Accessibility links

logo-print

”ალ ყაიდის” დატყვევებულ მებრძოლებს გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები დაკითხავენ


ანდრო ეული, პრაღა სამშაბათს ყანდაარში ჩავიდა გამოძიების ფედერალური ბიუროს რვაკაციანი ჯგუფი, რომელმაც ”ალ ყაიდის” დატყვევებული წევრები უნდა დაკითხოს.

ამ რვაკაციან ჯგუფში სხვებთან ერთად შედიან ის ნიუიორკელი და ვაშინგტონელი აგენტები, რომლებიც ოსამა ბინ ლადენისა და მისი ტერორისტული ქსელის საქმიანობას იძიებენ დეტალურად.

აგენტები თერთმეტი სექტემბრის ტერაქტების გარდა იემენში სამხედრო ხომალდ ”კოლზე” 2000 წლის ოქტომბერში მომხდარი თავდასხმის, აგრეთვე ამერიკის საელჩოებზე კენიასა და ტანზანიაში 1998 წლის აგვისტოში ერთდროულად მომხდარ აფეთქებათა გარემოებებსაც იძიებენ. ფედერალური ბიუროს გამომძიებლებს სურთ შეიტყონ ტყვეებისგან, არის თუ არა რომელიმე მათგანისთვის ცნობილი, რომ შეერთებული შტატების ან რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ ტერორისტული აქტებია დაგეგმილი, აგრეთვე, სად არიან განთავსებული ტერორისტულ ქსელში შემავალი ჯგუფები.

აგენტები იმედოვნებენ ამასთანავე, რომ მეტს შეიტყობენ ბინ ლადენისა და ”ალ ყაიდის” სხვა ლიდერთა ადგილმდებარეობის, ”ალ ყაიდის” სტრუქტურის, დაფინანსებისა და სამოქმედო გადაწყვეტილებათა მიღების შესახებ. ამგვარი ინფორმაცია ”ალ ყაიდის” წევრთა გასასამართლებლად იქნება გამოყენებული. ყანდაარში ჩასული ამერიკელი აგენტების ჯგუფს ფედერალური ბიუროს ვეტერანი თომას ნოულსი ხელმძღვანელობს.

სულ ამერიკელებს, ”ალ ყაიდისა” და თალიბანის ოცი მებრძოლი ჰყავთ ავღანეთში დატყვევებული. კიდევ ხუთი, არაბეთის ზღვის ჩრდილოეთში მყოფ საიერიშო ხომალდ ”პელელიუზე” ჰყავთ დაკავებული. ამ ხუთეულში შედიან ამერიკელი ჯონ უოკერი, რომელიც თალიბების მხარეზე იბრძოდა, აგრეთვე აბდულ აზიზი – ლიდერი ”ვაფას” სახელით ცნობილი ჰუმანიტარული ორგანიზაციისა, რომელსაც ”ალ ყაიდის” დაფინანსებაში ადანაშაულებენ.

ამასობაში, თეთრი სახლის ადმინისტრაციას ჯერაც არ გამოუცხადებია, თუ რას უპირებს ტყვეებს. მოელიან, რომ ზოგიერთი მათგანი ფედერალური სასამართლოების, ან სამხედრო ტრიბუნალების წინაშე წარდგება. პრეზიდენტმა ბუშმა ანტიტერორისტულ ომთან დაკავშირებით სამხედრო ტრიბუნალების გამოყენების უფლება მისცა პენტაგონს.

აქვე მოვიყვან ავღანეთში მყოფი ამერიკელი ოფიცრების ნათქვამ იმის შესახებ, რომ ”ალ ყაიდისა” და თალიბების დატყვევებული მებრძოლები ისარგებლებენ ყველა იმ უფლებით, რომელიც ჟენევის კონვენციის პირობით არის გათვალისწინებული. სახელდობრ, ტყვეები უზრუნველყოფილი იქნებიან სამედიცინო მომსახურებით, სურსათით, წყლითა და თავშესაფრით. მათ მიეცემათ უფლება ილოცონ, ხოლო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები დაუბრკოლებლად შეძლებენ ტყვეებთან შეხვედრას.
XS
SM
MD
LG