Accessibility links

logo-print

რას მოასწავებს დავით თევზაძის ახალი ინიაციატივა?


თავისი პროდასავლური იმიჯით ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელმაც ორი თვის წინ ანტითალიბურ კოალიციას საქართველოს სამხედრო აეროდრომების გამოყენების ნება დართო

ამჯერად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ახალი ინიციატივით გამოდის.
19 დეკემბერს, ბრიუსელში გამართულ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების მორიგი შეხვედრაზე, თევზაძემ ნატოსთან საჰაერო ვითარების მონაცემთა გაცვლისა და ამ სისტემაში საქართველოს ჩართვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

რუსეთის ავიაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის ფაქტებმა ცხადი გახადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში პრიორიტეტი საჰაერო თავდაცვის ძალების მშენებლობას უნდა მიენიჭოს. მაგრამ საკუთარი მწირი ფინანსური საშუალებითა და ინტელექტუალური პოტენციალით თითქმის სრულიად ამორტიზებული საჰაერო თავდაცვის ცალკეულ კომპონენტთა რეკონსტრუქცია საქართველოსთვის მრავალი წლის მანძილზე გადაულახავ პრობლემას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოთხი წლის წინ ჰქონდა შანსი ჩართულიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ერთიან თავდაცვით სისტემაში, რაც მას რამდენიმე საჰაერო თავდაცვის კომპლექსის აღდგენისა და რუსეთთან საჰაერო ინფორმაციის გაცვლის საშუალებას მისცემდა.

სამხედრო ექსპერტებისთვის დღესაც ბოლომდე არ არის ნათელი, თუ რა მიზეზით ეთქვა უარი ამ მომგებიან წინადადებას, რომლითაც თავის დროზე კარგად ისარგებლა არა მხოლოდ სომხეთმა, არამედ ცენტრალური აზიის რესპუბლიკებმა და თვით უკრაინამაც კი. მაგრამ ფაქტია, რომ ეს შანსი ხელიდან იქნა გაშვებული, რის გამოც საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემა არა მხოლოდ ადეკვატურად ვერ რეაგირებს კრიზისულ სიტუაციებზე, არამედ მოკლებულია შესაძებლობას ზუსტად ამოიცნოს საჰაერო საზღვრის დამრღვევი მფრინავი ობიექტები.

უსაფრთხოების სისტემის ასეთი მნიშვნელოვანი კომპონენტის განუვითარებლობის გამო კი შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე საერთაშორისო პროექტების ბედი.

ბუნებრივია, ასეთ პირობებში მთლიანად უსაფრთხოების სისტემისა და, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის სახეობის განმტკიცების ერთადერთ შესაძლო ალტერნატივას ნატოს სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს.

19 დეკემბერს ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განცხადებული ახალი ინიციატივის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს სურს პირველი მოკრძალებული ნაბიჯი გადადგას ალიანსის ერთიანი საჰაერო თავდაცვის სისტემაში დასამკვიდრებლად. როგორც ამ თემაზე ჩვენთან საუბარში საქართველოს “მშვიდობისათვის პარტნიორობის შტაბის” უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ბატკუაშვილმა განაცხადა,
[ირაკლი ბატკუაშვილის ხმა] “არსებობს ნატოს საჰაერო ინიციატივა Air Information Data Base Exchange, ანუ ჩვენ შევალთ საჰაერო ინფორმაციის გაცვლის სისტემაში. აი, ეს არის მთავარი. ანუ საჰაერო მართვა იქნება გამჭვირვალე ნატოსთვისაც. ანუ ჩვენ ვუერთდებით ამით ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემას.”

აღსანიშნავია, რომ ნატოს აღნიშნულ ინიციატივაზე თავის დროზე უარი განაცხადა რუსეთმა. ხოლო ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მასში მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები მონაწილეობენ. რაც შეეხება საქართველოს, ირაკლი ბატკუაშვილის განმარტებით, ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემაში დამკვიდრების პროცესი საქართველოსთვის სავარაუდოდ ორ წელს გასტანს.
XS
SM
MD
LG