Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცათამბჯენების მომავალი სხვაგვარი იქნება


გემოვნების მქონე ადამიანები ცათამბჯენებით არასოდეს მოხიბლულან.

ეს რამდენიმე ასეული მეტრის სიმაღლის შენობები, რომელთა ერთადერთი ღირსება მხოლოდ სიმაღლეა და ის, რომ ძალიან ძვირი დაჯდა მათი მშენებლობა, მხოლოდ ამშენებლის ეკონომიკურ სიძლიერეს ამტკიცებს. აბა რა სილამაზე უნდა იყოს მართკუთხა კოლოფების სხვადასხვა კონფიგურაცია. გარეგნულად დამთრგუნველი შენობების მშენებლობა ახასიათებდა ბოლშევიზმს, მისი ეკონომიკური აღმავლობის დროს, ასევე ფიზიკური გრანდიოზულობის გამო შთამბეჭდავი არქიტექტურა გავრცელდა ნაციზმის დროს. საფინანსო შეჯიბრში გამარჯვებას და სხვის მიმართ ეკონომიკური უპირატესობის დამტკიცებას ემსახურება შეერთებულ შტატებში, აზიაში, თუ იმავე ევროპაში მდგარი ცათამბჯენებიც.

ამ ტიპის არქიტექტურას, მშენებლობას, წინ ვერაფერი აღუდგებოდა, რომ არა 11 სექტემბრის კატასტროფა, როცა ნიუ იორკში, ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის წყვილი კოშკები განადგურდა ტერორისტული აქტის შედეგად. ყველამ იცის, თვითმკვლელმა ტერორისტებმა სამგზავრო თვიმფრინავები შეატაკეს მათ. რამდენიმე ათასი ადამიანი შეეწირა ამ აქტს. მას შემდეგ, იმ არქიტექტორებმაც და ინჟინრებმაც, რომლებიც აშენებდნენ ამგვარ შენობებს, დაიწყეს ლაპარაკი უსაფრთხოების შესახებ. თვითონ ვაჭრობის მსოფლიო ცენტრი მხოლოდ ორი წელიწადი იყო მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობა. მას მალევე, 1974 წელს აჯობა ჩიკაგოში დადგმულმა, ეგრეთწოდებულმა ”სირსის” კოშკმა, რომელიც 25 მეტრით უფრო მაღალი იყო და 442 მეტრს აღწევდა. ეს შენობა დღესაც უმაღლესია ამერიკაში, მაგრამ მსოფლიოში მალაიზიის “პატრონასის” სახელით ცნობილი, ასევე წყვილი შენობები, ტოლს არ უდებს არცერთ ცათამბჯენს.

მაგრამ, როგორც გითხარით, ტერაქტების შემდეგ დასავლეთში მშენებლებმა დაიწყეს ფიქრი, რისთვის არის აუცილებელი ასე მაღალი შენობების მშენებლობა და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან კატასტროფები. მთავარი ის არის, რომ მათი შემოქმედების ესთეტიური მხარე ეჭვქვეშ კვლავაც არ დაუყენებიათ, მსჯელობას პრაგმატიზმი წარმართავს.

დავიწყოთ იქიდან, რომ ცათამბჯენებში ერთად უამრავი დაწესებულების და ორგანიზაციის თანამშრომლის დასმა დღესდღეობით აუცილებლობას აღარ წარმოადგენს. პრობლემას აჩენს დაზღვევა. მაღალი შენობების მფლობელებს, სადაზღვევო კომპანიები ახალი წლიდან უზარმაზარ გადასახადს დაუწესებენ, ასევე გაიზრდება ცათამბჯენში მომუშავე ხალხის ჯანმრთელობის დაზღვევის საფასური. ისე, რომ ეს ფაქტორიც ცათამბჯენების მომავლის წინააღმდეგ მეტყველებს. მაგრამ ეს საკმარისი არ არის მათთვის, ვინც კვლავაც მიიჩნევს ცათამბჯენებს ეკონომიკური აღმავლობის სიმბოლოდ, განსაკუთრებით შერთებული შტატების და ევროპის გარეთ.

ამას ადასტურებს სამშენებლო კონსტრუქციების ხარჯთაღრიცხვის მწარმოებელი ფირმის “დევის ლენგდონ და ევერესტის” წამყვანი ექსპეტრი პოლ მორელი, რომელიც “ბრიტიშ კაუნსილ ოფ ოფისის” საბჭოს წევრიცაა. მორელმა ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, რომ ცათამბჯენების მშენებლობას გავაგრძელებთ, მხოლოდ მათ საგანგებო საჭიროებაზეა ლაპარაკიო. მორელი ესწრებოდა კონფერენციას, რომელიც ლონდონში მოეწყო და რომლის მონაწილეები მაღალი შენობის მომავალზე ლაპარაკობდნენ. მორელის არ აწუხებს ესთეტიკური მხარე, ის ამბობს, რომ ადამიანები უნდა ვამუშაოთ ერთად ისე მჭიდროდ, რომ ამ ერთად მუშაობამ ენერგეტიკული ხარჯები შეამციროსო. მისივე აზრით, მაღალი შენობები საშუალებას იძლევა ნაკლები მიწა დავფაროთ შენობებით და ამით ქალაქებში მიწა სიმწვანისთვის გამოვიყენოთო. ისე, რომ მისთვის ცათამბჯენების მშენებლობა ეკონომიკური და სოციალური აუცილებლობით არის გამოწვეული. მორელმა კარგად იცის, რა პრობლემა ახლავს განსაკუთრებით მაღალი შენობების აგებას. მისი თქმით, სირთულეა ხალხის ამ შენობებში მოძრაობა, უბედურების დროს მათი ევაკუაცია, ასევე ის, რომ მათი მშენებლობა დიდხანს მიმდინარეობს, შეიძლება დაიწყოს ეკონომიკური აღმავლობის დროს და დასრულება, რეცესიის დროს მოხდეს.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, მორელი და მისი თანამოაზრეები თვლიან, რომ ის, რაც მოხდა ვაჭრობის მსოფლიო ცენტრში, გამონაკლისია. [მორელის ხმა] “თუკი ვინმე დაგიმიზნებთ საწვავით სავსე 200 ტონიან თვითმფრინავს, 700 კილომეტრის სიჩქარით საათში, უსაფრთხოდ ვერ იქნებით, სადაც არ უნდა იყოთ. ეს არ არის ცათამბჯენის და მაღალი შენობების პრობლემა, პრობლემას ქმნიან ტერორიზმი, თვითმფრინავები, პოლიტიკა და ეკონომიკა, ეს არ არის საკუთრივ ცათამბჯენების თემა. თუკი ჩვენ მხოლოდ ნიუ იორკში შექმნილი სიტუაციდან ამოვალთ, ახალ პრობლემებს შევქმნით”.

მორელი ამბობს, რომ უკეთესია ფული დავხარჯოთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე თვითმფრინავების იარაღად გადაქცევას აღვუდგეთ წინ, ვიდრე შენობებს გავუკეთოთ ჯავშანი, ეს ბევრად ძვირი დაგვიჯდება.

ჩვენს რადიოს საშუალება ჰქონდა გასაუბრებოდა სხვა ექსპერტსაც, პროფესორ უილემ ფრიშმენს. ის მონაწილეობდა გამოძიებაში, როცა 60-იან წლებში ლონდონში მაღალი სახლი დაინგრა. ფრიშმენის აზრით, ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის შემთხვევა განსაკუთრებულია, მაგრამ მაინც ბევრის სწავლა შეიძლება ამ კატასტროფიდან. მაგალითად იმის, რომ თუკი შენობას ერთის ნაცვლად ორი საყრდენი სვეტი აქვს, შეტაკების შემდეგ ერთი ან ორი სართულის დანგრევის გამო, მთელი შენობა არ ირღვევა. ამასთან, მისივე აზრით, უკეთესად უნდა იქნეს დაცული შენობის ლითონის კარკასის ცეცხლმედეგობა. ვაჭრობის მსოფლიო ცენტრი დაინგრა იმის გამოც, რომ ცეცხლმა დაადნო და დაარბილა ლითონის კარკასი, რასაც მთელი შენობის გარმონივით ჩაშლა მოჰყვა. ფრიშმენი ამასთან საავარიო გასასვლელების სხვა მასალით შენების აუცილებლობაზე ლაპარკობს, ამასთან, ამბობს, რომ სახანძრო დახმარებისთვის უნდა აიგოს საგანგებო ლიფტები, რომელსაც ელექტროდენით საკუთარი მომარაგება ექნება. მან გაიხსენა ნიუ იორკის ამბავი, როცა მეხანძრეებს, აღჭურვილობით, ფეხით უწევდათ ასვლა მე-60 და მე-80 სართულებზე, ამისთვის მზად მყოფი მეხანძრეები იშვიათია, ამბობს ფრიშმენი. [ფრიშმენის ხმა] “სხვა ძალიან სერიოზული პრობლემაა, თუკი არ გვაქვს მეხანძრეთა ლიფტები, როგორ გადავარჩინოთ ინვალიდები? ხალხის 10-15% მოხუცებული, ან ნაწილობრივ ინვალიდია, მათი 80 სართულზე ტარება შეუძლებელია”.
ექსპერტები თვლიან, რომ მაღალი ნაგებობების მშენებლობის ეს ახალი ნორმები საერთაშორისო უნდა გახდეს, მათ თითოეულმა ქვეყანამ კანონის ძალა უნდა მიანიჭოს.

იგივე მორელი ამბობს, რომ მრეწველობას ეს ყველაფერი ძვირი დაუჯდება. მათ, ვისაც ცათამბჯენების მშენებლობისას თავისი მიზანი აქვს, არ შეუშინდება ხარჯს. მათთვის ესტეთიზმი, არქიტექტურაში, ამ შემთხვევაში, აქტუალური არ არის და არ იქნება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG