Accessibility links

logo-print

კორუფციასთან ბრძოლის ახალი ეტაპი ტყის უკანონო ჩეხვაზე და მიწების უკანონო გაცემაზე პასუხისმგებლების დასჯას ითვალისწინებს.


კონტროლის პალატის დასკვნა, რომელიც სულხან მოლაშვილმა 19 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე წარმოადგინა და რომელიც მიწის ერთიანი ფონდის განკარგვაში წლების მანძილზე დაშვებულ დარღვევებს

აგრეთვე წყნეთის მიდამოებში ტყის მასივების გაჩეხვის შედეგად გამონთავისუფლებული ტერიტორიების სასახლკარე ფართობად გაცემით ჩადენილ დანაშაულებს ეხებოდა, კონკრეტული პირების დასჯის მიზეზი უნდა გახდეს.

მათ საქმიანობას კიდევ უფრო დეტალურად სპეციალური სამთავრობო კომისია შეისწავლის. პრეზიდენტი დამნაშავეების გამოვლენას და დასჯას ზუსტად ერთი თვის ვადაში ითხოვს.

სატყეო და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, გარდაბნის რაიონის გამგეობის ხელმძღვანელ პირებს და არა მარტო მათ, მიწის უკანონო გაცემაზე, განსაკუთრებით კი ტყის მასივების განადგურებით, მიწის უკანონო ბიზნესის წარმოებაზე პასუხისგება მართებთ. რა ფორმით დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი, მოხდება კონკრეტული თანამდებობის პირების გათავისუფლება თუ ამ უკანასკნელთ კანონის წინაშე პასუხის გებაც მოუწევთ, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა მთავრობის წევრების მიმართ უჩვეულოდ მკაცრმა ედუარდ შევარდნაძემ, 19 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე პასუხისმგებელთა დასჯა მოითხოვა.

მისი ტონი ბევრის, განსაკუთრებით კი სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარის გივი ჯაფარიძის მიმართ ასეთი იყო:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "როგორ უნდა შეეგუო. 2 თვეში ერთხელ მაინც ხომ გაივლი წყნეთისკენ, სადაც ტყე უმოწყალოდ გაჩანაგდა. მოჭრეს იქ სადაც არ უნდა მოეჭრათ, სხვათაშორის წლების წინათ წვალებით და დაგვით დარგული, მათ შორის ჩემი თაობის მიერ. როგორ უნდა შეეგუო ამას, როგორ არ უნდა იყვირო. მაგრამ შენ პირველი არასდროს გამოხვალ. სიტყვას არ მოგცემ."

ადვილიწარმოსადგენია ამის შემდეგ რა ხასიათზე უნდა დამდგარიყო სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელიც ტყის უკნონო ჩეხვასთან დაკავშირებული აურზაურის მიუხედავად, აქამდე სრული ხელშეუხებლობის პრივილეგიით სარგებლობდა. მას, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრის ნათესავს, პრეზიდენტი აქამდე არ ერჩოდა. ხე-ტყის მასიური ჩეხვის და წყნეთის მიმდებარე ტერიტორიების დატაცებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას, ედუარდ შევარდნაძე აქამდე მშვიდი ტონით საუბრობდა, თუმცა მის მიერ მშვიდი ტონით წარმოთქმულ ძველ შენიშვნებში დამამშვიდებელი არაფერი იყო:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "თუ ჩვენ არ გამოვფხიზლდებით და მუშაობას გავაგრძელებთ ისე როგორც დღეს ვმუშაობთ, დიდი დრო არ დასჭირდება იმას, რომ საქართველო ტყის და წყლის გარეშე დარჩეს, არაფერი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ის, რომ გარემოს უნდა გავუფრთხილდეთ"

ასეთი მითითება მადაგაზრდილ ჩინოვნიკებს გარემოს დაცვის გუნებაზე ვერ დააყენებდა და ვერც პრესტიჟულ ტერიტორიებზე მიწის უკანონო გაცემით დაკავებულებს ათქმევინებდა უარს იმაზე, რასაც ძვირადღირებული მიწის მიღების მსურველები შესთავაზებდნენ.
კონტროლის პალატის მონაცემებით, 95 წლიდან მოყოლებული თბილისის სატყეო მეურნეობის წყნეთისა და ბაგების უბნების სატყეო ფონდებიდან, სხვადასხვა უწყებებისა და სამინისტროების თანამშრომლებისთვის 15 ჰექტარი მიწის ფართობი იქნა გამოყოფილი, სხვათაშორის მთავრობისა და მიწის გამოყოფისა და დაცვის ფონდის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებებით.
[სულხან მოლაშვილის ხმა] ‘გამოყოფილი 15 ჰექტარიდან ნახევარზე მეტი გამოყოფილია სატყეო მეურნეობისა და მიწის მართვის დეპარტამენტის სისტემის თანამშრომლებისთვის, მეორე ნახევარი -სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანია "საქნავთობპროდუქტის", ვაკის რაიონის გამგეობისა და მოქალაქეთა კავშირის თანამშრომლებისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ 1995 წლის შემდეგ პრეზიდენტის და სახელმწიფო მინისტრის მიერ მიღებულ იქნა არაერთი გადაწყვეტილება, დაბა წყნეთში მოქალაქეებზე გაცემული მიწის ნაკვეთების გაცემის კანონიერების გადასამოწმებლად, თუმცა ამ მხრივ არაფერი გაკეთებულა."

საინტერესოა რა გაკეთდება 19 დეკემბრის მთავრობის სხდომის შემდეგ.
პრეზიდენტის მოთხოვნით მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა შეიმუშავოს კანონპროექტი, დაბა წყნეთის, დიღმის დასახლებისა და გლდანის მიმდებარე ტერიტორიების, თბილისის მუნიციპალიტეტის იურისდიქციაში გადასვლასთან დაკავშირებით, რათა დედაქალაქის ხელმძღვანელობას აღნიშნულ ტერიტორიებზე კონტროლის განხორციელების საშუალება მიეცეს.

რაც შეეხება უკვე გაჩანაგებულ ტყეებს და უკანონოდ გასხვისებულ მიწის ფართობებს, რასაც უკვე აღარაფერი ეშველება, პასუხისმგებლთა საქმე სამთავრობო კომისიამ უნდა შეისწავლოს.
XS
SM
MD
LG