Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქალაქეთა კავშირის მომავალი ყრილობის შესახებ


დავით პაიჭაძე, თბილისი მოქალაქეთა კავშირის ყრილობამდე ორი დღეღა დარჩა. არათუ ახლა, ყრილობიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგაც ძნელად თუ იტყვი, რამდენად დაეტყობა მისი შედეგები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას.

ყრილობისათვის მზადების ხილული მხარე ბევრი არაფრის მთქმელია; ცნობილია მხოლოდ, რომ პარტიაში ჟვანიას ფრთა და მამალაძის ფრთა ერთმანეთთან ვერ რიგდებიან.

რაც შეეხება კულუარულ ასპექტებს, მათ გასაიდუმლოებას პარტიის წევრები ჯერჯერობით ახერხებენ; უშუალოდ ყრილობის მსვლელობისას შიდაპარტიულ საბრძოლო არსენალს წინასწარ არავინ გამოფენს. და მაინც, თავად პარტიის წევრებს რაოდენ მნიშვნელოვნად უნდა მიაჩნდეთ ყრილობა, მისი მომყოლი ყველა შედეგით, გარეშე თვალისთვის ცოტა გაუგებარია, რატომ არის მოქალაქეთა კავშირის სახელი ჯერ კიდევ ესოდენ ძვირფასი მისი მანდატის მფლობელი პირებისათვის.

“ახალგაზრდობა შემობრუნდა
ბუმერანგივით,
ისევ მეძახის თეთრ ტაძარში
შენი ყრილობა!
მინდა ბავშვივით გადავიხსნა
გულზე პერანგი
და დაგანახო
სიყვარულის ცხელი ჭრილობა!”

საქართველოს კომკავშირისადმი მიძღვნილი ეს სტრიქონები პოეტ რეზო ამაშუკელს საქართველოს მოქკავშირზეც აუხდა, რომლის თავმჯდომარის მოადგილე თავად ბრძანდება: ახალგაზრდობა, უფროს თაობასთან ერთად მოქალაქეთა კავშირის სათავეებთან რომ იდგა, დღეს ერთიანი აღარ არის და უფროსი თაობის საგრძნობ ნაწილსაც უპირისპირდება. საერთოდ კი, მოქალაქეთა კავშირში არ არის თაობათა შორის ბრძოლა. იქ უფრო ინტერესთა ჯგუფების კონფლიქტია.

ერთი რამ იწვევს გაკვირვებას: პარტიის წევრებმა ბევრი გააკეთეს საიმისოდ, რომ თავიანთი რეპუტაციაც და ორგანიზაციის სახელიც ლაფში ამოესვარათ. პოლიტიკაში მოქალაქეთა კავშირის კონკურენტებმა იმდენი ვერაფერი დააკლეს ამ პარტიას, რამდენიც თვითონ მოქკავშირელებმა. რაც დღეს მოქალაქეთა კავშირს ჭირს, იმას იმიჯის შელახვა აღარ ჰქვია. მოქალაქეთა კავშირმა გარკვეულწილად გაიმეორა ის გზა თუ მცდარი ნაბიჯები, რაც მანამდე არსებულმა სახელისუფლო პარტიამ გადადგა. ეგ არის, “მრგვალმა მაგიდამ” ერთი წელი გაძლო ხელისუფლებაში, მოქალაქეთა კავშირის დაშლა კი გაცილებით ნაკლები ინტენსივობით და, რაც მთავარია, უსისხლოდ წარიმართა. რატომ იბრძვიან სახელგატეხილი პარტიის დასანარჩუნებლად სხვადასხვა ჯგუფები, ეს თავად თუ უწყიან. ერთი არგუმენტი პარტიის ქონებაცაა, მაგრამ რა ქონება უშველის თვალსა და ხელს შუა დალეულ პოლიტიკურ რეიტინგს?

გონივრული იქნებოდა, პარტიის წევრებს მოქალაქეთა კავშირის, როგორც პოლიტიკური “ბრენდის” დასაკუთრებისთვის კი არ ებრძოლათ, არამედ გამიჯვნოდნენ ამ სახელს და ეცადათ, ოპონენტებისთვის შეესაღებინათ ის. სახელისუფლო პარტიები – კომპარტია, “მრგვალი მაგიდა” – ჩვენს თვალწინ დაიშალა და ძველი სახელით არც ერთი აღარ დაბრუნებულა პოლიტიკურ ასპარეზზე.

ანალოგიებით მსჯელობა სანდო არ არის, მაგრამ მსგავსი პროცესები განვითარდა პოსტკომუნისტურ რუსეთშიც: “რუსეთის დემოკრატიული არჩევანი”, “რუსეთი ჩვენი სახლია” ხელისუფლების პარტიებად იქმნებოდნენ; დღეს კი ასეთი პარტია არის “ერთობა”, რომელმაც უკვე შეიერთა ასევე სახელისუფლო პარტიის პრეტენზიით ჩამოყალიბებული “მამული” და “სრულიად რუსეთი”. და მაინც, წარსულის გამოცდილების მიუხედავად, მოქალაქეთა კავშირის ყრილობაზე ბევრი, რომ იტყვიან, ტანზე შემოიხევს, რათა პარტიისადმი თავისი ერთგულება დაადასტუროს და თავად პარტიაზეც უფლება დაიტოვოს. ამით დამტკიცდება, რომ ჭეშმარიტი პოეზია, თუნდაც რეზო ამაშუკელის შესრულებით, მარადისობას ეთამაშება.
XS
SM
MD
LG