Accessibility links

logo-print

ფრაქცია “აღორძინება” პარლამენტს ბოიკოტით ემუქრება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 18 დეკემბერს “ახალი მემარჯვენეების” დემარშს ფრაქციათა უმრავლესობა მშვიდად შეხვდა. ყოველ შემთხვევაში, არავის გამოუხატავს მხარდაჭერა ფრაქციისთვის

რომელმაც პარლამენტის სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლის დანიშვნის გამო. თუმცა, როგორც თამარ ჩიქოვანი ვარაუდობს, მემარჯვენეების დემარში პარლამენტში პოლიტიკურ რყევებს მაინც გამოიწვევს.

19 დეკემბერს პარლამენტში გენერალური პროკურორის მისვლა უკვე ფრაქცია “აღორძინებამ” მოითხოვა. ამ ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერის ჯემალ გოგიტიძის განცხადებით, დროა, პროკურატურამ პარლამენტს ანგარიში ჩააბაროს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნების დღეს აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. შეგახსენებთ, მაშინ საარჩევნო კომისიამ აღმოაჩინა, რომ ფარული კენჭისყრისთვის გამზადებული ბიულეტენები დანომრილი იყო.

ვინ და რა მიზნით დანომრა ბიულეტენები? სწორედ ეს უნდა დაადგინოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფმა, რომლის ობიექტურობას იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებდნენ “ახალი მემარჯვენეები”. ახლა მათ ფრაქცია “აღორძინებაც” შეუერთდა. ამ ფაქტის გამოძიებით ჯემალ გოგიტიძე განსაკუთრებით დაინტერესებული რომ უნდა იყოს, გასაკვირი არ არის, რადგან პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის კანდიდატთა შორის ისიც იყო.

დღეს ჯემალ გოგიტიძე აცხადებს: [ჯემალ გოგიტიძის ხმა] “მე მოვითხოვ, გენერალური პროკურორი მოვიდეს ამ ფაქტთან და სხვა ფაქტებთან დაკავშირებით, გასცეს პასუხი პარლამენტს. და რეაგირება აქამდე რომ არ ყოფილა, ეს იმის ნიშანია, რომ ყველაფრის მიფუჩეჩება უნდათ. მათ შორის, ახლების გასვლისა და ბიულეტენების. სხვა შთაბეჭდილება მე არ მრჩება. თუ ასე გაგრძელდება, ფრაქცია “აღორძინება” შეუერთდება ფრაქცია მემარჯვენეების გზას და ჩვენც დავტოვებთ დარბაზს”.

პარლამენტის თავმჯდომარეს ისევ უწევს ახსნა-განმარტება, რომ ყველასთან თანამშრომლობისთვის მზად არის, მათ შორის მემარჯვენეებთანაც, რომ ბიულეტენების თემაზე გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფის საშუალედო მოხსენების მოსმენა მომავალ ბიუროზე გაიმართება, რომ იგი თვითონაც არანაკლებ დაინტერესებულია არჩევნების დღეს მომხდარი ფაქტის გამოძიებით. ამავე დროს, ნინო ბურჯანაძე ასეთ მინიშნებას აკეთებს: [ნინო ბურჯანაძის ხმა] “პარლამენტში მიმდინარეობდა ვითარების გარკვეული სტაბილიზაცია. როგორც ჩანს, ძალიან სერიოზული ძალები აღმოჩნდნენ, ვისაც არ აწყობდა პარლამენტში სიტუაციის სტაბილურობა და, აქედან გამომდინარე, სტაბილურობა სხვა მიმართულებითაც. და ამიტომ გახდა სწორედ საჭირო ჭიქაში ქარიშხლის ატეხვა.”

ქარიშხალი კი მაინც მოსალოდნელია. ფრაქცია “აღორძინება”, როგორც ჩანს, საკმაოდ სერიოზულად არის განწყობილი და კატეგორიულად მოითხოვს პარლამენტში გენერალური პროკურორის, ნუგზარ გაბრიჩიძის მისვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში, გიორგი თარგამაძის განცხადებით: [გიორგი თარგამაძის ხმა] “კვლავ იკვეთება კონტურები საპარლამენტო კრიზისის. ჩვენ არ გვინდა აქედან წამოვიდეს ყველაფერი, მაგრამ თუ მოხდება იგნორირება მემარჯვენეების მიერ სხდომათა დარბაზის დატოვებისა, ეს იქნება ძალიან ცუდი პროცესის დასაწყისი, რადგან, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, იგივე გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ჩვენც, რამდენიმე ფრაქციამ.”

ასეთ ფონზე, პროკურატურის გამოძიების შედეგმა, შესაძლოა, თავისდაუნებურად ჭრელი პეპლის ბედი გაიზიაროს: თუ აღმოჩენილი არ იქნა ბიულეტენების დამნიშვნელი კონკრეტული პირი, პროკურატურის ავტორიტეტი საბოლოოდ შეილახება. კონკრეტული პირის აღმოჩენამ კი, გამორიცხული არ არის, კიდევ უფრო გააღრმავოს საპარლამენტო კრიზისი, რომლის ნიშნები სულ უფრო თვალნათელი ხდება.
XS
SM
MD
LG