Accessibility links

logo-print

რა როლი დაეკისრება ავღანეთის სტაბილიზაციის სამხედრო ძალას?


მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა, ოთხშაბათს, მოიწონა რეზოლუციის პროექტი ავღანეთში მრავალეროვანი საერთაშორისო სამხედრო ძალის შეყვანის თაობაზე.

მიმომხილველები ცდილობენ, განჭვრიტონ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ომით განადგურებულ ქვეყანაში უცხოელი ჯარისკაცების ჩასვლას. თვით ავღანელები საერთაშორისო სამხედრო ძალის განთავსების საკითხს სხვადასხვაგვარად აფასებენ.

ავღანეთის დროებითი მთავრობა, რომელიც მოვალეობის შესრულებას შაბათს უნდა შეუდგეს, დათანხმდა ქვეყანაში უცხოეთის მრავალეროვანი სამხედრო ძალის შესვლას. ამ ძალისთვის ოფიციალური სახელწოდება ჯერ არ მოუფიქრებიათ. უფრო ხშირად მას “სტაბილიზაციის ძალას”, ზოგჯერ “უშიშროების ძალასაც” უწოდებენ.

როგორც დროებითი მთავრობის თავდაცვის მინისტრმა, მოჰამად ფაჰიმმა, ასოშიეიტედ პრესის კორესპონდენტს განუცხადა, სამიათასკაციან ჯარს მკაცრად შეზღუდული მანდატი ექნება. ფაჰიმის თქმით, სამხედრო ფუნქციების შესრულება მხოლოდ ათას ჯარისკაცს დაევალება. დანარჩენი ორი ათასის ამოცანა კი, ძირითადად, ჰუმანიტარული დახმარების განაწილებაში მონაწილეობით და სხვა ანალოგიური საქმიანობით იქნება შემოფარგლული.

მეტიც, როგორც ფაჰიმმა თქვა, ავღანეთში უცხოელი ჯარისკაცების ყოფნას მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური ხასიათი ექნება. “აქ ისინი იმიტომ ჩამოდიან, რომ თავად სურთ. თორემ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ჩვენივე საქმეაო”, განაცხადა მოჰამად ჰამიდმა.

მსგავსი მოსაზრება გამოთქვა რეიტერის სააგენტოსთან ინტერვიუში დროებითი მთავრობის თავმჯდომარემ, ჰამიდ კარზაიმ: [ჰამიდ კარზაის ხმა] “მხარეთა შორის სრული თანხმობაა იმის თაობაზე, რომ ავღანეთს უნდა ჰყავდეს ეროვნული არმია, რომელიც მთლიანად დაექვემდებარება თავდაცვის სამინისტროს, და ეროვნული პოლიცია, რომელიც ასევე მთლიანად დაექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინიტროს; “საველე მეთაურობანას” ბოლო უნდა მოეღოს, ავღანეთში წერტილი უნდა დაესვას იარაღის ბატონობას და ავღანელ ხალხს საშუალება უნდა მიეცეს, საკუთარი ბედი თავადვე განსაზღვროს.”

ამავე ინტერვიუში კარზაიმ განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია მთლიანად აკონტროლებს ქვეყანას და მზად არის, დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს სხვა სახელმწიფოებთან. დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად დროებით მთავრობა შეიძლება მართლაც მზად იყოს, მაგრამ კარზაის ადმინისტრაცია ქვეყანას მთლიანად რომ ვერ აკონტროლებს, იმ შეტაკებებითაც აშკარად ჩანს, რომელთა შესახებ წამდაუწუმ იტყობინებიან ავღანეთის სხვადასხვა რაიონიდან.

ერთ-ერთი ასეთი რაიონი აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარე თორა ბორის მთიანეთია. მის უდიდეს ნაწილს, მართალია, უკვე ადგილობრივ პუშტუნთა რაზმები აკონტროლებენ, მაგრამ თალიბანისა და “ალ ყაიდის” მებრძოლები მათ აქა-იქ ჯერ კიდევ უწევენ წინააღმდეგობას. რამდენად რთული ამოცანის წინაშე დგანან ამერიკის სპეცდანიშნულების რაზმები, რომლებიც თორა ბორაში ოსამა ბინ ლადენისა და მისი უახლოესი თანამოაზრეების ძებნას განაგრძობენ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

აი, რა თქვა ამასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გენერალმა პიტერ პეისმა: [პიტერ პეისის ხმა] “თორა ბორის კომპლექსში რამდენიმე ხეობაა. ყოველ მათგანში რამდენიმე ასეული გამოქვაბულია და მათი შემოწმება მეთოდურად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს. და თუ გამოქვაბული დაბომბვის შედეგად ჩამოქცეულია, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა გადაწყვიტო, ღირს თუ არა მისი გაწმენდა და ნახვა, რა არის შიგნით. და თუ გამოქვაბული ჩამოქცეული არ არის, უნდა გადაწყვიტო, ღირს თუ არა მის სიღრმეში შესვლა. ასე რომ, ეს სამუშაო ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ჩატარდეს.”

ამერიკელი გენერლის ეს ნათქვამიც ადასტურებს, რომ მშვიდობამდე ავღანეთს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი.
XS
SM
MD
LG