Accessibility links

logo-print

რამდენად დასაშვებია ბინ ლადენის ვიდეოფირის გამოყენება სამხილად სასამართლო პროცესზე?


ანდრო ეული, პრაღა ვაშინგტონში, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გასულ კვირაში გამოქვეყნებულმა ოსამა ბინ ლადენის ვიდეოფირმა საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ თერთმეტი სექტემბრის ტერაქტები ამ ადამიანმა მოაწყო.

ახლა პრეზიდენტი ბუში აცხადებს, რომ ავღანეთში მყოფმა ამერიკელმა ჯარისკაცებმა სხვა ვიდეოფირებიც იპოვეს გამოქვაბულში, სადაც ალ ყაიდის წევრები იმალებოდნენ. მაგრამ რამდენად გამოდგება ეს ვიდეოფირები სამხილად სასამართლო პროცესზე?

ვიდეოფირზე, რომელიც გასულ კვირაში ტელეეკრანზე იხილა მთელმა მსოფლიომ, ბინ ლადენი თავის თანამოაზრეებთან თერთმეტი სექტემბრის ტრაგედიას მოიხსენიებს მომღიმარი სახით და ხელის მოძრაობით უჩვენებს, როგორ შეასკდნენ თვითმფრინავები ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის ორ ცათამბჯენს ნიუ-იორკში.

რაოდენ დამაჯერებლადაც უნდა გამოყურებოდეს ყოველივე ეს, ძნელია იმის თქმა, რომ ნოემბრის დასაწყისში გადაღებული ეს ვიდეოფირი საკმარისი აღმოჩნდება იმისთვის, რომ სასამართლომ დამნაშავედ სცნოს ბინ ლადენი, ან საერთოდ თუ იქნება დასაშვები ვიდეოფირის გამოყენება სამხილად.

როგორც ვაშინგტონში მოქმედი სისხლის სამართლის დამცველ ვექილთა ეროვნული ასოციაციის თანამშრომელი დენიელ დოდსონი აღნიშნავს, დანაშაულის აღიარება ვიდეოფირზე პოლიციაში, როგორც წესი, ხდება კონკრეტულ ვითარებაში, როცა შეერთებული შტატების სამართალდამცავ ორგანოთა ოფიციალური წარმომადგენლები, დაკითხვამდე ეჭვმიტანილს ჯერ ურჩევენ, ისარგებლოს უფლებით და შეკითხვებს პასუხი არ გასცეს, მოითხოვოს ვექილის დასწრება და არ მისცეს ჩვენებები საკუთარი თავის წინააღმდეგ. თუმცა, დოდსონი დასძენს, რომ ვინაიდან ბინ ლადენი ვიდეოფირის ჩაწერის დროს პოლიციის ტყვეობაში არ ყოფილა, ვიდეოფირი წარმოადგენს ნებაყოფლობით აღიარებას, რაც ასევე შეიძლება იქნეს სასამართლოზე გამოყენებული.

ამგვარი ჩანაწერები, დოდსონის თქმით, არაერთგზის გამოუყენებიათ სამხილად სასამართლო პროცესებზე ამერიკაში. დენიელ დოდსონმა განაცხადა აგრეთვე, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ვიდეოფირის შემოწმებას, ვიდრე იგი სასამართლოზე იქნება გამოყენებული სამხილად.

შემოწმებაში იგულისხმება იმის დადგენა, რომ ვიდეოფირი ყალბი არ არის და მასზე აღბეჭდილი კადრები სინამდვილეს შეესაბამება.
XS
SM
MD
LG