Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასაახალწლოდ საქართველოში საპროტესტო აქციები იგეგმება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი წინასაახალწლო დღეებში სასიამოვნო ფუსფუსის ნაცვლად საქართველოს მოსახლეობა უსიამოვნო მოლოდინით ცხოვრობს.

ისედაც არც თუ სახარბიელო ყოფითი პირობების გაუარესების პერსპექტივის გარდა, გამორიცხული არ არის, წინასაახალწლო პერიოდი სოციალური პროტესტის აქტიური გამოხატვის ფონზე წარიმართოს.

ამ დღეებში თბილისის ქუჩებში მოხალისეები არიგებდნენ ფურცლებს, რომლებითაც ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანებს 24 დეკემბერს პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე იწვევდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ უკმაყოფილოთა რაოდენობა სოლიდური უნდა იყოს - ბოლოს და ბოლოს, ფაქტია, რომ თუნდაც ბიუჯეტის სეკვესტრი უკმაყოფილოთა რიცხვს კიდევ უფრო გაზრდიდა - სავარაუდოა, რომ საპროტესტო აქცია ნოემბრისას გრანდიოზულობით არ ჩამოუვარდება. მით უფრო, რომ ხელისუფლების არც თუ გააზრებული სოციალური თუ საფინანსო პოლიტიკის შედეგად, შესაძლოა, უკმაყოფილოთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს და ქუჩაში პროტესტის გამოსათქმელად ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ადამიანებიც გამოიყვანოს.
კერძოდ: მართალია, თბილისელები უკვე შეეჩვივნენ პერმანენტულ განცხადებებს, ელექტროენერგიის, გაზის, წყლის ან ყველაფრის ერთად შეწყვეტის ალბათობის შესახებ, მაგრამ ჩვეულებრივ, თბილისი საახალწლოდ დენით, წყლით და გაზით ყოველთვის მარაგდებოდა. წელს, შესაძლოა, ეს ტრადიცია დაირღვეს - ახალი წლის დადგომამდე 11 დღით ადრე კომპანია "AES თელასი" აცხადებს, რომ პირველი იანვრიდან გაჩერდება მეცხრე ენერგობლოკი. საქმე ის გახლავთ, რომ საბითუმო ბაზარს "AES თელასის" 6 მილიონი დოლარი მართებს. წინასწარი შეთანხმებით, "AES თელასს" ამ თანხის გაზი უნდა მიეღო, მაგრამ სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გაზი სააქციო საზოგადოება "აზოტს" მიეწოდა. ანუ, ამერიკული კომპანია ენერგობლოკის მუშაობისთვის აუცილებელი გაზის გარეშე დარჩა, რაც, ბუნებრივია, ამ ლეგენდად ქცეული ენერგობლოკის მუშაობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. რა შეიძლება მოჰყვეს თბილისისთვის საახალწლო დღეებში დენის გამორთვას - არ უნდა იყოს ძნელი წარმოსადგენი.

სხვათა შორის, პარლამენტართა ერთი ჯგუფი საქართველოში დესტაბილიზაციის გამომწვევ ძალად სწორედ "AES თელასს" მიიჩნევს. პარლამენტარი ელიზბარ ჯაველიძე პარლამენტის ტრიბუნიდან ასეთ რჩევას აძლევს მოსახლეობას: [ელიზბარ ჯაველიძის ხმა ] "AES თელასის" მეშვეობით უნდათ გამოიწვიონ დესტაბილიზაცია გარკვეულ ძალებს. და "AES თელასს" გარკვეული ძალები როგორც პარლამენტში, ისე პარლამენტს გარეთ მფარველობენ. ჩვენ თუ ვართ სახელმწიფო, უნდა მივხედოთ "AES"-ს, მოვიწვიოთ, რაღაცა ვუთხრათ. თუ არა და ხალხს მე მოვუწოდებ: ის ხალხი, რომელიც გზას კეტავს, მივიდნენ და კომბლებით დალეწონ იქაურობა."

კომბლებით დალეწვის შემთხვევაში ელექტროენერგია რომ კარგა ხანი აღარ ექნება თბილისს, ფაქტია. თუმცა, მეორე მხრივ, თუ სახელმწიფო თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, თანამედროვე კომბლების ძალას ხელისუფლება თავად იგემებს.
XS
SM
MD
LG