Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავთანდილ ჯორბენაძე საქართველოს სახელმწიფო მინისტრია


შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრია.

მას, ისევე როგორც მინისტრად დამტკიცებისას, პარლამენტმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. რაც შეეხება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტზე დასახელებული კანდიდატურის განხილვას, ეს პროცესი თავად ნინო ჩხობაძის თხოვნით გადაიდო.

ნიკო ლეკიშვილის, ვაჟა ლორთქიფანიძის და გიორგი არსენიშვილის შემდეგ, სახელმწიფო მინისტრის სავარძელს ავთანდილ ჯორბენაძე იკავებს. თუმცა, რას გააკეთებს და რას ვერ გააკეთებს ის ამ თანამდებობაზე გადანაცვლებით, მაინცდამაინც აქტუალური შეკითხვა არ არის. ჩვენი ხელისუფლება და საზოგადოებაც შეეჩვია რეალობას, რომელშიც სახელმწიფო მინისტრს თითქმის არაფრის შეცვლა არ შეუძლია, თუმცა, როგორც გვახსოვს, სახელმწიფო მინისტრის ქმედითუნარიანობის მიღწევისთვის, პრეზიდენტმა მისი უფლებების გაფართოვებაზე იზრუნა. ასე იყო თუ ისე, მაშინ, როცა სახელმწიფო მინისტრის პოსტზე, პრეზიდენტმა მისი ერთერთი რწმუნებული - გია არსენიშვილი დაასახელა, რაც საკმაოდ მოულოდნელიც იყო, ჩაითვალა, რომ არსენიშვილს თუ არაფრის შეცვლა მოუწევდა, სახელმწიფო მინისტრობა გარდამავალ პერიოდში მოუხდებოდა და ადრე თუ გვიან მას პრემიერ-მინისტრი ჩაანაცვლებდა.

ასე არ მოხდა. გია არსენიშვილი ავთანდილ ჯორბენაძემ ისევ სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ჩაანაცვლა. არსენიშვილისა არ იყოს, აღნიშნულ თანამდებობაზე ჯორბენაძეც პრეზიდენტის პროგრამის ფარგლებში დადებული დაპირებების გათვალისწინებით დაამტკიცეს. ეს დაპირებები გულისხმობდა ყველაფერს და არაფერს, მოკლებული იყო კონკრეტულობას, იყო ზოგადი, დაახლოებით ასეთი:

[ავთანდილ ჯორბენაძის ხმა] “ეკონომიკური რეფორმები და ეკონომიკის ზრდა არ წარმოადგენს თვითმიზანს, ყოველივე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას და თითოეული მოქალაქის ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდას. სოციალური პრობლემების დაძლევა წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამის საბოლოო მიზანსაც.”

დეპუტატებმა ჯორბენაძის გამოსვლა ერთსულოვნად მოიწონეს. განსაკუთრებით მისი ორგანიზატორული უნარი აღნიშნეს. შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის პოსტზე ჯორბენაძის მუშაობისას, მის საკურატორო სფეროში არსებული პრობლემები რომ არ შემსუბუქებულა, ეს თითქმის არავის გახსენებია. არადა სახელმწიფო მინისტრობამდე ჯორბენაზე ხუთგზის დამტკიცებული მინისტრი იყო.

ავთანდილ ჯორბენაძე დაიბადა 1951 წელს. დამთავრებული აქვს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი, არის ოცდაათამდე სამეცნიერო შრომის ავტორი. ოთხმოცდაათიან წლებამდე, ანუ მანამდე, სანამ მის კარიერაში მნიშვნელოვანი აღმასვლა დაიწყებოდა, მუშაობდა ექიმად. იყო პირველი რესპუბლიკური საავადმყოფოს პარტიული ბიუროს მდივანიც. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან იკავებს სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობას. ავთანდილ ჯორბენაძე წლების მანძილზე იყო ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, მოგვიანებით შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი გახდა. ყველაფერ ამის შემდეგ, ის პარლამენტს და მთელს საზოგადოებას შეჰპირდა, რომ სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ყოფნისას, მთელს ძალისხმევას კორუფციის დაძლევას, კონტრაბანდასთან ბრძოლას, ეკონომიკის ზრდის უზრუნველყოფას, ჩრდილოვანი ეკონომიკის შეზღუდვას, ბიზნესის განვითარებას, სამუშაო ადგილების ზრდას, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ჯანმრთელობის სფეროში არსებული პრობლემების დაძლევას და საზოგადოების გაჯანსაღებას მოახმარს.
XS
SM
MD
LG