიონი ლარი უნდა შედიოდეს. არადა აღნიშნული გადასახადის სახით მხოლოდ 23-24 მილიონის მობილიზება ხერხდება.

რატომ ხდება ასე? რატომ ვერ მუშაობს რეფორმირებული საგადასახადო სისტემა? როგორ ხერხდება გადასახადების დამალვა და რატომ ვერ ვართმევთ თავს საბიუჯეტო კრიზისის დაძლევას? მიწის მართვის საქმეში არსებულ დარღვევებზე საუბარს მოყოლილ ამ შეკითხვებს, მინისტრების ნაცვლად, პასუხი პრეზიდენტმა გასცა და თქვა, რომ საგადასახადო სისტემაში არავითარი რეფორმა არ განხორციელებულა.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “არავითარი რეფორმა არ განხორციელებულა, ეს არის თავის მოტყუება. ეს არის ის, რომ ვიღაცას ფული დასჭირდა და დახარჯა ისე, როგორც სჭირდებოდა. არავითარი შედეგი ამას არ გამოუღია უკუშედეგების გარდა. არ გვინდა ბატონო ასეთი რეფორმა. თავი დაგვანებეთ. ვიმოქმედოთ, თუნდაც დავით აღმაშენებლის მეთოდებით ან სხვა”.

დავით აღმაშენებლის დროინდელი მეთოდების გამოყენების განწყობაზე დამდგარი ედუარდ შევარდნაძის რისხვა, შემოსავლების სამინისტროს ყოფილ
ხელმძღვანელობას დაატყდა. ლევან ძნელაძე აქ არაფერ შუაში იყო, მას უბრალოდ ერთი შეკითხვის განმარტება მოუხდა:

[ედუარდ შევარდნაძის და ლევან ძნელაძის ხმა] ე.შ.: ”ლევან, ერთი მითხარი, რა არის ეს 3-კაციანი ინსპექცია? რა პრობლემაა, ეს სამი კაცი ენაგადმოგდებული დარბის დედოფლისწყაროში, სადაც 100 ათასი ჰექტარია, რა თქმა უნდა ვერ მოუვლის.” ლ.ძ.: ”მოგახსენებთ. ეს არის რეფორმის შედეგად დაწესებული a, b და c კატეგორიის სამსახურები.”

“რომლებმაც რიგ რეგიონებში ვერ გაამართლაო”-დასძინა შემოსავლების მინისტრმა და პირობა დადო, რომ რეფორმის შედეგად წარმოქმნილ ხარვეზების გამოსწორებაზე იმუშავებს. მსგავსი დაპირება არ გამოუთქვამს სოფლის მეურნეობის მინისტრს. მან მიწის გადასახადით 120-140 მილიონის ამოღება არარეალურად მიიჩნია, პრეზიდენტთან შეკამათება სცადა და პასუხიც მიიღო:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ყოვლად არაკვალიფიციური გამოსვლაა შენი გამოსვლა, მარტო მომხმარებლის გამოსვლაა და მეტი არაფერი. დაბრძანდი.”

კიდევ უფრო კატეგორიული იყო შევარდნაძე სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარის მიმართ. მართლაც სერიოზულ დანაშაულებზე პასუხისმგებელ პროფესორს პრეზიდენტმა უთხრა, რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ის ლექტორადაც არ ივარგებს. ყველაფერ ამის შემდეგ, ვნახოთ რას მოიმოქმედებს კომისია, რომლის დასკვნასაც, კონკრეტული პირების დასჯა უნდა მოჰყვეს.
XS
SM
MD
LG