Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოსახლეობის აღწერის კამპანიის შესახებ.


საქართველოში მოსახლეობის ბოლო აღწერა 1989 წელს ჩატარდა, მას შემდეგ ჩვენს ქვეყანაში უამრავი პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებები განხორციელდა, რამაც მოსახლეობის აღწერის აუცილებლობა ერთ-ერთ მთავარ ამოცანად აქცია.

ბოლო წლებში დაგეგმილი საყოველთაო აღწერის კამპანია რამდენჯერმე ჩაიშალა. ამის მიზეზად ხან მსოფლიო საფინანსო, ხანაც ადგილობრივი საბიუჯეტო კრიზისი დასახელდა. ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ, 2002 წლის იანვარში, სტატისტიკის დეპარტამენტის ძალისხმევით,მოსახლეობის საყოველთაო აღწერის კამპანია გაიშლება. გესაუბრებათ კახა მჭედლიძე.

მსოფლიო პრაქტიკაში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის 10 წლიანი ინტერვალია დამკვიდრებული. თუმცა არის ქვეყნები სადაც აღწერა ყოველ 4 წელიწადში ხორციელდება. ხელახალი აღწერის აუცილებლობას საქართველოს რეალობა, კარგახანია კარნახობს ჩვენს ხელისუფლებას. მაგრამ იგი ამ ნაბიჯის გადადგმისაგან, ბოლო დრომდე თავს იკავებდა. სათანადო ფინანსების უქონლობასთან ერთად, მოსახლეობის რეალური რაოდენობის გარკვევა, მისთვის პოლიტიკურადაც არ იყო მომგებიანი.

1989 წლის აღწერის შედეგების თანახმად, საქართველოში 5 მილიონ 400 ათასი მოქალაქე ცხოვრობდა. ბოლო წლებში ამ სტატისტიკის მიხედვით ჩატარებული არჩევნების გაყალბება სირთულეს არ წარმოადგენდა, რადგან საქართველო მილიონზე მეტმა მოქალქემ არაოფიციალურად დატოვა. შესაბამისად მილიონამდე ხმის მანიპულირებით, ნებისმიერი არჩევნების შედეგის შეცვლაა შესაძლებელი. ეს რომ ასეა 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმაც აჩვენა.

20 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე თემურ ბერიძე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ საყოველთაო აღწერის შედეგებს პოლიტიკასთან და არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ: [ბერიძის ხმა] „ჩვენ თუ არ გვექნება ცოდნა მოსახლეობის შესახებ, ჩვენ ვერ შევიმუშავებთ ნებისმიერ დონეზე პოლიტიკას, ადეკვატურ პოლიტიკას. და თუ გნებავთ აფხაზეთსაც ვერ დავიბრუნებთ თუ არ გვექნება ცოდნა მოსახლეობის შესახებ. ბევრად არის დამოკიდებული ეკონომიკის განვითარება მოსახლეობის შესახებ ცოდნაზე. ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური ეფექტი, ცხოვრების დონის ამაღლება საქართველოში, ერთ-ერთი ფაქტორია, თუ გნებავთ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა.“

საყოველთაო აღწერის კამპანია რამოდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი, მოსამზადებელი სამუშაოები, უკვე განვლილია. დაიბეჭდა 13 მილიონიანი ტირაჟის სხვადასხვა სახის ლიტერატურა. აღწერის კამპანიის ჩასატარებლად შეირჩა 23 ათას 500 კაცი. საქართველოს მაღალ მთიან რაიონებში, ქვეყნის ტერიტორიის 15 პროცენტზე, უკვე ჩატარდა მოსახლეობის აღწერის პროცედურა. მეორე ეტაპზე, ანუ საქართველოს დანარჩენ ნაწილში, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის გარდა, აღწერის აქტიური კამპანია 2002 წლის 17 დან 24 იანვრამდე მოეწყობა. სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებისას დაცული იქნება კონფიდნციალურობა. მოქალაქეს არავინ მოთხოვს პირადობის მოწმობას და გამოკითხვის დროს თუ გაირკვევა, რომ მაგალითად მისი ოჯახის წევრმა არალეგალურად დატოვა ქვეყანა, მის მიმართ სამართლებრივი დევნაც კი არ განხორციელდება.

ინფორმაციის შეგროვების შემდეგ მთლიანი მასალის გადამუშავება 2003 წლისთვის დამთავრდება. საჯაროდ მხოლოდ აღწერის ზოგადი, ნაერთი შედეგები გამოქვეყმდება.

თემურ ბერიძე აცხადებს, რომ საყოველთაო აღრიცხვის შედეგები ისეთი არ აღმოჩნდება, როგორიც 1989 წელს იყო და ფიქრობს, რომ მოსახლეობის რაოდენობა გაცილებით ნაკლები იქნება. თუმცა იგი რეალობისათვის თვალის გასწორებისაკენ მოუწოდებს ყველას და იმედი აქვს რომ საყოველთაო აღწერის ობიექტური შედეგები ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის რეალურ საფუძველს შექმნის .
XS
SM
MD
LG