Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არგენტინაში ეკონომიკამ ხელისუფლება გადაიყოლა


არგენტინის პრეზიდენტი მოსალოდნელზე უფრო სწრაფად შეიქნა იძულებული გადამდგარიყო. ფერნანდო დე ლა რუას მმართველობის ვადის გასვლამდე კიდევ ორი წელიწადი ჰქონდა დარჩენილი.

მაგრამ არეულობამ და დემონსტრაციებმა, რომლებიც ეკონომიკურ უკანსვლას მოჰყვა, მისი გადადგომა გარდაუვალი გახადა. პოლიტიკური კრიზისი სწრაფად მოგვარდებოდა, არგენტინა ყელამდე ჩაფლული რომ არ იყოს ვალებში.

არგენტინის ქალაქებში არეულობას და პოლიციასთან შეტაკებას უკვე მოჰყვა 22 ადამიანის დაღუპვა. რამდენიმე ასtული დაშავდა, ათასობით დააპატიმრეს. პრეზიდეტმა ოთხშაბათს 30 დღით გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რითაც ხალხს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული თავყრილობისა და სიტყვის თავისუფლება ჩამოერთვა. პრეზიდენტის ამ ნაბიჯმა კიდევ უფრო აამხედრა ხალხი და იმავე ღამით ათასობით კაცი გავიდა გარეთ პრეზიდენტის გადაგომის მოთხოვნით.

ჩვენ გვაქვს ჩანაწერი, რა ხდებოდა ბუენოს აირესის ქუჩებში.
[ქუჩაში დემონსტრანტების ხმა]

დედაქალაქის გარდა, გამძვინვარებულმა მასამ 24 პროვინციაში დაარბია და გაძარცვა კერძო, ძირითადად სურსათის მაღაზიები.
თავისი მთავრობის გადარჩენის მიზნით, დე ლა რუა ოთხშაბათ ღამით ტელევიზიით გამოვიდა და ხალხს ბოდიში მოუხადა თავისი ადმინისტაციის მოქმედებით იმედგაცრუების გამო. ამასთან, პრეზიდენტმა მოუწოდა ოპოზიციურ პარტიას “პერონისტებს”, რომლებსაც “სამართლიანობის პარტიასაც” უწოდებენ, გაერთიანებულ ეროვნულ მთავრობაში შესულიყვნენ. მაგრამ “პერონისტებმა” პრეზიდენტის წინადადება არ ამიიღეს, მათ პარამენტში უმრავლესობა აქვთ და შესაბამისად, მომავალში ქვეყნის სადავეების ხელში ჩაგდება პრეზიდენტის გარეშეც შეუძლიათ.

როგორც გითხარით, არგენტინაში არეულობა ეკონომიკურმა უკანსვლამ მოამზადა. ჯერ კიდევ წინა პრეზიდენტმა კარლოს მენემმა შემოიღო არგენტინული პესოს და ამერიკული დოლარის ერთი ერთთან მიმართება. ახლა, როცა არგენტინა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, უუნარო გახდა, თავისი საგარეო ვალის გადახდა განაგრძოს, ოპოზიცია სავალუტო პოლიტიკის სასწრაფო ცვლილებას მოითხოვს. კერძოდ კი, სახელმწიფო ვალუტის გაუფასურებას და ქვეყნის ვალების გადახდის შეწყვეტას. ოპოზიცია გამოდის წინადადებით, რომ სესხები, რომელიც დოლარებშია გაცემული, გადატანილ იქნეს ახალ პესოებში, რაც საერთო ვალს შეამცირებს. ეს საშუალო ფენას სარგებელს მოუტანს, მაგრამ ბანკებს აზარალებს. დანაკარგი ექნებათ აგრეთვე ბიზნესმენებს, ვინც საქონელს დოლარზე ყიდულობს, მაგრამ პესოზე ჰყიდის. და თუკი მომავალში ეკონომიკური კრიზისი ვერ დაძლიეს, არგენტინელი პოლიტიკოსები ხალხს ვერ დააშოშმინებენ.

შეერთებული შტატების ფინანთა მინისტრმა პოლ ონილმა უარი თქვა არგენტინისთვის სწრაფი კრედიტის მიცემაზე. მისი თქმით, ამ ქვეყანამ თვითონ უნდა გამონახოს გზა, გადაიხადოს თავისი ვალი, 132 მილიარდი დოლარი. თეთრმა სახლმა ბუენოს აირესს ურჩია სავალუტო ფონდს მიმართოს. სავალუტო ფონდმა უარყო ბრალდება, რომ არგენტინაში კრიზისი გაამძაფრა რეფორმების მოთხოვნით.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG