Accessibility links

logo-print

ქალი და მსოფლიო


ალბათ, ძნელად თუ მოიძებნება ადგილი, სადაც ისე მოუთმენლად ელიან სასკოლო არდადეგების დამთავრებას, როგორც ავღანეთში.

ცხადია, ეს ყველა მოწაფესა და მასწავლებელს არ ეხება, მაგრამ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას მათს დიდ ნაწილზე: ბავშვებზე და პედაგოგებზე, რომელთაც ხუთი წელი სკოლაში არ უშვებდნენ. დღევანდელ გადაცემაში ციკლიდან "ქალი და მსოფლიო" გიამბობთ ადამიანებზე, ვისთვისაც თალიბანის რეჟიმი განათლებისა და მუშაობის აკრძალვას ნიშნავდა.

ბოლო წლების სამწუხარო ტრადიციით, ზამთრის არდადეგები ავღანეთში რამდენიმე თვე, გაზაფხულამდე გრძელდება, ვინაიდან სკოლებს ვერ ათბობენ, ზამთარი კი ამ ქვეყანაში ხანგრძლივი და მკაცრი იცის. ასეა ამჯერადაც, ოღონდ წინა წლებისაგან განსხვავებით, სკოლების დერეფნები უკვე სავსეა მოფუსფუსე მასწავლებლებით, უმეტესწილად ქალებით. მათ წლების მანძილზე არ უმუშავიათ და ახლა გულდასმით უნდა მოემზადონ გაზაფხულზე საკლასო ოთახებში დასაბრუნებლად. გულდასმით ემზადებიან სკოლების დირექციებიც: უნდა ჩატარდეს გამოცდები გოგონებისთვის, რათა ისინი, ცოდნის დონის შესაბამისად, სხვადასხვა კლასში გაანაწილონ.

ვარაუდობენ, რომ ავღანელი გოგონების უმეტესობა სწავლას განაგრძობს იმავე კლასში, რომელიც მიატოვა 1996 წელს, როცა ქაბული თალიბანის ხელში გადავიდა და ქალებს სწავლა და მუშაობა აეკრძალათ. მაგრამ, როგორც ავღანეთში ჩვენმა სპეციალურმა კორესპონდენტმა, ჩარლზ რეკნაგელმა შეიტყო, ვარაუდობენ იმასაც, რომ დაახლოებით ათი ათასი გოგონა ხუთი წლის წინანდელზე უკეთ იქნება მომზადებული. ლაპარაკია მათზე, ვინც თალიბანის შემოღებულ აკრძალვას არ დაემორჩილა და სწავლა ფარულად განაგრძო.

სორაია პარლიკა ქალთა სკოლების ერთგვარი საიდუმლო ქსელის ორგანიზატორებს მიეკუთვნება. ჩვენი კორესპონდენტი მას რამდენიმე დღის წინ ეწვია შინ - იქ, სადაც, ისევე როგორც ქაბულის კიდევ ასობით ბინაში, კონსპირაციული შეხვედრები იმართებოდა. მეზობლები მხოლოდ იმას ამჩნევდნენ, რომ პარლიკასთან დადიოდნენ მისი ქალიშვილის ამხანაგები და თითო-ოროლა ადამიანის გარდა არავინ იცოდა, რომ საქმე ეხებოდა სწავლის პროცესს, რომ შეკრებილი ქალებიდან ზოგი პედაგოგი, ზოგი კი მოწაფე იყო.

თალიბანის რელიგიური პოლიცია დიდი მონდომებით დაეძებდა ასეთი თავშეყრის ადგილებს. პარლიკას კარგად ახსოვს საიდუმლო სკოლების დარბევის შემთხვევები. ბოლო რეიდები გასული თვის დასაწყისში, ქაბულიდან თალიბანის გასვლამდე ცოტა ხნით ადრე მოეწყო.

[სორაია პარლიკას ხმა] "ბევრი ქალი დააპატიმრეს და სცემეს, მათი სახლები გაჩხრიკეს, ცემეს მამაკაცებიც, რახან მათ სახლებში ქალები სასწავლებლად იკრიბებოდნენ. თალიბანი თავის მოვალეობად მიიჩნევდა ჩვენი სკოლების დახურვას", ამბობს პარლიკა და იხსენებს ერთ-ერთ რეიდს, როცა მას, რამდენიმე მოსწავლე გოგონასთან მეცადინეობისას, მეგობრის ბინაში დაადგნენ თავზე.

[სორაია პარლიკას ხმა] "ვიყავით კომპუტერის გაკვეთილზე, რომელიც დილის ხუთ საათზე დაიწყო, მას მოჰყვა გაკვეთილი 6 საათზე, შემდეგ შვიდზე, და ცხრა საათზე თალიბები მოვიდნენ. სტუდენტები გაიფანტნენ, დაწვნენ და საბნები დაიფარეს - ვითომ იმ ბინაში ცხოვრობდნენ და ეძინათ. ზოგი მესამე სართულიდან, ფანჯრიდან ძირს ჩახტა და თავს გაქცევით უშველა."

პარლიკას თქმით, თალიბები დაკავებულებს სცემდნენ და რამდენიმე საათით აკავებდნენ, ემუქრებოდნენ, რომ ხელმეორედ შეპყრობისას უფრო მკაცრად გაუსწორდებოდნენ, თან ანადგურებდნენ წიგნებს, რომელთა შოვნა სკოლების ორგანიზატორებისათვის ურთულესი ამოცანა იყო.

პარლიკა მაინც ყველანაირად ცდილობდა სკოლების გადარჩენას, ვინაიდან არ სურდა, განათლებული ქალები უსაქმოდ დარჩენილიყვნენ: 1996 წლამდე ქალები მასწავლებლების 70 პროცენტს შეადგენდნენ.

ახლა, როცა მათთვის ისევ გაიღო ავღანეთის სასწავლებელთა კარები, სორაია პარლიკა და მისი თანამოაზრეები მაინც საჭიროდ მიიჩნევენ საშინაო სკოლებს. მათი ორგანიზაცია აპირებს, ახალ მთავრობას სთხოვოს ფინანსური მხარდაჭერა საგანგებო პროგრამისთვის, რომელიც ითვალისწინებს დამატებით გაკვეთილებს მოსწავლეებისთვის, ვისაც სკოლაში წლების მანძილზე არ უვლია, ან ვისაც შინ გაკვეთილების მომზადებაში ვერავინ დაეხმარება.

მაგრამ ორი დაბრკოლება დღესაც ართულებს პარლიკას გეგმების განხორციელებას. მთავარია ფინანსური პრობლემა. ავღანეთის ახალ მთავრობას გასასტუმრებელი აქვს მსხვილი დავალიანება: პედაგოგი მამაკაცების ბოლო ექვსი თვის ხელფასები და შესაძლებლობა არა აქვს, ახალი სოციალური პროგრამები დააფინანსოს. ხოლო მეორე პრობლემად რჩება მამაკაცების უარყოფითი დამოკიდებულება ქალთა ორგანიზაციებისადმი. გასულ თვეში ჩრდილოეთის ოპოზიციამ დაშალა დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებსაც საჯაროდ უნდა მოეთხოვათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა როლის გაზრდა.

მაგრამ გასულ კვირაში ქალებმა მაინც მოახერხეს საჯარო თავყრილობის გამართვა. ისინი ქაბულის ცენტრში, მეჩეთთან შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს "ჩრდილოეთის ალიანსის" ყოფილი სარდლის, ლიბერალ მოღვაწედ აღიარებული აჰმად შაჰ მასუდის ხსოვნას. მეჩეთთან შეკრებილი ასობით ქალიდან ერთ-ერთი, ფატანა შამალი, თალიბანის აღზევებამდე ქაბულის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა და დღეს იუსტიციის სამინისტროში მუშაობის იმედი აქვს. სხვათა შორის, ბოლო წლებში ფატანა შამალიც საიდუმლო სკოლის მასწავლებელი იყო.

[ფატანა შამალის ხმა] "ჩვენ ამას ვაკეთებდით ბავშვების მომავლისთვის, ხალხისთვის და საზოგადოებისთვის, იმისათვის, რომ ავღანეთში ვითარება გაუმჯობესებულიყო. სწავლით, განათლებით, ჩვენი ხალხისთვის დახმარების გაწევას ვცდილობდით."

ქაბულის ცენტრში შეკრებილი ქალებიდან ფატანა შამალი ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც ჟურნალისტებთან სასაუბროდ ბურკის მოხდა გაბედა. მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ახალი სამუშაოს დაწყებისთანავე სამუდამოდ გამოეთხოვება კოჭებამდე მოსასხამს და, როგორც სხვა მუსულმანური ქვეყნების მკვიდრ ქალთა უმეტესობა, თავსაფარს დასჯერდება.
XS
SM
MD
LG