Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპორტირებული მესხების რეპატრიაციის პრობლემასთან დაკავშირებული კონფერენცია.


გიორგი კაკაბაძე, თბილისი კავაკსიურ სახლში გაიმართა კონფერენცია თემაზე "1944-წელს სამხრეთი საქართველოდან დეპორტირებული მოსახლეობის რეპატრიაციის, რეაბილიტაციის და ინტეგრაციის პრობლემები".

კონფერენციის ჩატარების ინიციატივა ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას-ასოციაცია "მამულიშვილს", რომლის თავმჯდომარემ, ლევან ნადარეიშვილმა შესავალ სიტყვაში აღნიშნა, რომ დეპორტირებული მესხების რეპატრიაცის მრავალწახნაგოვანი პრობლემა არაერთმნიშვნელვნად აღიქმება როგორც თვით დეპორტირებულების, ისე ქართული საზოგადოების მიერ.

დღევანდელ გადაცემაში შეცვეხებით იმ მომხსენებელთა პოზიციას, რომლებიც საკმაოდ დიდ სიფრთხილეს ავლენენ რეპატრიაციის საკითხის მიმართ.
მოუსმინეთ გიორგი კაკაბაძეს.

ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა ნოდარ ნათაძემ განაცხადა, რომ მაჰმადიანი მოსახლეობის გადასახლება ჩატარდა სსრ კავშირის მთავრობის გადაწყვეტილებით, ხოლო საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხელისუფლებას, მისი მარიონეტული სტატუსის მიუხედავად, ამ გადაწყვეტილების მიღებაში და განხორციელებაში არავითარი მონაწილეობა არ მიუღია. ამიტომ, როგორც ნოდარ ნათაძე ამბობს, ამ დანაშაულებრივ აქტზე პასუხისმგებლობა, ყოველგვარი ზარალის კომპენსაციის ჩათვლით, აწევს მხოლოს სსრ კავშირის სამართალმემკვიდრეს-რუსეთის ფედერაციას, მაგრამ არა საქართველოს.

გამომსვლელის თქმითვე, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არა აქვს უფლება, რომ ქვეყანაში იმიგრაცია დაუშვას, მცირე ზომითაც კი, მანამდე, სანამ არ დააბრუნებს საკუთარ სახლებში ლტოლვილებს აფხაზეთიდან და ცხინვალის ზონიდან. ამასთანავე, ნოდარ ნათაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ინტერესია, არ დაკარგოს თავისი ეთნოსის ნაწილი, რომელმაც უცხო ძალების მოქმედების შედეგად მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგა ქართული ეროვნული თვითცნობიერება. ნოდარ ნათაძის განცხადებით, საქართველოს ინტერესია თავის მიწა-წყალზე შემოიყვანოს და დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ეროვნული სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში ჩართოს ამ ადამიანების ის ნაწილი, რომელსაც ამ პროცესში მონაწილეობა სურს, კერძოდ, ჩართოს მაშინ, როცა ამ ადამიანების მენტალიტეტი ამისთვის მზად იქნება.

პროფესორმა თეიმურაზ ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ საქართველო თითქმის მთლიანად არის მოქცეული ისლამური ქვეყნების გარემოცვაში. მისი თქმით, არც ის უნდა გვავიწყდებოდეს, რომ ისლამს აღიარებენ ქართველთა ყველაზე მრავალრიცხოვანი დიასპორები ირანსა და თურქეთში-თუკი საერთოდ შეიძლება ეწოდოს დიასპორა საკუთარ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს. თეიმურაზ ფანჯიკიძის სიტყვებით, ამჟამად ჩვენ ყველაზე მეტად ის გვაშფოთებს, რომ გამუსლიმანებულ ქართველთა ამ უდიდეს დიასპორებს არაფერი შეუქმნიათ ისეთი, რაც ოდნავ მაინც რამეს შემატებდა და გაამდიდრებდა ქართულ კულტურას. იგივეს თქმა შეიძლება მაჰმადიან მესხებზე, რომლებსაც ნაკლებად შერჩათ ეროვნული თვითშეგრძნება.

საერთოდ, თეიმურაზ ფანჯიკიძის აზრით, გამოსავალი, ალბათ ის უნდა იყოს, რომ დეპორტირებულთა უკან დაბრუნება, მათი რეაბილიტაცია და რეინტეგრაცია დროში გაიწელოს და მოხდეს მას შემდეგ, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სათანადო პირობები შეიქმნება.

კონფერენციაზე აღინიშნა, რომ დეპორტირებულთა შორის არიან საქართველოსადმი მტრულად განწყობილი პირები, რომლებიც გამსჭვალულნი არიან ახალქალაქის რაიონის თურქეთისადმი მიერთების იდეით. ასოციაცია "მამულიშვილი" მიიჩნევს, რომ ამ პირებს საკანონმდებლო წესით უნდა აეკრძალოს საქართველოს მოქალაქეობის მიღება.

რაც შეეხება რეპატრიაციისადმი ზოგად დამოკიდებულებას, ასოციაციის თავმჯდომარის, ლევან ნადარეიშვილის თქმით, ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების სრული დაცვით, აგრეთვე, დეპორტირებულთა იმ ინტერესების გათვალისწინებით, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო ნორმებსა და რეკომენდაციებს.
XS
SM
MD
LG