Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი გაიზარდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ამ დღეებში სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში საარსებო მინიმუმის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

ბუნებრივია, ეს ციფრები შესაძლოა შორს იყოს რეალობისაგან, მაგრამ გარკვეული ტენდენციის გამოკვეთის საშუალებას მაინც იძლევა.

საარსებო მინიმუმის გამოთვლა საქართველოში, სადაც ეკონომიკის დიდძალი ნაწილი “ჩრდილშია” გადასული და აღრიცხვას არ ექვემდებარება, ტრადიციულად ძალიან ძნელია. თუმცა საარსებო მინიმუმის გამოთვლა მაინც სისტემატურად ხდება. თავად მისი გამოთვლის მეთოდიკა საკმაოდ მარტივია და სამომხმარებლო კალათაზეა გათვლილი. თავად სამომხმარებლო კალათა ძირითადადა პირველადი აუცილებლობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებს მოიცავს.

საქართველოში 2001 წლის ოქტომბერში ქმედითუნარიანი მამაკაცებისათვის საარსებო მინიმუმმა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 117,8 ლარი შეადგინა, საშუალო მომხმარებლისთვის - 103,3 ლარი, 4 სულისაგან შემდგარი ოჯახისთვის - 204,9 ლარი.

ანუ ამ მაჩვენებლების მიხედვით, ჩვეულებრივი ქართული ოჯახის თვიური შემოსავალი მინიმუმ 205 ლარი უნდა იყოს. ექსპერტების გათვლებით ბევრი ქართული ოჯახიოს ოფიციალური შემოსავალი ამ ზღავრს ქვემოთაა. თანაც აღნიშნული თანხა მართლაც მიზერულია და უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელია.

თუ ოფიციალურ სტატისტიკას დავეყრდნობით, ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად შიმშილისაგან ასობით ადამიანი უნდა იღუპებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სოციალური ფონი მეტისმეტად გაუარესებულია და სიდუხჭირე მართლაც ტრადიციული სენი გახდა, შიმშილისაგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაინც არ აღწევს ასეთ კატასტროფულ მასშტაბებს, შესაბამისად, საქართველოში უმუშევრობის პარალელურად ფარული დასაქმების წილიც სერიოზულია. “ფარულად დასაქმებულები” მთლიანად ჩრდილოვან სექტორს განეკუთვნებიან. ამასთან მაღალი საშემოსავლო გადასახადის გამო ორგანიზაციები ხშირად ოფიციალურად თავიანთი თანამშრომლებისათვის 10_ჯერ და ხშირად მეტადაც შემცირებულ ხელფასებს აფიქსირებენ.

2001 წლის ოქტომბერში, გასული თვის მაჩვენებლებთან შედარებით, საარსებო მინიმუმი გაიზარდა 3,4%-ით, ხოლო 2000 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 1,8%-ით.

თბილისი საქართველოში ტრადიციულად ძვირი ქალაქია და შესაბამისად, დედაქალაქის მოსახლეობის საარსებო მინიმუმი საშუალო ეროვნულზე 0,6%-ით მეტია.

ოქტომბერში, ნორმატიულმა მინიმალურმა ხელფასმა შეადგინა 46,8 ლარი. საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა მინიმალურმა ხელფასმა 20 ლარი, რაც ნორმატიული მინიმალური ხელფასის 42,7%-ს შეადგენს. თუ ამ მაჩვენებლებით ვიმსჯელებთ, ნორმატიული ხელფასის მქონე 4 კაციანი ოჯახი, ამ ოჯახის ყველა წევრის დასაქმების პირობებშიც, საარსებო მინიმუმის ქვევით, ანუ უკიდურესი სიღარიბის ზღვარსაც კი ჩამოცილებული იქნება.
XS
SM
MD
LG